Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ამ კვირაში უცხოეთის პრესის გამორჩეული ყურადღება დაიმსახურა მნიშვნელოვანმა მიღწევამ კოსმოსის კვლევის სფეროში - ისტორიაში პირველად, კოსმოსური ზონდის კომეტაზე დაშვებამ. ევროპის კოსმოსურმა სააგენტო „ესამ“ 12 ნოემბერს გაავრცელა ცნობა „როზეტას“ მისიის წარმატების შესახებ. თუმცა ამ ისტორიულ მოვლენაზე გამოხმაურებას მოგვიანებით გაგაცნობთ - ჯერ სხვა თემა. უცხოეთის პრესა განვლილი კვირის განმავლობაში ასევე ფართოდ აშუქებდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, ანუ APEC-ის, სამიტს, რომელსაც ჩინეთმა უმასპინძლა. APEC-ი აერთიანებს 21 სახელმწიფოს, მათ შორის მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან ქვეყნებს - შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს. სამიტისადმი დიდი ყურადღების მიზეზებზე წერს პოლონეთში გამომავალი გაზეთი „ჟეჩპოსპოლიტა“:

„APEC-ის ქვეყნებზე მოდის მსოფლიოს მოსახლეობის 40%, მსოფლიო ვაჭრობის ნახევარი და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი. მომდევნო 10 წელიწადში ჩინელები აპირებენ საზღვარგარეთ 1,25 ბილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას. ამას ემატება ჩინელი ტურისტების მზარდი მნიშვნელობა (მსოფლიოსთვის)... ჩინური ოცნება მალე აღარ იქნება მხოლოდ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, გეგმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ქვეყნები ერთმანეთს უპირისპირდებიან არა სამხედრო ძალით, არამედ მხოლოდ ეკონომიკურად. გლობალური კონფლიქტი არავის აწყობს - დასაკარგი მეტისმეტად ბევრი იქნებოდა“.

შვედეთის გაზეთი „დაგენს ნიჰეტერი“ ყურადღებას ამახვილებს აღმოსავლეთ აზიაში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენციაზე:

„შეერთებული შტატები ამჟამად მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ფართომასშტაბიან შეთანხმებაზე, რომელმაც უნდა მოიცვას 12 ქვეყანა - და მათ არ მიეკუთვნება ჩინეთი. ინიციატივა არის ნაწილი პრეზიდენტ ობამას მცდელობისა, ახლო აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთ აზიაზე გადაიტანოს შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკური ფოკუსი და, ამავე დროს, შეზღუდოს პეკინის როლი. მაგრამ პეკინი ამას უმოქმედოდ არ უყურებს. მაშინ როცა ობამა შიდაპოლიტიკურად ფრთებშეკვეცილია, სი ძინპინს მიიჩნევენ ჩინეთში ბოლო მრავალი წლის უძლიერეს პრეზიდენტად“.

ხორვატიის გაზეთი „იუტარნი ლისტი“ კი წერს APEC-ის სამიტის სხვა მონაწილეზე - რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე, რომელიც, გაზეთში გამოთქმული აზრით, რთულ მდგომარეობაშია:

„რუსეთს დიდი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი მოელის, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკას აღარ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება. სხვათა შორის, პრეზიდენტი პუტინი არ აპირებდა აპეკის სამიტზე გამგზავრებას. ბოლოს მაინც მოუწია ამის გაკეთება, რათა რუსეთის მოსახლეობას შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთი იმავე რანგის მოთამაშეა, როგორც ყველაზე წარმატებული სახელმწიფოები, ჩინეთი და შეერთებული შტატები. სინამდვილეში კი რუსეთის ეკონომიკას ნავთობის პროდუქციის უკიდურესად მკვეთრი ზრდაც კი ვერ შველის, რადგან ფასები სულ უფრო ეცემა“.

ახლა კი „როზეტაზე“. ევროპის კოსმოსური სააგენტოს, “ესას“, ცნობით, წარმატებით ხორციელდება მისია, რომელიც ითვალისწინებს კოსმოსურ ხომალდ „როზეტადან“ მცირე ზომის კოსმოსური ზონდის, „ფილის“, დასმას კომეტაზე, სახელწოდებით “67P-ჩურიუმოვ-გერასიმენკო”. როგორც 12 ნოემბერს იუწყებოდნენ, სარეცხი მანქანის ზომის ზონდი, „ფილი“, რამდენიმე საათში მას მერე, რაც მოშორდა ხომალდ „როზეტას“ და დაიწყო მოძრაობა კომეტისკენ, მის ზედაპირზე დაეშვა.

ესპანეთის გაზეთი „ელ პაისი“ წერს: „მანძილი, რომელიც კოსმოსურმა ზონდმა „როზეტამ“ დაფარა, ათასჯერ აღემატება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს, ხოლო კომეტა მცირე ზომისაა და დიდი სიჩქარით მოძრაობს. აქამდე არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ასეთი ობიექტის მიზანში ამოღება და ამიტომაც დასჭირდა 30 წელი პროექტის რეალიზებას. „ესას“ შეუძლია კმაყოფილი იყოს ამ შთამბეჭდავი წარმატებით. ევროპელებს ეძლევათ მიზეზი, უფრო მეტად ირწმუნონ საკუთარი თავის“.

ლონდონის ყოველდღიურ „ინდეპენდენტშიც“ აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზე, რომ ევროპელებმა - 20 ქვეყნის წარმომადგენლებმა - ერთად გადადგეს ეს ისტორიული ნაბიჯი კოსმოსის კვლევის გზაზე:

„მონაწილე ქვეყნებიდან მარტო ვერც ერთი ვერ მიაღწევდა ამ მიზანს. საერთოდ, არც კი შეეცდებოდა. აქ შეკრებილი ექსპერტებიდან ევროპის კოსმოსური სააგენტოს გარეშე არავის მიეცემოდა ასეთ კომპლექსურ, ღირებულ და ამაღელვებელ მისიაში მონაწილეობის შანსი. ბრიტანეთის კოსმოსის კვლევის უწყებამ მხოლოდ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეშვეობით მოიპოვა ადგილი ასეთ მისიაში. ხომალდში არის მოწყობილობები, რომლებიც ბრიტანელმა მკვლევრებმა შექმნეს და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის გადასახადების გადამხდელებმა დააფინანსეს. პროექტი 10 წელი, მილიონობით ევრო და უთვალავი საათის მუშაობა დაგვიჯდა, მაგრამ ამ ევროპული თანმშრომლობის შედეგი ფასდაუდებელია“, დაასკვნის „ინდეპენდენტი“, ისტორიაში პირველად, კოსმოსური ზონდის კომეტაზე დაშვების შემდეგ.

XS
SM
MD
LG