Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალბერის პასუხი


ჰერბერტ ზალბერი
ჰერბერტ ზალბერი

19 მაისს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მისი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ზალბერმა სწორედ ცხინვალში სტუმრობისას მიულოცა გაპრეზიდენტება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, რასაც თბილისში საკმაოდ მწვავე კრიტიკა, ხოლო ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დამატებითი ახსნა-განმარტებები მოჰყვა. საგარეო უწყებაში მისულ ზალბერს არ განუმარტავს რატომ გადაწყვიტა მიელოცა ბიბილოვისათვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვება. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სამშვიდობო პოლიტიკას.

ზალბერის პასუხი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00
გადმოწერა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს 19 მაისს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე - რატომ მიულოცა ე.წ. არჩევნებში გამარჯვება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ მან, ფაქტობრივად, გაიმეორა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის, სიტყვები, რომ „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“;

ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირი არ ცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს ჩატარებულ არჩევნებს.

ეს არ არის აღიარების მცდელობა. ეს არის ის რეპლიკა, რომელმაც, რა თქმა უნდა, ცუდად გაიჟღერა, მაგრამ ეს არანაირად არ მიუთითებს ევროკავშირის პოზიციის ცვლილებაზე...
ნატალია საბანაძე

თუმცა, როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ქართულ მხარეს არ დაუმალავს ის კრიტიკული პოზიცია, რაც ზალბერის მილოცვამ გამოიწვია.

გავიხსენოთ, რომ საგარეო უწყებაში სწორედ ამ ამბის გამო დაიბარეს რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანიც, რომელმაც მინისტრის მაოდგილე დავით დონდუასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 9 აპრილს ცხინვალში ჩატარებული ე. წ. არჩევნების შედეგებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ისიც ეწერა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, და რომ სწორედ ეს პრინციპებია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და მანდატის საფუძველი.

მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს არის გარკვეული თვალსაზრისით შედეგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასერიოზული დამოკიდებულებისა ზოგადად ჟენევის ფორმატის მიმართ...
გიორგი კანდელაკი

ჰერბერტ ზალბერის სიტყვებს „დაუფიქრებელ რეპლიკად“ და არა ევროკავშირის პოზიციის გამომხატველ სიტყვებად მიიჩნევს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა:

„ეს არ არის აღიარების მცდელობა. ეს არის ის რეპლიკა, რომელმაც, რა თქმა უნდა, ცუდად გაიჟღერა, მაგრამ ეს არანაირად არ მიუთითებს ევროკავშირის პოზიციის ცვლილებაზე“.

„აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა ზალბერის სიტყვებს ვიცე- პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც და დაამატა, რომ ამ ამბავს „მკაცრი ნაბიჯები“ მოჰყვება.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კონკრეტული დიპლომატის განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა პასუხისმგებლობას ასეთ განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

„მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს არის გარკვეული თვალსაზრისით შედეგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არასერიოზული დამოკიდებულებისა ზოგადად ჟენევის ფორმატის მიმართ“, ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

კრიტიკის მიღმა ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ექსპერტულ წრეებშიც გაჩნდა, არის ის, თუ რამდენად მიზანმიმართული იყო და რას ემსახურებოდა ჰერბერტ ზალბერის ეს მილოცვა ბიბილოვის მიმართ. ყველა თანხმდება აზრზე, რომ თავად ეს ფაქტი არ შეესაბამება დიპლომატიურ პრინციპებს. „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზალბერის სიტყვები, მიუხედავად ევროკავშირის სტრუქტურებიდან გამოხმაურებებისა, მაინც შემაშფოთებლად ჟღერდა:

„მიუხედავად ფედერიკა მოგერინის განცხადებისა და, ზოგადად, ევროკავშირის პოზიციისა, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი იყო ჩემთვის ამ განცხადების მოსმენა ზალბერის მხრიდან, ასეთი მაღალი დონის დიპლომატისგან, რადგან შემთხვევით ასეთი რამეები არ ხდება. თან ეს იმ ფონზე, როდესაც არათუ ასეთი მილოცვა, არამედ „სელფის“ გადაღებაც კი ზოგიერთი დე ფაქტო თანამდებობის პირის მხრიდან მაღალი დონის საერთაშორისო მოხელეებთან დიდ გამარჯვებასთან არის გაიგივებული. სულაც არ არის გასაკვირი, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ზალბერის მილოცვასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. თუმცა რეალურად რას ემსახურებოდა ეს სიტყვები, რა დგას მათ უკან, იმედია, მალე გაირკვევა და ინციდენტიც ამოიწურება პრობლემის გაღრმავების გარეშე“.

რა მოჰყვება ზალბერის ამ რეპლიკას, რა პასუხს მოსთხოვენ მას ან გააგრძელებს თუ არა თავისი მანდატით მუშაობას, ეს ჯერჯერობით, ცხადია, ცნობილი არ არის, თუმცა საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც არა მარტო ქართულ ინტერესს დაუპირისპირდა, არამედ ევროკავშირის მიერ დადგენილ პრინციპებსაც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG