Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით აღაშფოთა თბილისი და რით გაახარა ცხინვალის რეჟიმი ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

თბილისი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, გაპრეზიდენტება მიულოცა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ, ჰერბერტ ზალბერმა. ეს 16 მაისს ცხინვალში მოხდა, როცა ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები, მორიგი რაუნდისთვის მზადების პროცესში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტსაც შეხვდნენ. 17 მაისს კი ზელბერის ქმედების გამო თავის მართლება თბილისში მოუწია

ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს, როცა ის საგანგებოდ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იანოშ ჰერმანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 9 აპრილს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დიდი შეცდომა თუ დიპლომატიური თავაზიანობის ჟესტი? რამდენად მკაცრი უნდა იყოს ქართული მხარის რეაქცია ჰერბერტ ზალბერის ქმედებაზე?

16 მაისს, როცა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ცხინვალში ადგილობრივ ლიდერებს ხვდებოდნენ, შედგა შეხვედრა ანატოლი ბიბილოვთანაც. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ჟენევის პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვამდე საჭიროდ ჩათვალა, რომ მისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა:

ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან...
დავით დონდუა

„პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ იმ არჩევნების შედეგები, რომლებიც აქ ახლახან გაიმართა და მოგილოცოთ, რომ დაიკავეთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც თქვენ ახლა გაქვთ“.

გერმანელი დიპლომატის ამ სიტყვებს დიდი გამოხმაურება და კმაყოფილება მოჰყვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რადგანაც ბიბილოვისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა აღქმულ იქნა 9 აპრილს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებად და, შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის ხაზგასმად.

ჰერბერტ ზალბერის სიტყვები საკმაოდ მოულოდნელი უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ქართული მხარისთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა თავის დროზე ევროკავშირმა ერთ-ერთმა პირველმა დაგმო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და, შესაბამისად, უკანონოდ იქნა მიჩნეული შედეგებიც. 17 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა. საგარეო უწყება თვლის, რომ ჰერბერტ ზალბერმა არა მხოლოდ საქართველოს ინტერესები უგულებელყო, არამედ ის საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმებულ მტკიცე პოზიციასაც დაუპირისპირდა:

„ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან“.

ჰერბერტ ზალბერის მაგივრად კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებია საგარეო უწყებაში მისულ ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს, თუმცა მან საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ განემარტა ევროკავშირის პოზიცია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ე. წ. არჩევნებსა და საქართველოს ინტერესებთან მიმართებით:

„მსურს გარკვევით გავიმეორო, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ჩატარდა ე. წ. არჩევნები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, და როდესაც არ ვაღიარებთ ჩარჩოებს, შესაბამისად, არც შედეგებს ვაღიარებთ... რასაც ჩვენ ნამდვილად ვაღიარებთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“.

საგარეო უწყების გარდა, ბრიუსელისგან დამატებით ახსნა-განმარტებებს საქართველოში ბევრი მოითხოვს და, მათ შორის, პოლიტიკოსებიც - სახელისუფლო თუ ოპოზიციური ფლანგიდან. შეიძლება ითქვას, რომ ჰერბერტ ზალბერის სვლის გამო აღშფოთების ტალღამ ძალიან ბევრს გადაუარა, მაგრამ ეს სხვადასხვა სიმწვავის ემოციებით გამოიხატა. მაგალითად, თუკი დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საჭიროდ თვლის გერმანელი დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ქართული მხარისგან „უმწვავეს რეაგირებას“ მოითხოვს და ყველაფერს მოქმედი ხელისუფლების სუსტი საგარეო პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ჰერბერტ ზალბერს ბიბილოვისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა, უბრალოდ, „წაცდა ან იფიქრა, რომ ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევის პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს“. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ვოლსკის აზრით, ზალბერმა „ძირეული შეცდომა“ დაუშვა და ასეთი ქმედება მკვეთრად უპირისპირდება ევროკავშირის პოზიციას.

გიორგი ბადრიძე
გიორგი ბადრიძე

„ეს არის შეცდომა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ეს არ არის დიპლომატიური ჟესტი და თავაზიანობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ. ის ფიქრობს, რომ ფაქტს უნდა მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან და სწორედ ამისკენ იყო მიმართული საგარეო უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯიც:

„საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული ბატონი იანოშ ჰერმანი - მას მოსთხოვეს განმარტება და ეჭვი არ მეპარება, მიუთითეს, რომ მიუღებელია ამგვარი განცხადებების გაკეთება ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, რადგან ეს უკვე არის გამოყენებული პროპაგანდისტული მიზნებით ცხინვალშიც და, შესაძლოა, მოსკოვშიც... აუცილებელია პრინციპული რეაქცია. უნდა მოეთხოვოს ევროკავშირს, რომ თავის წარმომადგენლებს სრულიად კონკრეტული მითითება ჰქონდეთ“.

პრინციპულობასთან ერთად, გიორგი ბადრიძე ქართულ მხარეს ზომიერების დაცვასაც ურჩევს, რადგანაც ზედმეტმა რეაქციებმა, მისი აზრით, შესაძლოა, შექმნას ისეთი სურათი, რომელსაც იოლად გამოიყენებენ ანტიევროპული ძალები საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

თუმცა ეს არ არის პირველი ხმაურიანი შემთხვევა, რომელიც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს უკავშირდება. 2014 წლის დასაწყისში შეკითხვები გაჩნდა ფრანგი დიპლომატის, ფილიპ ლეფორის, მიმართაც და, კერძოდ, იმის გამო, რომ მან ცხინვალში, სავარაუდოდ, საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამო განცხადება გააკეთა. თბილისი მაშინაც აღშფოთდა და რადგანაც ფრანგი დიპლომატის შემდგომი განმარტებები არასათანადოდ ”მკაფიოდ” მიიჩნია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ამბავი ბრიუსელსაც შეატყობინა. თუმცა ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა ფილიპ ლეფორი პოსტს ისედაც ტოვებდა და დღის წესრიგში აღარ დამდგარა მისი გადაყენების საკითხი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG