Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვამლი ზესტაფონის თავზე


ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხანა
საინიციატივო ჯგუფი ”გადავარჩინოთ ზესტაფონი” ფეროშენადნობთა ქარხანაში გამწოვი ფილტრების დაყენებას ითხოვს. მათ მოთხოვნას ეხმაურება ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრიც”. უკანასკნელ ხანებში ქარხნიდან მავნე ნივთიერებების შემცველი დიდი ოდენობით კვამლის გამოფრქვევა ხდება, რაც, მათი თქმით, საზიანოა როგორც ზოგადად გარემოსთვის, ასევე ჯანმრთელობისათვის. ისინი ლაპარაკობენ იმ შემაშფოთებელ სტატისტიკურ მონაცემებზეც, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სიმსივნური დაავადებების მზარდ რიცხვს ასახავს. 30 აპრილს დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის ფონზე, ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ 26 აპრილს პირობა დადო, რომ უახლოეს დღეეში ქარხანაში ფილტრები დამონტაჟდება.

- ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პროტესტი. გამოვა მოსახლეობა, ბავშვები... ჩამოვლიან ჟურნალისტები, გადაიღებენ, მერე ამას მთელი მსოფლიო ნახავს, რომ აქ რაღაც ხდება. მერე ადგებიან და მიხედავენ ამ საკითხს.
- აი რომ გახედო ხანდახან, სახლებსაც კი ვერ დაინახავ, ისეთი სქელი კვამლია.
- ფეროს კვამლი მე რომ მაწუხებს, ისე ვის აწუხებს? სულ გამურულია ყველაფერი. სუნი საშინელი, განსაკუთრებით ღამით. ალბათ, გამორთავენ ხოლმე იმ ფილტრებს და გვგუდავენ ჩვენ.

მარტო ქარხნის ტერიტორიაზე კი არა, ქალაქის ცენტრშიც კი ვეღარ დაინახავდი ხალხს, ისეთი სიტუაცია იყო ...
შოთა ფერაძე
”გადავარჩინოთ ზესტაფონი” - ასე ჰქვია საინიციატივო ჯგუფს, რომლის წარმომადგენლებიც ზესტაფონისა და მის გარშემო მდებარე სოფლების მოსახელობას იმ მიზნით შეხვდნენ, რომ 30 აპრილს დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. როგორც საინიციატივო ჯგუფში ამბობენ, აპრილის დასაწყისში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან რამდენიმე ზალპური გაშვება განხორციელდა, რითაც სერიოზული ზიანი მიადგა გარემოსა და მთლიანად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ზალპური გაშვება გარემოში მავნე ნივთიერებების ერთჯერადად, დიდი ოდენობით გაფრქვევააო, გვიხსნიან ისინი. მათივე განმარტებით, ქარხანაში არ ფუნქციონირებს აირსაწინააღმდეგო ფილტრები და დაგროვილი მავნე გამონაბოლქვი ღიად გაედინება ჰაერში. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, ქარხნის მთავარმა ინჟინერმა ვასილ გველესიანმა ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით განაცხადა, რომ მოჭარბებული გამონაბოლქვი გამწოვი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

შოთა ფერაძე საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. სწორედ მან გადაიღო ქარხნის გაზგამწმენდებიდან ამოფრქვეული დიდი ოდენობით მუქი კვამლი, რომელიც ქალაქსა და ახლომდებარე სოფლებს ბურუსში ხვევს:

”მარტო ქარხნის ტერიტორიაზე კი არა, ქალაქის ცენტრშიც კი ვეღარ დაინახავდი ხალხს, ისეთი სიტუაცია იყო. განსაკუთრებით თეთრ და შავ მანქანებს სქელი ყვითელი მტვერი ედო”, - ამბობს შოთა ფერაძე.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი
ეკოლოგიური სამართლის ცენტრი
საინიციატოვო ჯგუფის ”გადავარჩინოთ ზესტაფონის” წევრები ირწმუნებიან, რომ, ქარხნის რიგითი თანამშრომლებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ამჟამინდელმა მფლობელმა კომპანიამ ”ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედმა” ქარხანაში შეიტანა ე.წ. მაროკოს მადანი, რომელსაც არ გააჩნია სერტიფიკატი, არის ტყვიის შემცველი და ჯანმრთელობისათვის საზიანო. ”გადაარჩინე ზესტაფონის” წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ძლიერი და ჯანსაღი ზესტაფონის” ხელმძღვანელი მამუკა მახათაძე გვეუბნება, რომ ამ თემაზე ქარხნის თანამშრომლები ღიად საუბარს ერიდებიან:

”ქარხანაში გამოვლინდება პატარ-პატარა ჯგუფები, თითქოს უნდათ, რომ პროტესტი ააგორონ, მაგრამ ადმინისტრაცია მალევე ახშობს ამ სიტუაციას. თვითონ თანამშრომლების პროტესტის საკითხი, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზეა. ამ საკითხზე ყველა დუმს. თუ ვინმე რამეს ხმამაღლა იტყვის, მის მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა. ძალიან გთხოვთ, ყველას გთხოვთ, დაინტერესდით ამ სიტუაციით. სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმეა - აქ ხალხი ცხოვრობს, ბავშვები ცხოვრობენ...”

26 აპრილს დილით საინიციატივო ჯგუფს ქარხნის მფლობელი კომპანიის ”ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედის” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. როგორც მამუკა მახათაძე ამბობს, კომპანიამ მათ მისცა პირობა, რომ შეიძენს აირსაწინააღმდეგო ფილტრებს და მათ 10 მაისამდე დაამონტაჟებს. მეტიც, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელი აქციის შესახებ, ფეროშენადნობთა ქარხნის ღუმელები გაითიშა, გვეუბნება მამუკა მახათაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება:
ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ფეროშენადნობთა ქარხნის ფუნქციონირებას, არ მოვითხოვთ მის დახურვას, ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დამონტაჟდეს აირსაწინააღმდეგო ფილტრები ...
ნიკოლოზ მჟავანაძე

”შეხვედრაზე ქარხნის ხელმძღვანელობამ გვანახა სამოქმედო გეგმა, მათ უკევ დადეს ხელშეკრულებები ფილტრების შემოტანასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით, მგონი, რაღაც შედეგს ვაღწევთ.“

როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, ზესტაფონი უკვე წლებია ეკოლოგიური კატასტროფის ზონად იქცა. ამ მიზეზს უკავშირებენ ისინი მუნიციპალიტეტში გახშირებულ სიმსივნურ დაავადებებს და დასტურად სტატისტიკური მონაცემებიც მოჰყავთ. ყოველწლიურად მატულობს სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი. მხოლოდ 2011 წელს იქ სიმსივნით დაავადების 1133 შემთხვევა დაფიქსირდა.

”ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ფეროშენადნობთა ქარხნის ფუნქციონირებას, არ მოვითხოვთ მის დახურვას, ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დამონტაჟდეს აირსაწინააღმდეგო ფილტრები, რომლებიც გამონაბოლქვის გაწმენდას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც თბილისიდან ეხმაურება ზესტაფონში დაწყებულ კამპანიას ”გადავარჩინოთ ზესტაფონი”.

”თუ ქარხნის მფლობელმა კომპანიამ ეს ღონისძიებები არ განახორციელა, ჩვენ დაწყებული გვაქვს მტკიცებულებების შეგროვება და მათ სასამართლოში შევიტანთ”, - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
XS
SM
MD
LG