Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის არჩევნები ზუგდიდში


ზუგდიდი
ზუგდიდი
„ქართული ოცნების“ შტაბის ერთ-ერთი კოორდინატორის განცხადებით, არჩევნების დღეს ზუგდიდში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: მას ორი ავტომანქანა გასულ ღამეს, მიზანმიმართულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუზიანეს.

ვახტანგ ჭანიას ავტომანქანებს დაუდგენელმა პირებმა გასული ღამით შუშები ჩაუმსხვრიეს:

„ამას ვუკავშირებ არჩევნებს. ყოფილმა ხელისუფლებამ ადრე დამიჭირა და ჩამსვა. ახლა კიდევ ეს გამიკეთეს“.

თავის მხრივ, ინციდენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს უარყოფს დავით ბქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში, ლაშა დამენია:
„აბსოლუტური სისულელეა. ოჯახში მდგომი მანქანისთვის მინების ჩამტვრევას რა უნდა მიეცა „ნაციონალური მოძრაობისთვის?!“. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნანა ოყუჯავას შეფასებით, მთლიანობაში, კენჭისყრის პროცესი ქალაქში მშვიდ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

ოლქის 110 უბნიდან 109-ში საარჩევნო პროცესი დილის რვა საათზე დაიწყო.
ამომრჩეველი 10 წუთის დაგვიანებით მიიღეს 83 -ე უბანში. კომისიის თავმჯდომარე ნატო კაკაბაძემ დაგვიანების მიზეზად პროცედურული შეფერხება დაასახელა.

მთელი ღამე არ მიძინია იმის სიხარულით, რომ ხმა მიმეცა ისეთი კანდიდატისთვის, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და ევროპასთან და რუსეთთან ნორმალურ პირობებს შექმნის...
როინ ჯალაღონია
71 წლის როინ ჯალაღონია საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა # 11 უბანზე:

„მთელი ღამე არ მიძინია იმის სიხარულით, რომ ხმა მიმეცა ისეთი კანდიდატისთვის, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და ევროპასთან და რუსეთთან ნორმალურ პირობებს შექმნის“.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული საბერიოდან გადმოვიდა ალიოშა გოგოხია, თუმცა მასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არ ისურვა.

„გვეგონა, რომ დღეს არ გამოგვატარებდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ წამოვედით. ისე, ხალხი არ არის, არ უნდათ წამოსვლა. ზოგს არ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ზოგი ფიქრობს, აზრი არ აქვს - რა აზრი აქვს, ვის მივცემ ხმასო“,- განუცხადა რადიო თავისუფლებას ალიოშა გოგოხიამ ენგურის ხიდთან, სადაც მგზავრთა სიხალვათე შეიმჩნეოდა.

შესაბამისად, კენჭისყრის პროცესში დევნილთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების # 21 უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია.

არჩევნები ფეხბურთის მატჩს ჰგავს, სადაც ორი გუნდი თამაშობს. ერთი გუნდის წარმომადგენელს არ მოეწონება შედეგები, რაც მიიღო, ამოიღებს პისტოლეტს და კლავს ან იჭერს მეორე გუნდის წარმომადგენელს...
მიხეილ სააკაშვილი
საკუთარი არჩევანი ზუგდიდში გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მინისტრი სამოქალაქო რეესტრის ზუგდიდის ოფისში გასულ წელს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა - მაშინ ის ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

„დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები აირჩევენ ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება სავსე პასუხისმგებლობით და ქვეყნის ღირსებას და ქვეყნის ინტერესებს დააყენებს საკუთარი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედად“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

არჩევნების დღეს დაამთხვია დედაქალაქიდან ზუგდიდში ჩამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გასული ღამე სასტუმრო „ანაკლიაში“ გაატარა და ჟურნალისტებთან განცხადება მხოლოდ დღეს, ანაკლიის სანაპიროზე დილის გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ, გააკეთა. მან საარჩევნო პროცესი საფეხბურთო მატჩს შეადარა:

„არჩევნები ფეხბურთის მატჩს ჰგავს, სადაც ორი გუნდი თამაშობს. ერთი გუნდის წარმომადგენელს არ მოეწონება შედეგები, რაც მიიღო, ამოიღებს პისტოლეტს და კლავს ან იჭერს მეორე გუნდის წარმომადგენელს. სწორედ ასე მიმდინარეობდა ჩვენთან საარჩევნო პროცესი“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის თავისუფალი ადამიანია, უყვარს მოგზაურობა და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიის შემდეგაც ხშირად აპირებს ქვეყნის კუთხეების მონახულებას.
XS
SM
MD
LG