ბუნების ძეგლებსა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან პიკნიკის შემდეგ დატოვებული ნაგვის გროვები - ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას ექსპერტები ჯარიმებსა და განათლებაში ხედავენ, თუმცა ჯერჯერობით მოსახლეობა ნაგავს არათუ სანაგვე ურნებში არ ყრის, თავად ურნებსაც კი იპარავს.
რატომ უჩნდება ადამიანს ნაგვის დაყრის სურვილი? ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამ ფენომენს სათემო საძოვრის ტრაგედიას უწოდებს:
„სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენი, რომელსაც სათემო საძოვრის ტრაგედია ჰქვია. არსებობს საძოვარი, რომელსაც შეუძლია გამოკვებოს ასი ძროხა, მაგრამ ვიღაცა ფერმერი ფიქრობს, მოდი, ერთსაც დავუმატებ, რა მოხდება. მეორე ამბობს, ვა, მეც მინდა... მეორე, მესამე და, საბოლოო ჯამში, საძოვარი მრავალი წლით ფუჭდება. ერთი ნამწვის, ერთი პლასტმასის ჭიქის გადაგდებაზე ადამიანი ფიქრობს, მერე რა მოხდა... და, საბოლოოდ, ვიღებთ უზარმაზარ სანაგვეებს“.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კახეთის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი ამბობს, რომ სტორის ხეობაში ოთხი სანაგვე ურნა დადგეს, აქედან ერთი მალევე მოიპარეს, სამი დარჩა. მიუხედავად ამისა, ნაგავს მაინც ბუნებაში ყრიან და არა სანაგვეში.
„მანამ, სანამ ეს დანაგვიანებული ადგილი არ გამოიფინება ფეისბუკზე და საჯარო არ გახდება, არავინ მიდის, რომ დაასუფთაოს“.
საუბარია ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რომლებსაც მსგავსი ტერიტორიების დასუფთავება ევალებათ. პასუხისმგებელია, ასევე, საპატრულო პოლიცია და გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. კახა სუხიტაშვილის თქმით, ამ სამიდან ყველაზე მეტად მაინც თვითმმართველობებს შესტკივათ გული, მაგრამ ისიც მხოლოდ მაშინ, როცა, მისივე თქმით, დანაგვიანებული ადგილების ფოტოები ფეისბუკზე გამოიფინება.
ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნინო თევზაძე, ამბობს, რომ, კანონის თანახმად, დანაგვიანება ისჯება და ჯარიმაც საკმაოდ სოლიდურია. საკმაოდ შედეგიანია, ასევე, ახალგაზრდა თაობის განათლება ამ კუთხით:
„მთავარია, ამ ჯარიმების აღსრულება ხდებოდეს და, მეორე, ბავშვები ძალიან კარგი ინსტრუმენტია არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდა თაობებს ვზრდით და სწორ ხედვას ვუყალიბებთ, არამედ იმითაც, რომ, ოჯახში დაბრუნებულები, თავიანთ მშობლებს და, თუნდაც, ბებია-ბაბუას ამ ინფორმაციას აწვდიან“.
მიუხედავად იმისა, რომ უადგილო ადგილას დაყრილ ნაგავს სამი სახელმწიფო ორგანო აკონტროლებს, პრობლემის მოსაგვარებლად რომან თოლორდავამაც ფეისბუკს მიმართა და მღვიმე შურუბუმუს შესახებ დაწერა. მისი თქმით, მღვიმის მიმდებარე ტერიტორია ვიზიტორებისგან ძალიან ზიანდება:
„ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს ამ მღვიმეს და ვიზიტორების სპონტანური გადაადგილება ლანდშაფტს დიდ ზიანს აყენებს. ყველგან ასე ხდება, სადაც ვიზიტორები სპონტანურად გადაადგილდებიან. პლუს, ეს ადგილი უკვე იქცა ე.წ. ღიპიანი ბიძების საქეიფო ადგილად და ხდება ნაგვის კონცენტრაცია. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო საკუთარი ინიციალების ამოტვიფვრა ხავსებზე, გულების დახატვა ხავსებზე და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, არის საფრთხე, რომ ეს შესანიშნავი ბუნების ძეგლი განადგურდეს“.
საქართველოს სპელეოკავშირის წევრი რომან თოლორდავა ამბობს, რომ შურუბუმუს დასაცავად კარგი იქნებოდა მისთვის ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ:
„ეს ძეგლი იმით გახლავთ განსაკუთრებული, რომ წარმოადგენს მღვიმე შურუბუმუს კანიონს, მღვიმე შურუბუმუს შიდა ტბების განმუხტვის წერტილებს. აქ საუბარია ორ ულამაზეს კანიონზე, რომელიც მუდმივად ხავსით არის დაფარული. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ადამიანი შეიძლება დააკვირდეს უნიკალურ მოვლენას, თუ როგორ დიდდება მიწისქვეშა წყლები, გადმოდის და მდინარეები ჩნდება. ხშირად ამ კანიონებში ხობისწყალზე უფრო დიდი მდინარე მოდის“.
თინათინ მოსიაშვილი, რომელიც ხშირად ხელმძღვანელობს სხვადასხვა ტურს და მთელ საქართველოში მოგზაურობს, ამბობს, რომ პრობლემას დანაგვიანებასთან დაკავშირებით ყველგან აწყდება:
როდესაც ტერიტორია არის ვინმეს საკუთრებაში, მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, და ვერ ხერხდება სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, ჩვენ მივმართავთ მუნიციპალიტეტს და ვთხოვთ ამ ტერიტორიის დასუფთავებას...ნელი კორკოტაძე
„საკვები ნარჩენებით დაწყებული, პლასტმასით და ცელოფნით დამთავრებული, რომლითაც ასე მორთულია საქართველოს ბუნება მთაში თუ ბარში. თუმცა თანდათან მაღლდება კულტურა ბუნების არა მხოლოდ საკუთარი ნარჩენებისგან დასუფთავების, არამედ სხვისი ნარჩენების წამოღებისაც“.
მისივე თქმით, ბევრი არა, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვისთვისაც გარემო მნიშვნელოვანია და ნაგავს არ ყრის. უფრო მეტიც, სხვის დაყრილსაც აგროვებენ და სანაგვე ურნებამდე მიაქვთ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ნაგვის დამყრელებს აჯარიმებენ, მაგრამ ყოველთვის ვერა, რადგან არ იციან ტერიტორია კონკრეტულად ვინ დაანაგვიანა. გაცილებით მარტივადაა საქმე, თუკი არსებობს მოწმე ან კამერამ მანქანის ნომერი დააფიქსირა:
„როდესაც ტერიტორია არის ვინმეს საკუთრებაში, მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, და ვერ ხერხდება სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, ჩვენ მივმართავთ მუნიციპალიტეტს და ვთხოვთ ამ ტერიტორიის დასუფთავებას“.
ნელი კორკოტაძე ამბობს ასევე, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აპირებს სხვადასხვა ადგილებში, სადაც ბევრი ნაგავი იყრება, ვიდეოხაფანგები დაამონტაჟოს, რაც მათ დამნაშავეების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.