Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვადასტურებთ ნათია მერებაშვილის პოსტიდან წასვლას, სხვა ყველაფერი სპეკულაციაა“ - პროკურატურა


ნათია მერებაშვილი
ნათია მერებაშვილი

საქართველოს გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას უდასტურებს "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს.

„რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

5 იანვარს "ტვ პირველის" და შემდგომ სხვა მედიების ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე აცხადებს ტელეკომპანია "მთავართან" ინტერვიუში, ნათია მერებაშვილი განსხვავდებოდა „ყველაფრის შემსრულებელი კორუმპირებული პროკურატურის პროკურორებისგან“ და მას უკვირდა კიდეც, რომ ამდენ ხანს შემორჩა ამ პროკურატურას:

"თუ ის იმ მიზეზით წავიდა პოსტიდან, რაც გაცხადდა, რომ ასეთ ვითარებაში აღარ შეეძლო მუშაობა, მისი ნაბიჯი არის სწორი და მისასალმებელი“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ნათია მერებაშვილი ბოლო 18 წელია მუშაობს უწყებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

თავად ნათია მერებაშვილს საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ჩვენ ვეცადეთ მასთან დაკავშირებას, თუმცა პროკურატურაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ის "არ არის ტელეფონზე ხელმისაწვდომი".

ნათია მერებაშვილთან დაკავშირების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG