Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელთა გაფიცვისა და ახალი პარლამენტის პირველი სხდომის კვირა


საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა
გაფიცული მაღაროელები, თელასის ყოფილი თანამშრომლების საპროტესტო აქცია, ძველი მფლობელისათვის დაბრუნებული ტელეკომპანია ”იმედი”, მინისტრობის ახალი კანდიდატები და ახალი პარლამენტის პირველი სხდომა - ასეთი იყო გასული კვირის მთავარი მოვლენები საქართველოში.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასულ კვირაში, თბილისს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ. ევროკავშირისა და ნატოს მაღალჩინოსნები საქართველოს თანადგომისა და ერთგულების დაპირებებს აძლევენ. ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდტი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბრის დილიდან შეხვედრებს მართავდნენ როგორც მომავალი ხელისუფლების, ასევე ჯერ კიდევ მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან, შეხვედრების შედეგები კი ჟურნალისტებისათვის ორი პრესკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი. უცხოელი მაღალჩინოსნები საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, შეიძლება ითქვას, ერთხმად ულოცავენ და ახალ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობისათვის მზადყოფნას ადასტურებენ.

”ჩვენ ყველას გვესმის, რომ თანაცხოვრება შეიძლება იყოს რთული. დღეს უკვე ვესაუბრე ბატონ ივანიშვილს და ვისაუბრებ საქართველოს პრეზიდენტთანაც. გზა, თუ როგორ მოახერხებენ ისინი ერთად მუშაობას, იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით”, - ამბობს შტეფან ფიულე.

ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის სიტყვებით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო გახდა ნორმალური ქვეყანა - ქვეყანა, სადაც ხელისუფლება შეიცვალა საარჩევნო ყუთებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ნატოს? ჯეიმს აპატურაის ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

”არჩევნები იყო და არის მნიშვნელოვანი ტესტი ქვეყნისთვის. ამ ტესტის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია. თუმცა ეს პროცესი არ დასრულებულა. ახლა გადაბარების პერიოდი დგას. ეს ის საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს ფრთხილად, ურთიერთპატივისცემით და კონსტიტუციის ფარგლებში და ეს ასეც ხდება. თუმცა ჩვენ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ყურადღებით დავაკვირდებით როგორ მიმდინარეობს გადაბარების პროცესი. ალიანსი სურვილს გამოთქვამს, რომ ესაუბროს ახალ მთავრობას, გაიგოს, რა არის მათი პრიორიტეტები. მაგრამ უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს აუცილებლად მიიყვანს ნატოსთან და, საბოლოოდ, გააწევრიანებს ნატოში.”

უკვე ერთი კვირაა ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3700 თანამშრომელი კვლავ უარს ამბობს მუშაობის დაწყებაზე, 10 მაღაროელი კი პატარიძის სახელობის მაღაროში მჯდომარე აქციას განაგრძობს. მაღაროელებმა შეადგინეს იმ ხელმძღვანელ პირთა სია, რომლებიც, მათი თქმით, წლების განმავლობაში ავიწროებდნენ, და ამ სიაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ, მაღაროელებთან გააქტიურებული კომუნიკაციის შედეგად, გაფიცული თანამშრომლები მალე დაუბრუნდებიან სამუშაოს.

მაღაროელების გაფიცვა ხელფასის მომატების საკითხზე შეუთანხმებლობამ განაპირობა, თუმცა, ითხვისის მაღაროს ელდეპოს ზეინკლის გოჩა ქვათაძის სიტყვებით, 18 ოქტომბერს, ღამით, ”ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ვლადისლავ ლოზინსკისა და მაღაროელების გასაუბრების შემდეგ, გაჩნდა დაპირება, რომ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და ტექნიკური აღჭურვილობა:

მაღარო
მაღარო
” შეგვპირდნენ, ყველაფერს გავაკეთებთო. ნაყიდია ტექნიკა და შემოვა ერთ თვეშიო, გვეუბნებიან. უბრალოდ, ჩვენი პირველი მოთხოვნა რაც იყო, ხელფასების გაზრდა, ამაზე არ წამოსულან და არ დაგვთანხმდნენ. წუხელ ლოზინსკი როგორც კი შემოვიდა, პირდაპირ თქვა, 10%-ო. არც ის 25% უხსენებია, რომ მოგიხსნით პრემიაზე და პირდაპირ სატარიფოზე დაგისვამთო, ისიც აღარ უთქვამს. 10% თქვა, პირდაპირ. მე მეტი არ შემიძლია, რომ მოგიმატოთ ხელფასიო.”

მაღაროელები, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ. ამ დროისთვის ჭიათურაში პარალიზებულია ”ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი ყველა საწარმოს მუშაობა. საწარმოთა 3700 თანამშრომელი გაფიცულია.

კვირის ბოლოს ცნობილი გახდა ისიც, რომ ქვიშხეთში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა შეაჩერა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ 24 საათის განმავლობაში ხდება აფეთქებები, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაშრა სასმელი წყალი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამშენებლო კომპანიას წაუყენეს ულტიმატუმი, თუ ერთი კვირის განმავლობაში სამუშაოები ალტერნატიული მეთოდით არ გაგრძელდება, სარკინიგზო და ცენტრალურ მაგისტრალებს გადავკეტავთო.

ამ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ”იმედი” პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. მას ამიერიდან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დააფინანსებს და თავად განსაზღვრავს არხის პოლიტიკას. 17 ოქტომბერს ტელევიზიაში მისულმა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ, ინა გუდავაძემ, თქვა, რომ ”იმედში” დღეიდან ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა პატარკაციშვილის ოჯახის უპირველესი ამოცანა ტელეკომპანიისათვის ობიექტურის სახელის დაბრუნება იქნება:

”ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი არ არის მხოლოდ სიტყვები. შევეცდებით ვიყოთ ობიექტურები - კეთილი განწყობით, მაგრამ ძალიან სერიოზულები. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ის ხალხი, ვინც გრძნობს, რომ არ იქცეოდა სწორად, ალბათ, თავად მიხვდება... დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ცოტა დრო მოგვეცით, დღევანდელი დღე ჩვენი ოჯახისათვის ძალიან ემოციურია.”

პროტესტი ტელეკომპანია "პიკის" ეთერში
პროტესტი ტელეკომპანია "პიკის" ეთერში
გასულ კვირაში მაუწყებლობა შეაჩერა ტელეკომპანია "პიკმა“."პიკის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” "პიკთან" ხელშეკრულება გააუქმა, რის გამოც "პიკის" მაუწყებლობა გაჩერდა. "პიკის" თანამშრომლების განცხადებით, 400 პროფესიონალი ადამიანი უსამსახუროდ რჩება, ასევე ირღვევა იმ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ინფორმაციას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ სწორედ "პიკისგან", საქართველოში ამ ერთადერთი რუსულენოვანი ტელეკომპანიისგან, იღებენ.

„პიკის“ თანამშრომლები აპროტესტებენ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაწყვეტილებას და ეთერში დაბრუნებას ითხოვენ.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კი, თავის მხრივ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

”მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ტელეკომპანია "პიკის" თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი, ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები.“

17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, თავის მხრივ, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად, ათი დღის ვადაში უნდა მოამზადოს პროგრამა და პრეზიდენტს წარუდგინოს მთავრობის სრული შემადგენლობა.

17 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სახელით, შესაბამისი განცხადება მისმა პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა:

„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული იქნა 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. კონსტიტუციის ამავე მუხლის შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატს აქვს 10 დღიანი ვადა, რათა მოხდეს მთავრობის სრული შემადგენლობის წარმოდგენა და მისი წარდგენა ახლად არჩეულ პარლამენტში ნდობის მისაღებად.“

მინისტრობის კანდიდატები
მინისტრობის კანდიდატები
ერთი დღით ადრე კი, 16 ოქტომბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მომავალი მთავრობის სრული შემადგენლობა გააცნო. დასახელდა ლტოლვილთა და განსახლების, განათლების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელთა კანდიდატურები. ამასთან, მომავალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიცვალნენ ჯანდაცვისა და რეგიონალური განვითარების მინისტრობის კანდიდატები.

ლტოლვითა და განსახლების მინისტრობის კანდიდატია დავით დარახველიძე, შევარდნაძის დროს პრეზიდენტის რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში; ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - "ქართუ ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაშვილი; ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა და ის საჩხერის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, დავით სერგიენკოს, კანდიდატურით შეიცვალა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. დაფუძნდება ასევე განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში. გარემოს დაცვის სამინისტროს ხათუნა გოგალაძე ჩაიბარებს. ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძე, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადურია დასახელებული.

მომავალი მთავრობის სრული შემადგენლობის წარმოდგენის შემდეგ ექსპერტთა ნაწილს კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს. მთავრობის წევრთა წარდგენისას თავად ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კადრების შერჩევისას უპირატესობას სუფთა წარსულსა და რეპუტაციას ანიჭებს. ეკონომისტ დემურ გიორხელიძის თქმით, სკეპტიციზმის გარკვეული საფუძველი მართლაც არსებობს, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ახალი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება.

„რა თქმა უნდა, კრიტიკულად რომ მივუდგეთ, გარკვეული პრობლემები მთავრობის შემადგენლობაში არის და ის დიდი ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მთავრობას მოუწევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, შეძლებენ თუ არა ეს ადამიანები ამის გაკეთებას. ეს ყველაფერი მესმის. იდეალური ამქვეყნად არაფერია, მაგრამ მთავარი შედეგია და მოდით, ამ შედეგს დაველოდოთ“, უთხრა დემურ გიორხელიძემ რადიო თავისუფლებას.

კვირის ბოლოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი
საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661-მა ამომრჩეველმა. აქედან ბათილად იქნა მიჩნეული 62 874 ბიულეტენი.

საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა 54,97%-ის, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 40,34%-ის მხარდაჭერა.

რაც შეეხება მანდატებს, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 85 დეპუტატი ეყოლება. მათ შორის, პროპორციული სისტემით 44 მანდატს აიღებს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 41 მანდატს. 65 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, პროპორციული სისტემით - 33, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 32 მანდატი. შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა და ცესკოს კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ.

ამ შემადგენლობის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს 13.00 საათზე გაიხსნა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG