უკრაინისა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა, ორი ქვეყნის საერთო პრობლემა - რუსეთის დესტრუქციული ქმედებებით ხელყოფილი ტერიტორიული მთლიანობა, კიევისა და თბილისის თანამშრომლობა საერთაშორისო სარბიელზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები - ასეთი იყო მთავარი აქცენტები, რომლებიც 27 ნოემბერს თბილისში უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაისვა. ფაქტია, უკრაინა და საქართველო კიდევ უფრო დაახლოებას გეგმავენ და დავიწყებას ეძლევა რთული პერიოდი, რომელსაც ანალიტიკოსები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სახელს უკავშირებენ. რას ეფუძნება კიევისა და თბილისის დაახლოების გეგმები?
ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი მტკიცე და უცვლელ მიზანს წარმოადგენს როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და, შესაბამისად, ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნების პრობლემები, რაც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგია, მთავარ თემას წარმოადგენდა 27 ნოემბერს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, გამართული შეხვედრების ფარგლებში. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართული შეხვედრების შემდეგ უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კოორდინირებული ქმედებებია საჭირო და, ვთქვათ, იგივე საჭიროა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში; მეორე საკითხი შეიძლება უკავშირდებოდეს სუამის, როგორც გავლენიანი ორგანიზაციის, შესაძლო აღორძინების საკითხს...ნიკა ჩიტაძე
თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის უკრაინის პრემიერ-მინისტრიც. ვოლოდიმირ გროისმანი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებით ორი ქვეყნის ურთიერთერთგულება მუდამ მტკიცე და უცვლელი იქნება. ხაზი ესმება ასევე ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებულ უბადლო მეგობრობას, რაც მიმოსვლის უფრო გამარტივებულ რეჟიმს იმსახურებს და ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივებს, განსაკუთრებით ვაჭრობის მიმართულებით:
„გვაქვს საკმაოდ კარგი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით - ეს შეეხება საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას. მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონდოლარიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ ქართულ ბიზნესთან“.
ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ კიევსა და თბილისს შორის საკმაოდ გაცივებული ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორდა უკრაინის ხელისუფლებას. მას შემდეგ უკრაინისა და საქართველოს ოფიციალური პირები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და 2017 წლის ივლისში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც სტუმრობდა.
ის ახლა უკრაინაში კერძო პირია. მისი საკითხი არ არის მაღალი რანგის მოლაპარაკებების საგანი. ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი არც უკრაინაში და არც საქართველოში. ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ... მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს გარკვეულ პოლიტიკურ საქმიანობას უკრაინაში...იგორ დოლგოვი
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ უკრაინისა და საქართველოს ძალების გაერთიანების საჭიროება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საერთაშორისო სარბიელზე იკვეთება, რათა ამ ორი ქვეყნის პრობლემები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში, ერთობლივად იქნეს წარმოჩენილი. თუმცა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას ორი ქვეყნის თანამშრომლობის ჭრილში კიდევ რამდენიმე საკითხს გამოყოფს:
„ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კოორდინირებული ქმედებებია საჭირო და, ვთქვათ, იგივე საჭიროა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში; მეორე საკითხი შეიძლება უკავშირდებოდეს სუამის, როგორც გავლენიანი ორგანიზაციის, შესაძლო აღორძინების საკითხს; მესამე საკითხად შეიძლება დასახელდეს ნატოსთან თანამშრომლობა, რადგან როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ მიიღო დაპირება (2008 წლის) ბუქარესტის სამიტზე, რომ გახდებიან ნატოს წევრები; ასევე აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და უკრაინა მუდმივად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში - მათ შორის ურთიერთობათა გაცივების პირობებშიც კი“.
იმის გამო, რომ პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტის შემდეგ მალევე მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს კვლავ მოსთხოვა სააკაშვილის დაკავება და ექსტრადიციის საკითხის განხილვა, ამ ჭრილში ინტერესი გაღვივდა ვოლოდიმირ გროისმანის თბილისში ვიზიტის ფარგლებშიც. დაისვა შეკითხვები, ხომ არ ილაპარაკეს ორი ქვეყნის უმაღლესმა პირებმა მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციის თემაზე. თუმცა უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვებს ასეთი პასუხი გასცა:
„ის ახლა უკრაინაში კერძო პირია. მისი საკითხი არ არის მაღალი რანგის მოლაპარაკებების საგანი. ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი არც უკრაინაში და არც საქართველოში. ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ... მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს გარკვეულ პოლიტიკურ საქმიანობას უკრაინაში... ეს საქმიანობა დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი ნებაა. ასე რომ, მისი საკითხი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა. სულ ეს არის. წერტილი“.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოში დიდი და წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით ჩამოვიდა. ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრების გარდა, მის გეგმებში შედის „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელსაც თბილისი 28-29 ნოემბერს უმასპინძლებს.