Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის არჩევნების საერთაშორისო არაღიარება და ლოკალური პატივისცემა


სოხუმი
სოხუმი
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 26 აგვისტოს გამართული არჩევნების შედეგები უკანონოდ გამოაცხადა შეერთებულმა შტატებმა და რუსეთს საქართველოსთან მიმართებით შეუსრულებელი ვალდებულებებიც შეახსენა. ოდნავ უფრო ადრე დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ევროპარლამენტმა, ევროკავშირმა და ნატომ. არაღიარების ამგვარი ფონის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მკვიდრთა მიერ გაკეთებული არჩევანის მისამართით პატივისცემას გამოხატავს რამდენიმე პოლიტიკური პარტია საქართველოში.
შეერთებული შტატები არ აღიარებს ლეგიტიმურობასა თუ შედეგებს ეგრეთ წოდებული არჩევნებისა, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 29 აგვისტოს გამართული პრესკონფერენცია სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა მსოფლიოს მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული საგანგებო განცხადებებით დაიწყო და სწორედ ამ რიგის პირველი განცხადება შეეხებოდა საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში - ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს:

”შეერთებული შტატები არ აღიარებს ლეგიტიმურობასა თუ შედეგებს ეგრეთ წოდებული არჩევნებისა, რომელიც 26 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, მათ შორის - გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეშვება ამ ტერიტორიებზე.”

შეერთებული შტატების გარდა, 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი, მაგრამ შეუსრულებელი ვალდებულებები რუსეთს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმაც გაუხსენა 28 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, რომლის მთავარ მიზანსაც ასევე წარმოადგენს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა:
იეჟი ბუზეკი

”ეს არჩევნები არ ცვლის პოზიციას, რომელიც ევროპარლამენტს აქვს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან მიმართებით. აფხაზეთის ავტონომიური რეგიონი საქართველოს ნაწილია და ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია.”

იეჟი ბუზეკი განცხადებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რამდენიმე ადგილას ”საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებად” მოიხსენიებს და, სხვა მითითებებთან ერთად, მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს პასპორტების უკანონო დარიგება ამ რეგიონებში.

გავიხსენოთ, რომ ერთი დღით ადრე - კერძოდ, 27 აგვისტოს - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა კიდევ ერთხელ ჩათვალეს საჭიროდ ევროკავშირმა და ნატომ და ეს მათ ასევე აფხაზეთის არჩევნების უკანონოდ გამოცხადების კონტექსტში გააკეთეს.
ამგვარი არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას...

”ეს განცხადება არის შეხსენება, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის პირობებშიც ეს არჩევნები ჩატარდა“, – ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხოლო როგორც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში, „ამგვარი არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას“.

საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას აბსოლუტურად ეთანხმება პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ჯერ მარტო იმ მიზეზით ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, რომ არჩევანის გაკეთების საშულება არ მიეცა ამ რეგიონიდან გამოდევნილ ასობით ათას ადამიანს. თუმცა ალასანია, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, მაინც არ აპირებს 26 აგვისტოს არჩევნების შედეგის იგნორირებას.
ირაკლი ალასანია

კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გასაღებს წარმოადგენს ”პირდაპირი დიალოგი აფხაზებსა და ქართველებს შორის, ნდობის აღდგენის მიზნით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით”, ხოლო ამგვარი დიალოგის პერსპექტივების წარმოდგენა შეუძლებელია, თუკი ქართული მხარე პატივს არ სცემს აფხაზების მიერ გაკეთებულ ”ღირსეულ” არჩევანს, - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის ”ეხო კავკაზასთვის” 28 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში.

ერთი დღის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობის არჩევანის მისამართით პატივისცემა გამოხატეს „ახალმა მემარჯვენეებმაც”. როგორც პოლიტიკური გაერთიანება აღნიშნავს 29 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში, ნდობის აღდგენის, დიალოგის დაწყებისა და პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე, ”ქართველი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება აფხაზეთის მეთაური უახლოესი წლების განმავლობაში.” „ახალი მემარჯვენეები“ აფხაზეთის მოსახლეობას იმ კანდიდატის გამარჯვებას ულოცავენ, რომელსაც ”საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG