Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქტერია


ამფიონმა, ზევსისა და ანტიოპეს ძემ, მხოლოდ ქნარზე დაკვრით შემოავლო თებეს ზღუდე-გალავანი. უფრო ზუსტად, ამფიონის ქნარის ღვთაებრივ სიმთა ჟღერაზე ქვები თავისთავად მიგორავდნენ და ქალაქის კედლებზე ლაგდებოდნენ. ეს ამბავი ბერძნული მითოლოგიიდანაა.

არ მეგონა, ჩვენთანაც თუ ხდებოდა ასე რამეები. მოცემულ შემთხვევაში სამების ტაძარს ვგულისხმობ. „ეს ხელთუქმნელი ტაძარია, თითქოს არც გვიშრომია, თავისით აშენდა“, - ბრძანებს პატრიარქი თავის საკვირაო ქადაგებაში. ამ ლოგიკით, ამფიონსაც თითქმის არ უშრომია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქნარზე უკრავდა, და თებეს გალავანი თავისით აშენდა.

ბევრის წარმოდგენით, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ჯადოსნური ქნარი, რომელიც, საკმარისია, გააქნიოს, რომ მაშინვე სასწაულები მოხდება. ნუ, მთლად ქნარს თუ არა, ივანიშვილი ულიმიტო საკრედიტო ბარათს ნამდვილად ფლობს, რაც უმრავლესობისთვის თითქმის ჯადოსნური ქნარის ტოლფასია. უმრავლესობა კი საქართველოში მრევლია. ჰოდა, პატრიარქიც ზრუნავს თავის მრავალშვილიან ოჯახზე. მისთვის ახალ-ახალი ეკლესიების მშენებლობას ითხოვს. საამისოდ არგუმენტებიც უხვად მოეძევება. „ჩვენი მიწა მორწყულია მორწმუნეთა სისხლით. მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი“, - თქვა მან ცოტა ხნის წინ.

შეიძლება, პატრიარქს ვერიკო ანჯაფარიძის გმირთან აქვს შინაგანი დიალოგი და მისი იდე ფიქსი ყოველი გზის თავსა თუ ბოლოში თითო ტაძრის ჩადგმაა? არაა გამორიცხული. თენგიზ აბულაძის ყველაზე პათეტიკურ და პლაკატურ ფილმში ვერიკო ანჯაფარიძის გმირი ხომ სწორედ ასე კითხულობს: „მაშ, რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიდის?“ ჰოდა, პატრიარქის თაოსნობით, ჩვენთან ეკლესიები ბაქტერიებივით მრავლდება.

პატრიარქი, როგორც რუსები იტყვიან, სიტყვებისთვის ჯიბეში არ მიძვრება. სამაგიეროდ, ფულისთვის მიძვრება ჯიბეში. თანაც სხვის ჯიბეში.

ახლა გასაგებია, რატომ ვკვეცთ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონით და რატომ ვზრდით საპატრიარქოსას ასევე რამდენიმე მილიონით. პატრიარქი ხომ ის ავტორიტეტია, რომლის ყოველი სიტყვა, თუნდაც პარაზიტული, მავნებლური ან სექსისტური, სიბრძნედ საღდება? მისი ნათქვამი, ცოლის მიერ ქმრისთვის ფეხების დაბანასთან დაკავშირებით, ლამის ბიბლიურ დოგმად არ გასაღდა?

დაბოლოს, ნუთუ იმდენად ცოდვილები ვართ, რომ არსებული ეკლესიების რაოდენობა არ გვყოფნის და ამიტომაც ვაშენებთ ყოველდღე ახალს? ასეთი რა ეშმაკი შეგვიჯდა? უკაცრავად ამ პათეტიკური შეკითხვისთვის. მით უფრო, რომ ეშმაკი კი არა, ჩემი აზრით, პატრიარქი შეგვიჯდა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG