Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარდისფერი კაბრიოლეტით გაზაფხულისკენ


ჯულია სანიკიძე, ბექა საყვარელიძე, მარიამ შაქარაშვილი
ჯულია სანიკიძე, ბექა საყვარელიძე, მარიამ შაქარაშვილი

„8 დღე გაზაფხულამდე“ - ასე ჰქვია ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფის, „ფერადი კაბრიოლეტის“, გამოფენას, რომელიც არტგალერეა „ვაკეში“ გაიხსნა და ორ კვირას გასტანს. ბექა საყვარელიძემ, მარიამ შაქარაშვილმა და ჯულია სანიკიძემ საგამოფენო სივრცის კედლებზე ის ფერწერული ტილოები გამოფინეს, რომლებიც მათთვის თავისუფლებასთან, სივრცესთან, სიახლეებსა და, შესაბამისად, გაზაფხულის მოახლოებასთან ასოცირდება. გალერეაში გამოფენილ ნამუშევრებში თითქოს არსად არის პირდაპირ მინიშნებული გაზაფხულის მოლოდინი თუ მოახლოება, მაგრამ, როგორც მხატვრები ამბობენ, ის ფერები და სივრცეები, რომლებიც მათ ნახატებშია ასახული, სწორედ გაზაფხულის მოლოდინზე მიუთითებს დამთვალიერებლებს.

ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფი „ფერადი კაბრიოლეტი“ 2015 წელს შეიქმნათბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის, პროფესორ გია გუგუშვილის, ხელმძღვანელობით. როგორც მხატვრები ამბობენ, „ფერადი კაბრიოლეტის“, ანუ თავმოხდილი ავტომობილის, იდეა მხატვრების ახალგაზრდული, თავისუფალი ცხოვრების წყურვილს გულისხმობს და, ამასთანავე, მათ მუდმივ სწრაფვას სიახლის ძიებისკენ. მხატვრები მხოლოდ ტილოების შექმნით არ შემოიფარგლებიან, ისინი სისტემატურად აწყობენ როგორც გამოფენებს, ისე პერფორმანსებსა და ინსტალაციებს. ისინი თავიანთი ნამუშევრებით შეძლებისდაგვარად ეხმაურებიან ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც მათ გარშემო ხდება და საზოგადოებისათვის აქტუალურია. ასე მოხდა ამ კონკრეტული გამოფენის შემთხვევაშიც. თითქოს დიდხანს გაიწელა ზამთარი და მოქუფრული დღეებიო, თითქოს გაზაფხულის მოლოდინი დიდხანს გაგრძელდაო და მხატვრებმა გადაწყვიტეს ამ გამოფენით დაეწყოთ გაზაფხულამდე დარჩენილი ბოლო ერთი კვირის ათვლა.

მარიამ შაქარაშვილი
მარიამ შაქარაშვილი

მარიამ შაქარაშვილი: „ეს ტყვია ჩემია“ - ასე ჰქვია ამ ნახატს. მე გორიდან ვარ. ერთ დღეს, ქალაქში სეირნობისას, შევნიშნე კედელი, რომელზეც შემორჩენილი იყო 2008 წლის ომისდროინდელი ნატყვიარები. ეს ნატყვიარები ჩემ საკუთარ ტყვიებად მივიღე და ტილოზე გადავიტანე. ნამუშევრის ზედა ნაწილში ჩემი ბავშვობის პორტრეტია დახატული. ჩემს ირგვლივ ომია, არა მხოლოდ ნამდვილი ომი, არამედ, შესაძლოა, შინაგანი თუ სხვა გარემოებებით გამოწვეული ომი, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტყვიები მხვდება, მე მაინც ვიღიმი და ბავშვური სილაღით ვუყურებ იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება“.

ბექა საყვარელიძე
ბექა საყვარელიძე

ბექა საყვარელიძე: „სკანდინავიური სოფლების პეიზაჟები. ალბათ, ასე შეიძლება ვუწოდო ამ ნახატებს. მათი საშუალებით შევეცადე სივრცე დამენახვებინა დამთვალიერებლისათვის - სივრცე, ჰაერი და მინიმალიზმი, რომელიც ასე გვაკლია დღეს თუნდაც ჩვენს ქალაქში. ამ პეიზაჟების მთავარი ხიბლი, პირადად ჩემთვის, არის მინიმალიზმი, უფრო მეტი თავისუფალი სივრცე, არანაირი პომპეზურობა და მეტი ჰაერი, არავითარი ზედმეტი არქიტექტურული შტრიხები, რაც ასე ამძიმებს ჩვენს ყოველდღიურობას“.

ჯულია სანიკიძე
ჯულია სანიკიძე

ჯულია სანიკიძე: „ტრიპტიხი, სახელწოდებით „ღია სივრცე“. ამ ნახატზე შევაჩერებდი დამთვალიერებლის ყურადღებას. ჩემთვის ეს ნამუშევარი თავისუფლებასთან ასოცირდება. და რაკი ის თავისუფლებასთან ასოცირდება, ამასთანავე, მოაქვს ჩემთვის სიმშვიდე, სიახლის მოლოდინი, სწორედ ის ემოციები და გრძნობები, რაც ჩემთვის მოაქვს გაზაფხულს“.

XS
SM
MD
LG