Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ფაულზის „კოლექციონერი“


გამომცემლობა „დიოგენემ“ თავის სერიაში ჯონ ფაულზის პირველი რომანი - „კოლექციონერი“ - გამოსცა. გია ბერაძის მიერ გადმოქართულებული ეს რომანი დიდი ინგლისელი მწერლის ქართული ბიბლიოგრაფიის პირველი წიგნია, თუ არ ჩავთვლით „საუნჯეში“ 1989 წელს გამოქვეყნებულ ერთ მოთხრობას და ფრაგმენტებს ფაულზის დღიურებიდან, რომელიც 2009-ში გამოვაქვეყნეთ „ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში“.

ამ რომანის გამოსვლიდან წელს 50 წელი შესრულდა. თავის დროზე იგი ბესტსელერების სიაშიც მოხვდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ცუდი პრესა ჰქონდა და რამდენიმე კრიტიკოსმა დაბალი შეფასება მისცა დებიუტს. ამის მიუხედავად, 1965 წელს რეჟისორმა უილიამ უაილერმა „კოლექციონერის“ მიხედვით ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ტერენს სტემპი თამაშობდა, 60-იანების ბოლოს კი ლონდონის სცენაზე დაიდგა სპექტაკლი, იქ მეორე მთავარი გმირის როლს მერიან ფეითფული განასახიერებდა.

„კოლექციონერი“ უცნაური რომანია, იგი განსხვავდება ჯონ ფაულზის სხვა რომანებისგან და რაღაც ნიშნით საკულტო რომანიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პოპ-კულტურაში. წიგნს არაერთ ფილმსა თუ რომანში ახსენებენ, მასზე სიმღერებიც კი დაიწერა და, როგორც ირკვევა, ამ რომანმა რამდენიმე სერიული მკვლელიც შთააგონა. „კოლექციონერი“ ჯონ ფაულზმა ერთ თვეში დაწერა. იგი თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, თუმცა იქვე დასძენს, ახალგაზრდა მწერლისთვის მისწრებაა ასეთ დაძაბულ, სტრესულ პირობებში მუშაობაო. რომანი ცივსისხლიანი გამოვიდა, ინგლისურ ყაიდაზე, ლაკონიური, ზედმეტი გადახვევების გარეშე, დაუნდობელი ფინალით.

რომანის მოკლე შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა კლერკი ფრედერიკ კლეგი, რომელიც პეპლების ჭერითაა გატაცებული, ტოტალიზატორში დიდძალ თანხას იგებს, ყიდულობს მიტოვებულ ძველ სახლს და თავისი ოცნების აღსრულებას იწყებს. ოცნების საგანი კი ახალგაზრდა მხატვარი მირანდა გრეია, რომელსაც იგი იტაცებს და სახლის ღრმა სარდაფში ამწყვდევს. რომანი სწორედ ამ ტყვეობას აღწერს, ჯერ გამტაცებლის, შემდეგ კი მსხვერპლის თვალით დანახულს. წიგნზე კომენტარის გაკეთება ახალგაზრდა ლიტერატორს, მაშო სამადაშვილს ვთხოვე და მან არ დამალა, რომ ამ ტრაგიკული ტყვეობის ისტორიამ მასზე ძალიან იმოქმედა:

“მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ვცდილობ ბევრი ვიკითხო, ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე წიგნს ძალიან დიდი ხანია არ მოუხდენია, იმიტომ რომ ორი კვირის მანძილზე (ახლახან წავიკითხე, 2-3 თვის წინ) ქუჩაში მარტო ვერ გავდიოდი ღამე, ძალიან მეშინოდა. ეს კლეგი თითქოს სულ თან მდევდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს გოგო ზუსტად ჩემი ხნისაა, მეც სტუდენტი ვარ, მეც მყავს უფროსი მეგობარი, როგორც მას, გარშემო კურსელები და ა.შ. მოკლედ, რაღაცნაირად მეგონა, თითქოს ჩემზე იყო ეს წიგნი და ძალიან იმოქმედა”.

პირველი, რაც ამ რომანის დასრულების შემდეგ ჩნდება, ალბათ, უსამართლობის გრძნობაა, შემდეგ სიტუაციის აბსურდულობაზეც დაფიქრდები და, ბოლოს, შეიძლება იმასაც მიხვდე, რომ ეს წიგნი ურთიერთობის შეუძლებლობაზეა, ადამიანების სრულ გაუმტარობაზე, ცოტა ირონიითაც რომ ვთქვათ, ხიდჩატეხილობაზე.

ეს არის შეჯახება ორი - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული - სამყაროსი, სადაც შეუძლებელია გაგება, გაზიარება, გაერთიანება. მათ აბსოლუტურად არ ესმით ერთმანეთის. მირანდას ყოველი ნაბიჯი უპასუხოდ რჩება მისი დამტყვევებლის მხრიდან – იგი ცდილობს შეაცდინოს კლეგი, ხან ეჩხუბება, ხან იბუტება, ხან ხვეწნა-მუდარას მიმართავს, თუმცა ყველაფერ ამაზე ძალიან არაადეკვატური პასუხი აქვს კლეგს, რომელიც, თავის მხრივ, ისეთ ფიქრებშია გართული და ისეთ გეგმებს ატრიალებს, რომელსაც ვერასდროს გაიგებს მირანდა. რაღაც მომენტებში ისინი აცნობიერებენ, რომ არ ესმით ერთმანეთის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, პირიქით, მთელი დაძაბულობა სწორედ ამ შეუძლებლობაზე დგას. ერთი-ორჯერ მირანდა თავის მდგომარეობას ჯოჯოხეთს ადარებს. უცებ გახსენდება ფაულზის განსაკუთრებული დამოკიდებულება სარტრისადმი და თავისით მოდის სიტყვები სარტრის „ცხრაკლიტულიდან“: „ჯოჯოხეთი სხვებია“.

ძალიან ეგზისტენციალისტურ განსჯებში რომ არ გადავიჭრა, ჯონ ფაულზის მომდევნო წიგნის, „არისტოსის“ წინასიტყვაობას დავიმოწმებ, სადაც, შეიძლება ითქვას, „კოლექციონერის“ გასაღები ინახება. აქ იგი კარლ პოპერის „ღია საზოგადოებიდან“ იმოწმებს იმ მონაკვეთს, სადაც პოპერი ჰერაკლიტეს ცნობილ ფრაგმენტზე ლაპარაკობს. აი, ეს ფრაგმენტი, ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი: „როგორია მათი გონება, ანუ სული? მალემრწმენნი, ისინი ბრმად ენდობიან სახალხო მგოსნებს, ხოლო მათი მოძღვარია უსახო ბრბო, რადგან არ იციან, რომ ბევრნი ცუდნი და უკეთურნი არიან, მცირედნი კი – კეთილნი და კარგნი“. ამ ფრაგმენტის გამო პოპერი ჰერაკლიტეს თანამედროვე ტოტალიტარიზმის წინაპრად აცხადებს, ჯონ ფაულზი კი თავის წინასიტყვაობაში საკმაოდ საინტერესოდ ხსნის ჰერაკლიტეს ამ ელიტისტურ მოსაზრებას. იგი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, უმთავრესი გარღვევები კაცობრიობის ისტორიაში ერთეულების, ყველაზე გამორჩეული ადამიანების დამსახურებაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იდიოტიზმი იქნებოდა სამყარო ორ ნაწილად გაგვეყო – რჩეულ უმცირესობად და საძულველ უმრავლესობად. იგი დასძენს, მთავარია რჩეულ უმცირესობასა და არაფრით გამორჩეულ უმრავლესობას შორის ზღვარი არა ადამიანებს შორის, არამედ თავად ადამიანში გადიოდესო. სხვათა შორის, საბრალო მირანდაც გულისტკივილით და საკუთარი თვითკმაყოფილების სრული გაცნობიერებით აღნიშნავს, თუ როგორი აღმატებულია იგი თავის გამტაცებელზე. კლეგს ძალიან ვიწრო სამყარო აქვს, მირანდა კი, შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, აქტივისტია, ისრუტავს ყველაფერ ახალს. კლეგი ცხოველივით ნაივურია, მირანდა კი ამაყი, ჭკვიანი გოგოა. ასეთი გოგოს 4 კედელში ჩაკეტვა უკვე ძლიერი თემაა, გნებავთ, სერიოზული მწერლური ექსპერიმენტიცაა. მისი მოტაცებით კლეგმა იგი ყველაფერ მნიშვნელოვანს და საინტერესოს მოსწყვიტა - იმას, რასაც იგი თავის ენერგიას დაახარჯავდა:

“ზუსტად ეგ არის, ეგეც ძალიან ემთხვევა ჩვენს მდგომარეობას, იმიტომ რომ მეც და ჩემი თანატოლებიც ვცდილობთ რაღაცის გაპროტესტებას, ვცდილობთ რაღაცის შეცვლას. ზუსტად იმ პერიოდში სულ რაღაცას ვაპროტესტებდით, სულ აქციები მიდიოდა... რა თქმა უნდა, ეს გოგო არის მოქალაქე, მოაზროვნე და ეს განასხვავებს ამ ორ ადამიანს. ის არის მონსტრი, რომელსაც იდე ფიქსი აქვს, რომ უნდა ეს გოგო და ყველა გზას მიმართავს მის მოსაპოვებლად, რაც ფატალურად მთავრდება და ის კი არის გოგო, რომელიც აზროვნებს, აანალიზებს მოვლენებს, ზუსტად ამიტომ ის არის მოქალაქე, ადამიანი და სხვა და სხვა, ეს ბიჭი კი მანიაკია, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ”.

მანიაკზე გამახსენდა: ამ რომანს თავისი ლიტერატურული არქეტიპებიც ჰყავს, მაგალითად, ზღაპრები – „ლურჯწვერა“, „მზეთუნახავი და ურჩხული“... ასევე უნდა ვახსენოთ შექსპირის “ქარიშხალი”. თანაც, მთავარ გმირს მირანდა ჰქვია, მეორე მთავარ გმირს კი მირანდა ხან ფერდინანდს უწოდებს, ხან კი კალიბანს. ისე, გოთურ რომანებსაც ჰგავს ფაულზის პირველი წიგნი. შეგვიძლია „კოლექციონერს“ 60-იანების გოთიკაც ვუწოდოთ.
XS
SM
MD
LG