Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვებსაიტი ამომრჩევლებისთვის


რა იცის ამომრჩეველმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ? არის თუ არა ამომრჩეველი მზად გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი? ბოლო კვლევების მიხედვით, დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარს. პარტიების პროგრამებისა და ხედვების შესახებ ინფორმაციული დეფიციტის შევსებას „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ონლაინგამოცემით ცდილობს.

ვებსაიტი ამომრჩევლებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00
გადმოწერა

Partiebi.ge - ასე ჰქვია ამომრჩევლის ვებსაიტს, სადაც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და ხედვებია წარმოდგენილი. გორის დემოკრატიის სკოლაში „ნიმდის“ (NIMD) პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ნიმდი“, 2012 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი მიზნად ისახავს 2016 წლის არჩევნებისთვის ხელი შეუწყოს როგორც პარტიათა პოლიტიკური წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ. პროექტის ავტორებმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზეს ქვეყნისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან 29 საკითხზე მაქსიმუმ 250-სიტყვიანი პასუხი გასცენ. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, ნაწილს კი პასუხები ჯერაც არ გაუგზავნია რედაქციაში. კითხვები, რომლებსაც პოლიტიკურმა პარტიებმა უპასუხეს, მოიცავს სასამართლო სისტემის, პირადი ცხოვრების უფლების, საარჩევნო სისტემის, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, ეკონომიკის, ტერიტორიული მთლიანობის, უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა მრავალ პრობლემას, რომელთაც ამომრჩევლები ყოველდღიურად აწყდებიან. „ნიმდის“ წარმომადგენელი სალომე მუხურაძე ამბობს, რომ ეს პროექტი, პირველ რიგში, ამომრჩეველს ეხმარება გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ პარტიების პროგრამული ხედვები უკვე წაიკითხა და გააანალიზა. მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ვერ გასცდა პოპულიზმს. ხშირად არ ჩანს მათ მიერ წამოყენებული იდეების განხორციელების გზები. მისი აზრით, ამომრჩეველს ვებსაიტზე შეეძლება კონკრეტულ საკითხზე რამდენიმე პარტიის ხედვა ერთმანეთს შეუდაროს და თავად გააკეთოს დასკვნა.

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული ლექსო ვალიაური მიიჩნევს, რომ ეს არის კარგი პლატფორმა პოლიტიკური პარტიებისთვის, ინტერნეტმომხმარებლებს საკუთარი სათქმელი მოკლედ უთხრან.

ამომრჩევლის - განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამომრჩევლის - გააქტიურების საქმეშია ჩართული საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ის გუშინ გორის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გორში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა იყო. მართალია, საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მეტი პარტია და კანდიდატი იყრის კენჭს და ეს, გარკვეულწილად, ზრდის აქტივობას, მაგრამ 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG