Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ოთხი წელიწადი: ბარაკ ობამას დასამთავრებელი საქმეები


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ბარაკ ობამა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხრეებს მიმართავდა, მომეცით შანსი 2008 წელს დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოო. ეს საქმეებია რეფორმები ეკონომიკის აღსადგენად, საბანკო სფეროში ცვლილებების შეტანა, ბრძოლა კლიმატის ცვლილებებთან და ჯანმრთელობის დაცვის თავისი გეგმის განხორციელება. არჩევნების შედეგს განიხილავენ ჩინეთთან, ირანთან, ავღანეთთან, რუსეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან მიმართების პრიზმაშიც.

იმ ექსპერტების აზრთ, რომელთაც ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ჰეთერ მაჰერი გაესაუბრა, წინა არჩევნების დროინდელი და ახლანდელი პროგრამები ერთმანეთს ემთხვევა. მართალია, ეკონომიკამ უკანსვლა შეწყვიტა და ნელ-ნელა ვითარდება და მეტმა ამერიკელმა იშოვა სამსახური, მაგრამ ეკონომიკა მაინც დარჩება ობამასთვის ყველაზე სწრაფად მოსაგვარებელ პრობლემად. ახლახან მან ამერიკის მედიას უთხრა, რომ თუ კვლავ აირჩევდნენ, მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა ვალის შემცირება ხარჯების შემცირებისა და მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის მეშვეობით. ბოლომდე მისაყვანია, როგორც ითქვა, საბანკო სისტემის რეფორმაც და ჯანდაცვის გეგმაც, რომელიც 2014 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. მიმომხილველები მოელიან, რომ ობამა იმიგრაციის პროგრამასაც მოჰკიდებს ხელს.

ჯად ლეგუმს, პოლიტიკური ინფორმაციის საინტერნეტო გამოცემა „თინკპროგრესის“ მთავარ რედაქტორს, კიდევ ერთ სფეროში ჰგონია, რომ ობამა კვლავ გააქტიურდება. ლეგუმი კლიმატის ცვლილებაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა ეკონომიკისთვის საზიანოდ ითვლება, ობამამ თითქოს ამ თემას წაუყრუა, „ექსტრემალური ამინდი, რომელიც აშშ-ში განსაკუთრებით გრიგალ სენდის სახით დაგვატყდა თავს მხოლოდ აღმოსავლეთ ნაპირზე, კვლავ წინ წამოსწევს კლიმატის ცვლილების საკითხს. ვფიქრობ, არის იმედი, რომ ობამა ზოგიერთ ინიციატივას, რომელზეც ლაპარაკი იყო, ხელს მოჰკიდებს. მათ შორის არის საგანგებო პროგრამა, ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებელი, და სხვა ასეთი“.

პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა ობამას შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს თავისი პოლიტიკა ავღანეთში და იქიდან ჯარი 2014 წლისთვის გაიყვანოს. ირანის მიმართ უკვე დაწესებულმა სანქციებმა შედეგი უნდა გამოიღოს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს კი აშშ-მა მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. რესპუბლიკელები საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდნენ, - ალბათ, ამომრჩეველთა მოსაზიდად, - რომ ობამა, თუ მას მეორედ აირჩევდნენ, აღარ იქნებოდა მოტივირებული ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმეები. თავდაცვის და საგარეო კვლევის - „კატოს“ - ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი კრისტოფერ პრებლი ფიქრობს, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პრეზიდენტებს, ჩვეულებრივ, სურთ თანამდებობა კარგი სახელით დატოვონ და, ამასთან, დაწყებულის ბოლომდე მიყვანა პარტიების რეპუტაციაზეც მოქმედებს. პრებლის აზრით, დიდ საქმეებში ობამა გააგრძელებს წამოწყებულ და ბოლო ოთხ წელიწადში განვითარებულ ინიციატივებს. მას მაგალითად მოჰყავს ირანის მიმართ სანქციები, რომლებზეც თეთრ სახლში დადებითად ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ მას შედეგი აქვს: „ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, მაგრამ, ჩანს, შედეგი მოაქვს - სულ მცირე, ირანის ეკონომიკაზე ზემოქმედებს. ვფიქრობ, ის ამ გზას კიდევ კარგა ხანს გაჰყვება“.

პრებლი არ ეთანხმება გავრცელებულ ხმებს, თითქოს ობამა უფრო თავისუფლად იგრძნობს ახლა თავს და გააძლიერებს ისრაელზე ზეწოლას იმისათვის, რომ მან მეტი დაუთმოს პალესტინელებს. მისი აზრით, ეს არ არის ობამას პრიორიტეტი: „როცა კი აშშ-მა ისრაელის მთავრობაზე განახორციელა ზეწოლა პალესტინელთა ტერიტორიებზე დასახლებათა მშენებლობის შესაჩერებლად, მან მარცხი განიცადა. თუ ამ მიმართულებით ივლის, წარმატებას ვერ მიაღწევს. მართლა გამიკვირდება მისგან აქ პოლიტიკური კაპიტალის დახარჯვა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამდენი საქმეა გასაკეთებელი“. რაც შეეხება სირიას, პრებლი ამბობს, რომ ობამა აქაც გააგრძელებს თავის პოლიტიკას, ისევე როგორც რუსეთში - „გადატვირთვის“ პოლიტიკას, მაგრამ იმის გამო, რომ პუტინთან ობამას ვერა აქვს თითქოს საერთო ენა გამონახული, ამბობს პრებლი, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში რამე შეიცვლება. ჩინეთის თაობაზე ამერიკელი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ობამამ გააკრიტიკა პეკინის სავაჭრო პოლიტიკა, როგორც არასამართლიანი, და განაცხადა, ზომებს მივიღებო. აზია-წყნარი ოკეანის აუზში, ობამას განკარგულებით, გაიზრდება აშშ-ის სამხედრო ყოფნა, რათა გაწონასწორდეს იქ ჩინეთის დომინირება. ვაშინგტონი, ამბობს პრებლი, გააღრმავებს რეგიონში პარტნიორებთან - იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან - ურთიერთობას. ის ავლენს აგრეთვე ვიეტნამთან, ინდონეზიასა და ფილიპინებთან დაახლოების ინტერესს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG