Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს


მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ სფეროში ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ გზაზე სახელმწიფო კარგა ხანია ცდილობს ნაბიჯების გადადგმას. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტი, რომელიც 2013 წელს მომზადდა, საკანონმდებლო ორგანოს განსახილველ მაგიდაზე ორი წლის თავზე დაიდო.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი გულისხმობს მომხმარებლის ინფორმირებას, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტზე სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს აღნიშნული დასახელება, მწარმოებელი, მახასიათებლები, ვარგისიანობა და სხვა. აქ უნდა იყოს ასევე ისეთი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლის უსაფრთხოებას უკავშირდება, ის დატანილი უნდა იყოს პროდუქტის საცალო შეფუთვაზე ან სხვა ფორმით. კანონპროექტის თანახმად, პროდუქტი შეძენისას უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ხელშეკრულებაშია აღწერილი ან რისი მოლოდინიც არსებობს რეკლამის, ეტიკეტის და ზეპირსიტყვიერად პროდუქტის გაცნობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქტი, მოითხოვოს ნაკლოვანების აღმოფხვრა, პროდუქტის შეცვლა ან ზიანის ანაზღაურება. თუკი პროდუქტის ნაკლი პროდუქტის საგარანტიო პერიოდშია აღმოჩენილი, მომხმარებელს შეუძლია უსასყიდლოდ მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგაც. მალფუჭებადი და ზოგიერთი სხვა ტიპის პროდუქტის გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააბრუნოს პროდუქტი 14 დღის განმავლობაში. კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასაც გულისხმობს.

ცხადია, ეს რეგულაციები უდავოდ პოვებს ასახვას როგორც პროდუქციის ფასში, ასევე მიმწოდებლის დანახარჯებში. შესაბამისად, კანონპროექტის ირგვლივ პოზიციები არაერთგვაროვანია: მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობას, ერთი შეხედვით, არავინ აპროტესტებს, თუმცა ბიზნესის შეფერხების საფრთხეებსაც ხედავენ.

მაგალითად, ამ დღეებში გავრცელდა მსხვილ ბიზნესგაერთიანებათა განცხადება, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ინიცირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღებას. ბიზნესგაერთიანებებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული წესები დააზიანებს როგორც ბიზნესგარემოს, ასევე მომხმარებლებს. როგორც ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების ფონზე გაუმართლებელია პარალელური წესებისა და ინსტიტუტების შემოღება.
ასოციაციაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროდირექტივებსაც ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გაიზიარებს თუ არა პარლამენტი ამჯერად ბიზნესის პოზიციას.

XS
SM
MD
LG