უკრაინამ მიიღო კანონები, რომლებიც დეკომუნიზაციას, ანუ კომუნისტური მემკვიდრეობისაგან გათავისუფლებას ემსახურება - განსაზღვრავს დამოკიდებულებას XX საუკუნის მოვლენებისა და კომუნისტური რეჟიმის მიმართ. მეზობელი რუსეთი აღშფოთებულია. კიევის ნაბიჯი იქ აღიქმება დაუშვებელ თავდასხმად მოსკოვის ხედვასა და იმიჯზე.
2014 წლის სექტემბრის მიწურულს დემონსტრანტებმა, შეძახილებით „დიდება უკრაინას“, კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს ვლადიმირ ლენინის უზარმაზარი ძეგლი. მის დაცემას „ფეისბუკში“ გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი: „დაე, დაეცეს, თუ დაცემისას კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს არ მოიტანს კომუნისტების ეს სისხლიანი კერპი“.
უკრაინის ქალაქებში ლენინის ძეგლების ჩამოგდება ევრომაიდნის მოვლენების კულმინაციის ფონზე სიმბოლური აქტი იყო, ფსიქოკულტურული პროცესი, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და არ დასრულებულა - პროცესი, რომელსაც ვლადიმირ პუტინის რუსეთი ისეთივე საფრთხედ აღიქვამს, როგორც უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
9 აპრილს უკრაინის პარლამენტმა მიიღო ოთხი კანონი დეკომუნიზაციის შესახებ: საბჭოთა მმართველობა ცხადდება დანაშაულებრივ რეჟიმად, ისევე როგორც ნაცისტური რეჟიმი; აიკრძალა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება; გადაწყდა საბჭოთა პერიოდის უშიშროების ორგანოების არქივების გახსნა და პატივის მიგება იმ ადამიანებისათვის, ვინც XXსაუკუნეში უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა...
კანონების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ უკრაინა სამუდამოდ გამოეთხოვება საბჭოთა მემკვიდრეობას და გაემიჯნება პუტინის რუსეთს.
„ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რეფორმა, ეს რეფორმაც მოითხოვს ხარჯებს, მაგრამ ეს ხარჯები გამართლებულია, რადგან ქვეყანა სწორედ ამ გზით იწყებს გარდაქმნას. ჩვენ საშუალება გვაქვს გავითვალისწინოთ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე გაიარეს დეკომუნიზაციის ეტაპი და დღეს ვხედავთ, რამდენად კარგად განვითარდნენ, როგორც ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოები. ამავე დროს, ვხედავთ ქვეყნებს, როგორიც არის რუსეთი, ბელორუსია, სადაც არათუ არ გაუვლიათ დეკომუნიზაციის პროცესი, არამედ, პირიქით, საბჭოთა წარსულის რეაბილიტაცია ხდება. და ეს ქვეყნები სულ უფრო მეტად იხრებიან ავტორიტარიზმისკენ”, - ამბობს ვლადიმირ ვიატროვიჩი, უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორი.
უკრაინაში დეკომუნიზაციის კანონების მიღებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ახალ კანონებს მოიხსენიებს „უკრაინელი ხალხის გმირული წარსულის წინააღმდეგ გააქტიურებული ბრძოლის“ ნაწილად.
„1917-1991 წლების პერიოდის უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ხანად შეფასებით და ამ პერიოდის „კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის“ „დანაშაულებრივად“ და „სახელმწიფო ტერორის პოლიტიკის მწარმოებლად“ გამოცხადებით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს მილიონობით უკრაინელის მეხსიერებიდან ამოშალოს უკრაინის XX საუკუნის ნამდვილი ისტორიის ფურცლები და მისი, როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილის, განუხრელი განვითარება“, - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც ეს განცხადება ნათელყოფს, კრემლი კომუნისტურ წარსულს აღიქვამს ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური წესრიგის ხანად, რასაც ემატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი: ფაშისტური გერმანიის დამარცხება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის „ლევადას ცენტრის“ დირექტორი ლევ გუდკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთში სტალინისადმი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა ლიდერისადმი, ნეიტრალური და დადებითი დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება. ამჟამად, ამბობს გუდკოვი, სტალინს ბევრი მიიჩნევს უდიდეს პიროვნებად რუსეთის ისტორიაში.
„ეს არის საზოგადოებრივი აზრის ჯიუტი, ძალიან მიზანმიმართული, თანდათანობითი ინტოქსიკაცია. მაგრამ აქვე შევნიშნავ, რომ, სტალინის პიროვნების დადებითი შეფასების გახშირებასთან ერთად, მოწმენი ვართ ინდიფერენტულობის ხარისხის ზრდისა. პირველ ყოვლისა, მცირდება სტალინისადმი უარყოფითად განწყობილი ხალხის, ანუ შეგნებული ანტისტალინისტების, ანტიკომუნისტების რიცხვი. და პროპაგანდაც, კაცმა რომ თქვას, სწორედ აქეთკენ არის მიმართული,“ - ამბობს ლევ გუდკოვი.
„ლევადას ცენტრის“ მიერ წელს, მარტში, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთში გამოკითხულთა 37% სტალინს დადებითად აღიქვამს, 29% ნეიტრალურად არის განწყობილი, სულ 25% ეკიდება საბჭოთა დიქტატორს ნაწილობრივ ან მკვეთრად უარყოფითად.
მაგრამ დავუბრუნდეთ უკრაინას: უშიშროების სამსახურის არქივის დირექტორი იგორ კულიკი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უკრაინის ახალი კანონები არ კრძალავს რომელიმე იდეოლოგიას ან პოლიტიკურ პარტიას: „ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენივე წარსულის გაცნობიერების აუცილებლობაზე. ზოგი გვსაყვედურობს, რატომ ყრით წყალში 70 წელსო. არავინ აპირებს 70 წლის წყალში გადაყრას. ეს ჩვენი ისტორიაა. ჩვენი ამოცანაა გამოვიკვლიოთ და შევისწავლოთ იგი. მაგრამ ჩვენ ვერ წარმოვადგენთ მთელ იმ 70-წლიან ისტორიას მხოლოდ საბჭოთა პერიოდის კლიშეებით, რომლებიც არაფერს შეიცავს, გარდა ხოტბა-დიდებისა“.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში რამდენჯერმე წამოიჭრა დეკომუნიზაციის საკითხი, მაგრამ პროცესი შორს არ წასულა. ამჯერად მცდელობა შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს - ევრომაიდანზე გააქტიურებული და რუსეთთან კონფლიქტის გამო მეზობლისაგან გაუცხოებული საზოგადოების მხარდაჭერით.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ კანონების მიღება პრობლემას არ აგვარებს. ის მხოლოდ საშუალებას გვაძლევს საბოლოოდ გავიაზროთ ტოტალიტარიზმის შედეგები, გავასაჯაროოთ ისტორია, რომელიც თავს დააღწევს მითების ტყვეობას იმისთვის, რომ გავაანალიზოთ ჩვენი წარსული და ვაშენოთ ჩვენივე მომავალი“, - განმარტავს ვლადიმირ ტილიშჩაკი, უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.