Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციაზე ვეტოს პირობებს თავად სთავაზობს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალი რედაქციისთვის ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ და მოტივირებულ შენიშვნებში ერთობლივად შეთანხმებული ხუთი ძირითადი საკითხის ასახვას ურჩევენ. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე 20 პარტიის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის არ იყო მმართველი „ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტისგან ცალკე, სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად ელის მიწვევას.

პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრა კი 28 სექტემბერს ერთგვარი პასუხი იყო იმ შეთავაზებაზე, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო და რომელიც პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებში გასაწერ საკითხებს შეეხებოდა. კერძოდ, უმრავლესობა პრეზიდენტს ურჩევს, ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას შეეხოს.

მმართველი პარტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონსტიტუციის პროექტის დამტკიცების შემდეგ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსიას ზოგადად დასრულებულად მიიჩნევს და პარტიებსა და პრეზიდენტთან ერთობლივი განხილვის ფორმატის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა, ამ მოცემულობის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე, საჭიროების შემთხვევაში, პირადადაც არ გამორიცხავს პრეზიდენტთან შეხვედრას:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

“ყველაზე კარგი და სწორი ფორმატი იქნება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა. ამიტომ შესთავაზა უმრავლესობამ პრეზიდენტს ასეთი ფორმატით შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. ეს კონსულტაციები უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, იმ საკითხებს, რომლებიც არის მოაზრებული პარლამენტსა, პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის მიღწეული შეთანხმებით“.

უფრო ზუსტად, პრეზიდენტისგან უმრავლესობა ვეტოს ელის, თუმცა იმისთვის რომ პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა შედეგზე იყოს ორიენტირებული, მას მოტივირებული შენიშვნების ფორმას თავად უკარნახებს. დეპუტატ დავით მათიკაშვილის აზრით, პრეზიდენტს ამით მიეცემა შანსი კონსტიტუციის ცვლილებების პროცესზე ამჯერად მაინც მოახდინოს პოზიტიური გავლენა:

“ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, უმრავლესობის მხრიდან, რომ მთელ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში პროცესის ბოლოს, დამაგვირგვინებელ ეტაპზე მაინც პრეზიდენტმა ითამაშოს პოზიტიური როლი და სწორედ იმ ცვლილებას დაადოს ვეტო, იმ დაპირებასთან მიმართებაში, რაც იქნა გაკეთებული უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ მიერ, რაც იქნა ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული და ეს პროცესი განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში“.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი 26 სექტემბერს დაამტკიცა და ნულოვანი კონსენსუსის პირობებში მხარი დაუჭირა რედაქციას, რომელშიც მრავლად დარჩა პრეზიდენტისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი საკითხები. მმართველი პარტიისგან კომპრომისის იმედი კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ მით უფრო არა აქვს პოლიტიკურ სპექტრს, თუმცა იგი უკან დახევას მაინც არ აპირებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი ამბობს, პრეზიდენტთან 28 სექტემბერს გამართული შეხვედრა ღირებული იყო როგორც ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო ერთიანობის შენარჩუნებისა და ამის კიდევ ერთხელ დემონსტრირების, ისე იმ პოლარიზების ჩვენების კუთხით, რომელშიც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა. ოპოზიციამ, მისი თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის პროექტზე ვეტოს დადება პრეზიდენტისა და 20 პარტიის მიერ შეთანხმებული საკითხების ირგვლივ შესთავაზა, რომელშიც ძირითადია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება 2024 წლამდე და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. პირადად ლევან თარხნიშვილი ეგრეთ წოდებულ მოტივირებულ შენიშვნებში გასათვალისწინებელ საკითხებს შორის არ მოიაზრებს საპარლამენტო უმრავლესობის იმ შეთავაზებას, რომელიც პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების 28 სექტემბრის შეხვედრის საბაბად იქცა და რომელიც მისმა მონაწილეებმა მმართველი ძალის მიერ პრეზიდენტის სავარაუდო მოტივირებული შენიშვნების თავადვე დაწერის მცდელობად შეაფასეს:

ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არმიღებული, ხელარმოწერილი დოკუმენტი, დოკუმენტი, რომელიც, კიდევ ხაზს ვუსვამ, არ არის უბრალო კანონი, არამედ არის საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, ეს ის ორი საკითხია, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით, რომ ჩასწორებულიყო...
გიორგი მარგველაშვილი

“ბონუსები 2024 წელს იქნება თუ არ იქნება, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნები რა სისტემით ჩატარდება. იმავეს ვიტყვით ბლოკებზე. ცოტა კურიოზული სიტუაციაა, როდესაც თვითონ ამოიღეს ბლოკები და ახლა ცდილობენ ერთჯერადად ბლოკების დაშვება შემოგვასაღონ როგორც დიდი კომპრომისი. ნუ, ეს სასაცილოა“.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოტივირებული შენიშვნებისთვის შეთავაზებული საკითხები იმ საკითხების სიიდანაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მონიშნული და რომელთა ჩასწორების ვალდებულებაც „ქართულ ოცნებას“ აღებული ჰქონდა:

“ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არმიღებული, ხელარმოწერილი დოკუმენტი, დოკუმენტი, რომელიც, კიდევ ხაზს ვუსვამ, არ არის უბრალო კანონი, არამედ არის საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, ეს ის ორი საკითხია, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვთავაზობდით, რომ ჩასწორებულიყო. დღეს, როგორც ვხედავ, არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ეს დასანანია. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როდესაც საუბარია ქვეყნის რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე მზად ვარ, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა“.

საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციური პარტიები, ვეტოს არსებული რთული ვითარებიდან გამოსავლად მიიჩნევს. ვეტოზე კონსენსუსის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა დიალოგი აწარმოოს როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე ოპოზიციურ პარტიებთან. პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების მოთხოვნით მიმართა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლთა ერთმა ნაწილმა. მიმართვაზე ხელმომწერები ვეტოს აუცილებლობას ხედავენ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან მიმართებითაც, რომელიც რელიგიის თავისუფლებას შეეხება.

XS
SM
MD
LG