Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კულტურის მინისტრი - პლაგიატორი და თაღლითი?


რუსეთის კულტური მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი
რუსეთის კულტური მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი
პლაგიატორი, პროპაგანდისტი, ისტორიის გამყალბებელი, თაღლითი - რუსეთში ასე ბევრჯერ მოუხსენებიათ ბესტსელერების ავტორი, ყოფილი პარლამენტარი ვლადიმირ მედინსკი. მაგრამ აშკარაა, რომ კრემლში ის მოსწონთ: მედინსკი კულტურის მინისტრად დაინიშნა.

აი, ერთი-ორი იდეა და მოსაზრება, რომლებიც ვლადიმირ მედინსკის ეკუთვნის: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი „მონუმენტს იმსახურებს“, საბჭოთა კავშირს არასოდეს მოუხდენია ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაცია - ისინი უბრალოდ „შეიერთა“, ცარისტულ რუსეთში ანტისემიტიზმის პრობლემას მეტისმეტად გაზვიადებულად წარმოსახავენ.

რუსეთის კულტურის მინისტრად ასეთ შეფასებათა ავტორის დანიშვნამ დიდი მოწონება დაიმსახურა კრემლის მოკავშირეებში. მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრმა, ანდრეი ისაევმა მედინსკი მოიხსენია „ენერგიულ პიროვნებად, კარგ მენეჯერად და იდეოლოგად“. კმაყოფილია სახელმწიფო სათათბიროს კულტურის საკითხების კომიტეტის წევრი ელენა დრაპენკოც. მედინსკი, მისი აზრით, ნამდილი პროფესიონალია.

რაც შეეხება განსხვავებული შეხედულების მქონეთ, ისტორიკოსი მარკ სოლონინი რუსეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შეურაცხყოფად მიიჩნევს მინისტრის დანიშვნისას გაკეთებულ არჩევანს. სოლონინი როგორც ამბობს, „აირჩიეს საშუალო დონის პროპაგანდისტი, თან გებელსის ტიპის უსირცხვილო პროპაგანდისტი. და ის ფაქტი, რომ ასეთი ყაიდის პროპაგანდისტს ნიშნავენ კულტურის მინისტრად ქვეყანაში, რომელსაც, მაპატიეთ და ჰყავდა პუშკინი, გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი და ა.შ. - ეს არის გარკვეული გამოწვევა, არის რაღაცის დემონსტრირება და, არ შემეშინდება ამ უხერხული სიტყვის თქმის, რაღაცის მესიჯი. მაგრამ, რისი თქმა უნდოდათ ამ მესიჯით?“

რისი თქმა უნდოდათ, ეს ალბათ კიდევ გამოჩნდება. ახლა კი იმის შესახებ, რაც უკვე არის ცნობილი რუსეთის კულტურის ახალ მინისტრზე.

ვიცით მისი სადოქტორო დისერტაცია, რომელშიც აღმოჩენილია პლაგიატის მოზრდილი მონაკვეთი და რომელშიც - რაც პლაგიატი არ არის - არაფერი შეესატყვისება ელემენტარულ სამეცნიერო მოთხოვნებს ...
ლევ უსისკინი

41 წლის ვლადიმირ მედინსკიმ, 10-ზე მეტი ისტორიული ნაშრომის ავტორმა, მთელს რუსეთში გაითქვა სახელი წიგნებით „მითებზე“, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება. მედინსკი ცდილობს, ამხილოს რუსეთსა და რუს ხალხზე უცხოეთში დამკვიდრებული არასახარბიელო სტერეოტიპები. მისი ერთ-ერთი თხზულების სათაურია „სიმთვრალის, სიზარმაცისა და სისასტიკის შესახებ“.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ მედინსკის დებულებებს, მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შესახებ, მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაზეთი „კომერსანტი“ 2009 წელს წერდა, რომ ისტორიაზე თხზულებებს შორის თანამედროვე რუსეთში ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს სწორედ „მითებზე“ მედინსკის წიგნების სერიას. ის ძალიან მოსწონთ კრემლშიც. იმავე 2009 წელს, მედინსკის „მითების“ პირველი ტომის გამოსვლის შემდეგ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, უაღრესად გავლენიანმა ვლადისლავ სურკოვმა: წიგნის კონცეფცია სადავოა, მაგრამ მთლიანად ემსახურება რუსეთისათვის სასარგებლო საქმესო.

მაგრამ მედინსკის პლაგიატშიც ადანაშაულებენ... რამდენიმე ისტორიკოსმა წელს, იანვარში გამოაცხადა, რომ ბესტსელერების ავტორის სადოქტორო დისერტაციაში აღმოჩენილია მონაკვეთები, რომლებიც ძალიან ჰგავს ზოგი სხვა ისტორიკოსის ტექსტებს. მიუხედავად იმისა, რომ მედინსკი ბრალდებებს უარყოფს, ისტორიკოს ლევ უსისკინს ის დისკვალიფიცირებულად მიაჩნია მინისტრის პოსტისთვის.

„ასეთ პოსტზე ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ მორალურ ნორმებს. ხოლო რა მორალურ ნორმებს შეესაბამება ვლადიმირ როსტისლავის ძე მედინსკი, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ვიცით მისი სადოქტორო დისერტაცია, რომელშიც აღმოჩენილია პლაგიატის მოზრდილი მონაკვეთი და რომელშიც - რაც პლაგიატი არ არის - არაფერი შეესატყვისება ელემენტარულ სამეცნიერო მოთხოვნებს. ანუ, ეს არის თაღლითური სამეცნიერო ხარისხი. თვით ახალბედა დოქტორმა ეს მშვენივრად იცის. ანუ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ცხვენია, მთელს ქვეყანაში გამოჩნდეს თაღლითად. რა მორალის პატრონიცაა, გასაგებია“, ამბობს უსისკინი.

ვლადიმირ მედინსკი, რომელსაც მორალს უწუნებენ, 80-ანი წლების ბოლოს ინგლისურსა და ჟურნალისტიკას სწავლობდა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში, რის შემდეგაც ვაშინგტონში მუშაობდა რუსეთის საელჩოს პრესამსახურში. როგორც რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობილი ამერიკელი ექსპერტი, ემი ნაითი აღნიშნავს ყოველკვირეულ გამოცემაში „ნიუ-იორკ რევიუ ოვ ბუკს“, ჟურნალისტიკას რუსეთი დიდი ხანია, ჯაშუშობის შესანიღბად იყენებს...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვლადიმირ მედინსკი რუსეთში დაბრუნდა, სულ 22 წლის იყო როცა PR-კომპანია “ია კორპორეიშნის” რუსული განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. 1999 წელს, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინა პერიოდში იყო ერთ-ერთი პარტიის კამპანიის მენეჯერი, შემდეგ გავლენა მოიპოვა პარტია „ერთიან რუსეთში“, ორჯერ გახდა სათათბიროს დეპუტატი. 2010 წელს, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, სწორედ ვლადიმირ მედინსკი მოექცა სათავეში „პრეზიდენტის კომისიას ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ“.

ამ, შთამბეჭდავი კარიერის გათვალისწინებით, კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არ არის რუსეთში მისი მინისტრად დანიშვნა. მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ ზემოხსენებულ ვლადისლავ სურკოვთან - ახლა უკვე რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან - მედინსკის ახლო ურთიერთობასაც.

პოლიტოლოგი ვლადიმირ პრიბილოვსკი კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებს - მისი აზრით, კულტურის მინისტრის პოსტისთვის, კრემლმა სხვა, სანდო კანდიდატურა ვერ იპოვა: „ ეს არ არის პოსტი, რომლისთვისაც იბრძვიან და რომლისთვისაც იოლია კაცის პოვნა. შესაძლოა, იყო სულელების კონკურსი და მათ შორის ყველაზე დიდი პატრიოტი აირჩიეს, ხოლო ჭკვიანები არ უნდოდათ. მე ასე მგონია...“
XS
SM
MD
LG