Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ნაკრასთან ეძებენ უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმისას გაუჩინარებულ კაცს


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან პოლიცია დგას.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან პოლიცია დგას.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფელ ნაკრას შესასვლელთან პოლიცია დგას. ადგილობრივების ცნობით, პოლიციამ 5 იანვარს ადგილზე ჩხრეკაც ჩაატარა. მათივე ინფორმაციით, მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარს, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მოგვიანებით ავტომობილი ადგილზე ნახეს, ქალი პოლიციის განყოფილებში გადაიყვანეს, მისი ქმრის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე აღარ არის სავარაუდო თავდამსხმელების კუთვნილი, "სუბარუს" მარკის თეთრი ფერის ავტომობილი, რომელიც 5 იანვარს ადგილობრივებმა ნაკრას ცენტრში მიტოვებული ნახეს. მათი თქმით, ავტომობილი არ არის ნაკრის მკვიდრის საკუთრება - ისინი ამბობენ, რომ სოფელში ყველამ იცის, ვის რა ავტომობილი ჰყავს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილი პოლიციამ წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე რუსეთის გაუჩინარებული მოქალაქის ვინაობასაც ასახელებენ, ირწმუნებიან, რომ ის 4-5 იანვრის ღამით გაიტაცეს.

"უცნობებმა გზა გადაუღობეს, იარაღით ემუქრებოდნენ და ვიქტორი წაიყვანეს თეთრი Subaru-თი, თანმხლები ქალი კი გაუშვეს", - ნათქვამია პოსტში.

რადიო თავისუფლებას წყარო პოლიციიდან ეუბნება, რომ თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ყაჩაღობა არ ყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG