Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია თბილისშია


საარჩევნო კოდექსის პროექტის საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით, თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის ოთხკაციანმა ჯგუფმა 26 ოქტომბერს შეხვედრები დეპუტატებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრები 27 ოქტომბერსაც გაგრძელდება. ვიზიტის დასრულების შემდეგ კი შეიქმნება დასკვნის პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას 2011 წლის დეკემბერში წარედგინება. საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვის პროცედურას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის 12 სექტემბერს გაეგზავნა. სქელტანიანი პროექტი მოქმედი საარჩევნო ნორმების უმრავლესობას არსებული ფორმულირებით იმეორებს, თუმცა შეიცავს სიახლეებსაც. კერძოდ, პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 190-მდე იზრდება, საარჩევნო უბნებზე აღარ განთავსდება ვიდეოთვალი, არ განხორციელდება ამომრჩევლის მარკირება, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების უფლებამოსილება გაფართოვდება, წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები აუნაზღაურდებათ იმ პარტიებს, რომლებიც 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ და ასე შემდეგ. ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი პარტიათა ერთი ნაწილის შეთანხმების პროდუქტია, თუმცა მასში, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, აისახა ის პუნქტებიც, რომლებსაც შეთანხმების მონაწილე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამას გარდა, არასამთავრობო სექტორში არსებობს მოსაზრება, რომ საარჩევნო კოდექსის შემოთავაზებული პროექტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს და გარკვეული თვალსაზრისით კიდევ უფრო გააუარესებს მას.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები კოდექსის პროექტზე მომუშავე ინტერესთა ჯგუფებს ცალ-ცალკე შეხვდნენ. პირველი შეხვედრა მმართველი პარტიის წევრებთან გაიმართა. მმართველი პარტია ცდილობს საარჩევნო კოდექსი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად სრულყოს და ამისთვის მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთანო, განმარტა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისმა კოლეგამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა კი დააზუსტა, კერძოდ რა საკითხები აღმოჩნდა შეხვედრაზე ვენეციის კომისიის ექსპერტების მხედველობის არეში:
საუბარი იყო ტექსტის გარკვეული ნაწილების დახვეწაზე, ასევე იყო საუბარი საარჩევნო ოლქებზე, იყო საუბარი დამოუკიდებელ კანდიდატებზე...

”დღეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა. საუბარი იყო ტექსტის გარკვეული ნაწილების დახვეწაზე, ასევე იყო საუბარი საარჩევნო ოლქებზე, იყო საუბარი დამოუკიდებელ კანდიდატებზე, იყო საუბარი მსჯავრდებულებისათვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მინიჭებაზე.”

ევროსაბჭოს რეკომენდაციების თანახმად, მსჯავრდებულთა გარკვეულ კატეგორიებს პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ. საარჩევნო კოდექსის პროექტში, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნით, მსჯავრდებულებს ეს უფლება შეეზღუდათ. მიზეზი, მათი შეფასებით, არის საქართველოს ციხეებში არსებული ვითარება, რომელიც მსჯავრდებულს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. ვენეციის კომისიასთან შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა განმარტეს, რომ ხელისუფლება ევროსაბჭოს რეკომენდაციებიის შესრულებას პოლიტიკური შეთანხმების ხარჯზე არ აპირებს. უკან დახევას არც ოპოზიცია ფიქრობს. საარჩევნო კოდექსის სარედაქციო ჯგუფის წევრი, მემარჯვენე მამუკა კაციტაძე ამბობს:

”ჩვენი წინადადება იყო ასეთი: თუ საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ ის აღარ გახდება კრიტიკის საგანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პენიტენციარულ სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, ეს საკითხი ასეთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს განხილვის საგანი და მართლაც იქნეს დაშვებული, მაგრამ მანამ, სანამ პატიმართა რიცხვი პერმანენტულად იზრდება და მდგომარეობა კი არაფრით უმჯობესდება ციხეებში, ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენის მხრიდან არ იქნა ჩათვლილი მიზანშეწონილად.”

ოპოზიციამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ასევე საარჩევნო კოდექსის პროექტში მათთან შეუთანხმებლად მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული ჩანაწერები ვიდეოთვალის გაუქმების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი რეგულაციებისა და სხვა საკითხების შესახებ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე ვენეციის კომისიის წევრებთან ოპოზიციის შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს:
მთავარია, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენოს ვენეციის კომისიის დასკვნები საკუთარი ინტერესებისთვის, მთავარია ვენეციის კომისიამ კარგად იცოდეს ოპოზიციის აზრი...

”მათ გაიგეს ოპოზიციის აზრი ბევრ ისეთ საკითხზე, რაზეც შესაძლოა მერე ხელისუფლებამ მანიპულაცია მოახდინოს. მთავარია, რომ ხელისუფლებამ არ გამოიყენოს ვენეციის კომისიის დასკვნები საკუთარი ინტერესებისთვის, მთავარია ვენეციის კომისიამ კარგად იცოდეს ოპოზიციის აზრი იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის არჩევნებზე მიუღებელი იქნება.”

მიუღებელი საკითხების შესახებ საუბარს ვენეციის კომისიის წევრებთან 27 ოქტომბერს უკვე არასამთავრობო სექტორი განაგრძობს. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური ამბობს, რომ კომისიის წევრებთან ისაუბრებენ საარჩევნო სისტემის შესახებ:

”შევეხებით ასევე უშუალოდ სიების ფორმირების წესს, ვისაუბრებთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებზე, ვისაუბრებთ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და პარტიების დაფინანსების საკითხებზე.”

თავად ვენეციის კომისიის წევრები საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე პირველად შეფასებას 27 ოქტომბერს საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.
XS
SM
MD
LG