Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიცაში მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას, სულ ცოტა, 84 ადამიანი შეეწირა


სატვირთო მანქანა, რომლითაც ნიცაში ტერორისტული აქტი განახორციელეს
სატვირთო მანქანა, რომლითაც ნიცაში ტერორისტული აქტი განახორციელეს

ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში გუშინ საღამოს მომხდარი თავდასხმის შედეგად. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასზე მეტი დაშავებულიდან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

14 ივლისს, საღამოს, სატვირთო ავტომანქანა მთელი სისწრაფით შევარდა სანაპიროზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის სანახავად. სატვირთო ავტომანქანამ დიდი სისწრაფით გაიარა ხალხით სავსე, დაახლოებით ორკილომეტრიანი მონაკვეთი. ავტომანქანაში, რომლის მძღოლი პოლიციელებმა მოკლეს, აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი. ფრანს პრესის სააგენტო თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მანქანაში ნაპოვნია ნიცის მცხოვრების, წარმოშობით ტუნისელის დოკუმენტები.

ნიცაში მომხდარი თავდასხმა „ტერაქტად“ შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. გვიან ღამით მან ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას და განაცხადა, რომ ქვეყანა ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშეა. ოლანდმა თანამემამულეებს სიმტკიცისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა და გამოაცხადა, რომ საფრანგეთში კიდევ სამი თვით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შარშან ნოემბერში, პარიზში მოწყობილი თავდასხმების შემდეგ გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 26 ივლისს იწურებოდა.

ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამო საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის. როგორც ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ, დღეს დილით, რადიო თავისუფლებას უთხრა, ქართველები არ არიან „არც დაშავებულთა და არც მსხვერპლთა შორის“. თუმცა, იქვე ელჩმა დასძინა, რომ რადგან ჯერჯერობით ყველა დაღუპული არ არის ამოცნობილი, „ჯერ ბოლომდე დამშვიდებული ამ თვალსაზრისით არ ვართ.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობისა და ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის მთავრობას.

„შემაძრწუნებელია ტრაგედია ქალაქ ნიცაში, სადაც წარმოუდგენელ სისასტიკეს ემსხვერპლა უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე“ − ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. საფრანგეთში მომხდარ თავდასხმას კვირიკაშვილმა უწოდა „უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის“. „მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას. დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის აღების დღეს უკავშირდება, და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“ − ვკითხულობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო „როგორც ჩანს, შემაძრწუნებელი ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ ამერიკა „თავისი უძველესი მოკავშირის, საფრანგეთის“ გვერდით დგას.

გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმობილია „ბარბაროსული და მხდალი ტერორისტული თავდასხმა“, რომელსაც უშიშროების საბჭო „დანაშაულებრივს“ უწოდებს.

ტერორისტული აქტი ასევე დაგმეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა.

XS
SM
MD
LG