Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს წინდახედულება უკრაინის მხარდაჭერის პროცესში


საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის მხარდამჭერი განცხადების ტექსტის შემუშავებაზე. საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული ტექსტი, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, არაადეკვატურად მწვავედ მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობამ. რატომ და რაში ჰმართებს სიფრთხილე საქართველოს ვილნიუსის სამიტის წინ?

საპარლამენტო უმცირესობის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ: ვინაიდან ქართველი ხალხის ურყევ ისტორიულ არჩევანს ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს, ვინაიდან აღმოსავლეთის პარტნიორობა წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ევროკავშირთან დაახლოების პრინციპულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ვინაიდან უკრაინის ევროპის კავშირთან დაახლოება დადებითად აისახება არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ ქართველი ხალხის არჩევანის ხორცშესხმაზე, ვინაიდან მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გავლენის სფეროების დოქტრინის განხორციელება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უკრაინის მიერ მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი:

”1. უცხადებს სრულ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს მის მიერ საკუთარი სუვერენიტეტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს საგარეო პოლიტიკის უკრაინის ინტერესების შესაბამისად წარმოებას;

2. გამოხატავს რწმენას, რომ უკრაინის თავისუფალი ერების ევროპული ოჯახისკენ სვლის შეჩერება შეუძლებელია. ყოველგვარი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად, თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული;

ამ განცხადებაზე დათანხმებით დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას ეძლევა შესანიშნავი შანსი, რომ საქმით დაადასტურონ, რომ მართლაც ისინი თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებით...
გიორგი კანდელაკი
3. გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო;

4. გამოხატავს იმედს, რომ მოხერხდება არსებული წინააღმდეგობების გადალახვა, უკრაინის მთავრობა არ დაექვემდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟს და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზას”.

”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული განცხადების პროექტს ”ძალიან ზომიერსა და ადეკვატურს” უწოდებს, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, ეს განცხადება ”ქართული ოცნებისთვის” ერთგვარი ტესტიც არის:

”ამ განცხადებაზე დათანხმებით დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას ეძლევა შესანიშნავი შანსი, რომ საქმით დაადასტურონ, რომ მართლაც ისინი თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებით. მათ მიერ შემუშავებულ ტექსტში, სამწუხაროდ, რუსეთის ხსენებაც არ არის, რაც, უბრალოდ, არაადეკვატურია. ყველასთვის ნათელია და თვითონ უკრაინის პრეზიდენტიც, ვიქტორ იანუკოვიჩი, ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის რუსეთის მხრიდან მომდინარე შანტაჟი”.

უნდა დავაფიქსიროთ ის, რომ საქართველო ერთ შანსსაც არ გაუშვებს, რომ არ დააფიქსიროს უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში... მაგრამ, მოდით, ნუ ვიჩქარებთ, ხალხო. ვილნიუსის სამიტამდე 2 დღეა დარჩენილი...
ვიქტორ დოლიძე
შეთანხმება იოლი ნამდვილად არ აღმოჩნდა. თუკი ”ნაციონალური მოძრაობა“ განცხადების პროექტს ეროვნული ინტერესების შესაბამისს უწოდებს, ”ქართული ოცნებისთვის” ის, პირიქით, ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, მაშინ, როცა ჯერ საბოლოოდ არც უკრაინას უთქვამს უარი ევროკავშირისთვის და არც ევროკავშირს მიუხურავს მისთვის კარი, საქართველოს წინდახედულება მოეთხოვება. დეპუტატის აზრით, უკრაინის მხარდამჭერი განცხადების შინაარსი ”დელიკატური” უნდა იყოს:

”უნდა დავაფიქსიროთ ის, რომ საქართველო ერთ შანსსაც არ გაუშვებს, რომ არ დააფიქსიროს უკრაინის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში... მაგრამ, მოდით, ნუ ვიჩქარებთ, ხალხო. ვილნიუსის სამიტამდე 2 დღეა დარჩენილი და ახლა რაღაც ისეთი გავაკეთოთ ნაჩქარევად, რაც შემდგომ ცხვირში მოგვხვდება, მე მგონი, არ იქნება მართებული”.

ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” გადახედავს მის მიერ შემუშავებული განცხადების შინაარსს და მოხერხდება შეთანხმება უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის კომპრომისულ ვარიანტზე.

უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს რეაქცია მოეთხოვება, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს რეაქცია ”წინდახედული და თავშეკავებული” უნდა იყოს:

”როდესაც უკრაინაში, მეზობელ სახელმწიფოში, თან აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში პარტნიორთან ხდება ასეთი მოვლენები და საფრთხის ქვეშ დგას მისი ევროპული არჩევანი, რა თქმა უნდა, არ ღირს მთლიანად გაჩუმება და რაღაც განცხადება უნდა გაკეთდეს, რომელიც ხაზს გაუსვამს, ჩემი აზრით, საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის ევროპული არჩევანის მისამართით. საქართველომ უნდა გამოთქვას წუხილი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. მაგრამ არ არის საჭირო, ალბათ, ძალიან მკვეთრი და რაღაც ისეთი განცხადება, რამაც შესაძლოა განაწყოს ძალიან ნეგატიურად უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, რუსეთის მხრიდანაც რომ არ იყოს ზედმეტი გაღიზიანება, რომ, აი,რატომ ერევიან ჩვენს საქმეში და ასე შემდეგ”.

უკრაინის მხარდამჭერი განცხადების ტექსტზე მუშაობა გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, შეჯერებული ვარიანტი, შემდგომი პროცედურების განსასაზღვრად, 27 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

გავიხსენოთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის სამზადისის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მთავრობამ 21 ნოემბერს მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო 10-მდე საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა ამოქმედებაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების უფლებას მისცემდა საპატიმროში მყოფ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს. მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების მიცემა წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ წამოყენებულ აუცილებელ წინაპირობას ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. ევროკავშირისთვის უარის თქმის გამო, უკრაინაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება. პოლიციასთან შეტაკების შედეგად, ბოლო დღეებში ათობით ადამიანი დაშავდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG