Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა აშენდეს თუ არა ფსიქიატრიული საავადმყოფოები?


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს თხოვნით, დარგის სპეციალისტები აქტიურად ჩართონ მიმდინარე პროცესებში - მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებების აშენებისა და ამ დაწესებულებებში სერვისების განვითარების მონიტორინგის მიზნით.

სპეციალისტები იზოლირებული ინსტიტუციების წინააღმდეგ

  • პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამეგრელოსა და კახეთში ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოების აშენება იგეგმება.
  • ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემის წარმომადგენლები შიშობენ, ხელისუფლებამ სახელმწიფო სტრატეგიასა და კონცეფციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებები არ მიიღოს.
  • ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, დეინსტიტუციონალიზაციის ნაცვლად, კვლავ იზოლირებული ინსტიტუციების შექმნა არ უნდა დაიწყოს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისადმი პროფესიული წრეების მორიგი მიმართვის საბაბად კი ამჯერად იქცა სურამის ფსიქიატრიულ სტაციონარში დროებითი მმართველის დანიშვნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სამეგრელოსა და კახეთში ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოების აშენება იგეგმება. ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემის წარმომადგენლები შიშობენ, ხელისუფლებამ სახელმწიფო სტრატეგიასა და კონცეფციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებები არ მიიღოს და, დეინსტიტუციონალიზაციის ნაცვლად, კვლავ იზოლირებული ინსტიტუციების შექმნა არ დაიწყოს.

როგორც ამბობს ეკა ჭყონია, ხელმძღვანელი ალიანსისა „უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, პროფესიული წრეებისთვის 2016 წლიდანაა ცნობილი, რომ განზრახულია აშენდეს 2 ფსიქიატრიული საავადმყოფო, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, დღემდე არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის იქნება ეს დაწესებულებები. დეტალებზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობენ არც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში: სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ საავადმყოფოების აშენება სენაკსა და თელავში იგეგმება, ხოლო დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შედარებით ადრინდელი ინფორმაციით კი ირკვევა, რომ სენაკსა და თელავში აშენდება 30-საწოლიანი საავადმყოფოები, რომლებსაც ექნება კრიზისული ინტერვენციის, რეაბილიტაციისა და ამბულატორიული განყოფილებები.

მანამდე კი, სანამ საავადმყოფოების მშენებლობა დაწყებულა, ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიონალები, მორალურ ვალდებულებას გრძნობენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რეფორმამ გეზი არ იცვალოს და იზოლირებული ინსტიტუციების შექმნის მიმართულებით არ გადაიხაროს.

„დეინსტიტუციონალიზაცია თავისთავად არ ნიშნავს საწოლების გაუქმებას, ეს ნიშნავს, რომ სურამის ნაირი მონოპროფილური, ჩაკეტილი საავადმყოფოები დაიშალოს, მაგრამ მის ნაცვლად შეიქმნას გრძელვადიანი, საოჯახო ტიპის, საცხოვრებლების ტიპის დაწესებულებები. ისინი კი, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ზოგადი პროფილის საავადმყოფოების ფსიქიატრიულ განყოფილებებში უნდა მოთავსდნენ და ხანმოკლე სტაციონარული მკურნალობა ჩაიტარონ. ეს არის თანამედროვე ფსიქიატრიის განვითარების გზა“, - ამბობს ეკა ჭყონია. მისი აზრით, არის რეალური საშიშროება იმისა, რომ დაიწყონ სურამის საავადმყოფოს გარემონტება, რაც წინააღმდეგობაში მოდის ფსიქიკური განვითარების სახელმწიფო კონცეფციასა და სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.

ეკა ჭყონია
ეკა ჭყონია

ფსიქიატრიისა და ფსიქიატრიული სერვისების მოდერნიზების მიმართულებით ცვლილებებში პროფესიული თემის ჩართვის მნიშვნელობაზე საუბარს კი პრაქტიკული მაგალითით იწყებს ნანა ზავრადაშვილი, ხელმძღვანელი ასოციაციისა „რეფორმა ფსიქიატრიაში“:

„ვინ არიან სურამის სტაციონარის პაციენტები? - 90 პროცენტზე მეტი ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ სტაციონარში, იმიტომ რომ წასასვლელი არ აქვთ, ან დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებდნენ, ან არავის არ უნდა მათთან ერთად ცხოვრება. ამ ადამიანებს სჭირდებათ საცხოვრისი, რომელიც არ გვაქვს. და ამიტომ სტაციონარის აშენება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“.

ნანა ზავრადაშვილი ამბობს, რომ სტაციონარის შემთხვევაშიც კი საჭიროა ვიხელმძღვანელოთ სტრატეგიული გეგმის პრინციპებით, რომლის შემუშავებაში პროფესიული წრეები აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ სახელმწიფოსთან. ეს თანამშრომლობა ამჟამად ფსიქიატრიულ სერვისთა სტანდარტების შემუშავების პროცესში გრძელდება, თუმცა, ამ პარტნიორული ურთიერთობების მიუხედავად, სურამის ფსიქიატრიულ სტაციონარში ვითარების შემსწავლელი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფში არავინ აღმოჩნდა სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა საბჭოდან. ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესიული თემი პროცესებში ჩართვას ითხოვს და იმედოვნებს, რომ რეზონანსი, რომელიც სურამის საავადმყოფოს შესახებ ინფორმაციას მოჰყვა, ხელს შეუწყობს სასიკეთო ცვლილებებს მთლიანად ამ სფეროში. ნანა ზარდიაშვილი იხსენებს, რომ დასავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები ფსიქიატრიაში სწორედ სკანდალის შემდეგ განხორციელდა.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

სკანდალი კი, რომელიც ფსიქიატრთა წრეებში სიახლე არ ყოფილა, 5 მარტს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, მისვლამ განაპირობა. სახალხო დამცველის თანახმად, საავადმყოფოს პაციენტები ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან: გაუმართავია შენობა და საცხოვრებელი, ძველია ინვენტარი, უკიდურესად მძიმეა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომაროება და, ფაქტობრივად, არ არსებობს თერაპიული გარემო.

XS
SM
MD
LG