შსს-დან წამოსვლა მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, მოუხდა ფიზიკური დაპირისპირება ხელმძღვანელობასთან, იღებდა შვილების მოკვლის მუქარებს და ერთ თვეზე ნაკლებ დროში ქვეყნის დატოვებამ მოუწია. საქართველოდან წასვლამდე ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს.
რადიო თავისუფლებას ის შტატებიდან 3 იანვარს ჩაწერილ ინტერვიუში სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე უყვება და საუბრობს თავდაცვის სამინისტროზეც. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ის კიდევ უფრო დიდხანს მსახურობდა, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ირაკლი მონაწილეობდა თავდაცვის ძალების მისიებში საზღვარგარეთ, სამაგისტრო ნაშრომისთვის კი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების გაძლიერების გზებს იკვლევდა.
პოლიციის კაპიტანი შეერთებულ შტატებში სპეციალური პროტოკოლით იმყოფება - მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ბიუროკრატიული პროცედურის გავლა ჩვეულებრივ მოუწევს, როგორც ყველა ემიგრანტს საცხოვრებელი თუ სამუშაო ვიზების მიღებისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის, შტატებმა მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას აიღო საკუთარ თავზე და ეს პროცესი ჯერაც გრძელდება. პროტოკოლი მოიცავს ინფორმაციის გაცვლისთვის თანამშრომლობასაც - ირაკლის საჯარო აქტიურობაც და პარტნიორებთან თანამშრომლობაც სისტემის მხილებას ემსახურება.
ფორუმი