Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ზუგდიდში


ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრი
ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად საქართველოში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.2 ივლისიდან, 19 ივლისის ჩათვლით, პედაგოგები სხვადასხვა საგნებში გაივლიან ტესტირებას. მასწავლებლებს, რომლებიც წარმატებულად ჩააბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 75 ლარიდან 200 ლარამდე სახელფასო დანამატს ჰპირდება. ისინი, ვინც ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში მოხვდება, სამინისტროს განმარტებით, ხელფასი 1000 ლარი ექნება. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას ინფორმაციით, სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 495-მა პედაგოგმა გაიარა.
რადიო თავისუფლების კითხვას, გახდა თუ არა სახელფასო დანამატი სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიზეზი, მასწავლებელთა ნაწილი ასე უპასუხებს:

„გამოცდებში მონაწილეობის მოტივაცია ყველასთვის არის ერთი: შევინარჩუნოთ ჩვენი ადგილი და ვიყოთ პედაგოგი. მართალია, პედაგოგი უნდა იყოს კვალიფიციური, მაგრამ მთავარი მაინც არის დავრჩეთ სკოლაში პედაგოგად.“
„მინდოდა ჩამებარებინა და მომეშორებინა ეს გამოცდა.“

აბიტურიენტი არ გამოცხადდა, გვქონდა ასეთი შემთხვევა. დაგვიანება იყო მხოლოდ ერთი, რომელიც არ დაიშვა გამოცდაზე ...
ნანა ქირია

განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ჩალიგავა მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის უმჯობესია ტრენინგებისა და საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება:

„გამოცდები და რაღაც პრობლემის წინაშე მასწავლებლების დაყენება მე არ მიმაჩნია, რომ იყოს მიზანშეწონილი, ეს მასწავლებელზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს და, მეორე, ჩვენ არ ვართ ისე აღზრდილები, რომ ამ ასაკში ეს გავითავისოთ ამ მოკლე დროში.“

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას განცხადებით, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და ერთიანი ეროვნული გამოცდები ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს:

„აბიტურიენტი არ გამოცხადდა, გვქონდა ასეთი შემთხვევა. დაგვიანება იყო მხოლოდ ერთი, რომელიც არ დაიშვა გამოცდაზე, რადგან იყო ხანგრძლივი დაგვიანება. სხვა ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და მიმდინარეობს გამოცდები ნორმალურად.“

მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1400-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. აქედან 5 გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოდის. ნანა ქირიას თქმით, ეს მხოლოდ სავარაუდო ციფრია, რადგან ზუგდიდის რესურსცენტრში აფხაზეთიდან დევნილი სულ 120 აბიტურიენტი დარეგისტრირდა და შესაძლოა საზღვრის გადალახვა უფრო მეტ ახალგაზრდას უწევდეს. მისივე ინფორმაციით, 28 და 29 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 34 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, 495 რეგისტრირებული პედაგოგიდან გუშინ და დღეს პროფესიულ უნარ–ჩვევებში ჩატარებულ გამოცდებზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადებულა.
XS
SM
MD
LG