Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტპლატფორმა ინფორმირებული არჩევნისთვის


partiebi.ge-ს პრეზენტაცია
partiebi.ge-ს პრეზენტაცია

ნიდერლანდის ინსტიტუტმა “მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (NIMD) ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის სპეციალური ინტერნეტპორტალის, partiebi.ge-ს, პრეზენტაცია გამართა. ინტერნეტსაიტი შექმნილია იმისათვის, რომ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვებისა და პროგრამების გაცნობის და მათი ერთმანეთთან შედარების საშუალება მიეცეს.

გადმოწერა

იმისათვის, რომ ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს გაეცნოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამებს, მათ ხედვებს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, ნიდერლანდის ინსტიტუტმა „მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ პარტიებს სპეციალური კითხვარი გაუგზავნა, კითხვებზე საპასუხოდ კი პარტიებს 250-სიტყვიანი ლიმიტი უნდა დაეცვათ. ამ მეთოდით შედგენილი მონაცემები ინტერნეტგვერდზე, საიტზე www.partiebi.ge, განთავსდა. სამხრეთ კავკასიაში ნიდერლანდის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლევან ცუცქირიძის, თქმით, ამ გზით ამომრჩეველს, ერთი მხრივ, ინფორმირებული არჩევანის საშუალება ექნება, მეორე მხრივ კი, პარტიების ანგარიშვალდებულება გაიზრდება მათ მიმართ, ვისგანაც არჩევნებში მხარდაჭერას მოელიან:

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

„www.partiebi.ge-ს ამოცანა არის დაეხმაროს, ერთი მხრივ, ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში და, მეორე მხრივ, წაახალისოს და უბიძგოს პოლიტიკურ პარტიებს იმისკენ, რომ ნათელი და კონკრეტული ხედვები შესთავაზონ საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით“.

ინტერნეტგვერდ www.partiebi.ge-ს მეშვეობით ამომრჩეველს საშუალება აქვს არა მხოლოდ პარტიების ამჟამინდელ პროგრამას გაეცნოს, არამედ შეადაროს სამი პარტიის ხედვა ერთმანეთს, ასევე შეადაროს თითოეული პარტიის პროგრამები, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისდროინდელი და ამჟამინდელი - გაიგოს, რას ჰპირდებოდა პარტია ან საარჩევნო ბლოკი წინა წლებში ამომრჩეველს და როგორ შეიცვალა მისი პროგრამა სხვადასხვა გარემოპირობების (ეკონიმიკური მდგომარეობა, რეგიონალური მდგომარეობა და სხვ.) გათვალისწინებით.

ამგვარი ინტერნეტპლატფორმის შექმნა დიდი მხარდაჭერაა პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლებისთვის, ამბობს რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია:

„ერთი სივრცის შექმნა, სადაც არჩევნების შესახებ ინფორმაცია მოიყრის თავს, არის ძალიან კომფორტული როგორც პარტიებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის“.

ზოგადად, NIMD-ი მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას ძალიან უწყობს ხელს და, თავის მხრივ, ამგვარი საიტის შექმნა დამატებითი საშუალებაა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს, მიიჩნევს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე:

ეს ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული და ორიენტირებული კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ წინასაარჩევნოდ...
თინა ბოკუჩავა

„ერთია, რას სთავაზობენ პარტიები ამომრჩევლებს იმ ძალიან მტკივნეულ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ეს სწორედ პროგრამების მეშვეობით ხდება, და მეორეა ისეთი დებატები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლისთვის არაფრის მომცემი არ არის და მხოლოდ ურთიერთბრალდებებში გამოიხატება“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას თქმით კი, საიტი დაეხმარება ამომრჩეველს შეადაროს პარტიების დაპირებები და გაარჩიოს, მათგან რომელია რეალურ მონაცემებზე დამყარებული და რომელი შეიცავს პოპულიზმს:

„ეს ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული და ორიენტირებული კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ წინასაარჩევნოდ და ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ეს არ არის და ჩვენ ვხედავთ, რომ პროგრამაც არ ჰქონდათ და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა“.

www.partiebi.ge ნიდერლანდის ინსტიტუტის „მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ პროექტია. ის, 2012 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG