Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და ჰოლივუდის სტერეოტიპები


როგორ ასახავს დასავლური პოპულარული კულტურა უკრაინელებს? ერთმა კიეველმა კინორეჟისორმა უკრაინის შესახებ გადაღებული ფილმებიდან და ტელეგადაცემებიდან ათეულობით მაგალითი მოაგროვა და საკმაოდ უარყოფითი შედეგებიც მიიღო.

საშუალოდ, რა და რამდენი იციან უკრაინის შესახებ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებმა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 24 წლის უკრაინელმა კინორეჟისორმა, ანდრეი პრიმაჩენკომ, ჰოლივუდს მიმართა.

„იმისთვის, რომ უკრაინას დასავლეთში გავუწიოთ რეკლამა, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს დასავლეთი უკრაინაზე. ვიფიქრე, რომ საამისოდ ძალიან ეფექტიანი გზა იქნებოდა იმის გაანალიზება, თუ როგორ არის უკრაინა წარმოჩენილი ამერიკულ ფილმებსა და ტელეგადაცემებში“, - ამბობს ის.

პრიმაჩენკომ ასობით მაგალითის შესწავლა დაიწყო - იქნებოდა ეს კლასიკური ჰოლივუდის ფილმები, კერი გრანტის მონაწილეობით, თუ ჯაშუშური დრამები და ტელეკომედიები.

კვლევის ბოლოს რეჟისორმა ვიდეოკომპილაცია გააკეთა, რომელშიც 90-მდე ფილმიდან და ტელეგადაცემიდან შევიდა ნაწყვეტები. კომპილაცია მოიცავს ჰოლივუდის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას.

თუმცა, მასალის მრავალფეროვნების მიუხედავად, ახალგაზრდა რეჟისორი ამბობს, რომ მთელ კომპილაციას დამთრგუნველად შავ-თეთრი სტერეოტიპები გასდევს: „უკრაინა წარმოჩენილია როგორც ადგილი, რომელიც ძალიან უხარისხო პროდუქციას აწარმოებს, და ძალიან ცუდი ქვეყანა, სადაც ცუდი ამბები ხდება. უკრაინელი კაცები წარმოდგენილი არიან ან როგორც ბანდიტები, ან როგორც ჯარისკაცები, ან როგორც ძალიან შეზღუდული გაქანების მქონე პირები. უკრაინელი ქალები წარმოჩენილი არიან ან სექსმუშაკებად, ან ძალიან დიდ, კუნთებიან ქალებად. ამ ფილმებიდან უკრაინის შესახებ ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილება გექმნებათ“.

საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინა ნაჩვენებია სადღაც შორს მდებარე მიწად, სადაც ფოლკლორის მოცეკვავეები, სოფლებში მცხოვრები ფიზიკურად ძლიერი გოგოები და კარგი არაყი მოიპოვება, უარეს შემთხვევაში კი, უკრაინა გვევლინება პოსტსაბჭოთა დანაშაულისა და პროსტიტუციის ბუნაგად.

ცნობილი რეჟისორის, ბილი უაილდერის მიერ 1961 წელს გადაღებულ კომედიაში „ერთი, ორი, სამი“ მსახიობი ჰორსტ ბუხოლცი, რომელიც თავგადაკლული კომუნისტის როლს ასრულებს აღმოსავლეთ გერმანიიდან, ახალგაზრდა მანიკიურისტს აკრიტიკებს, შენნაირი ღონიერი, ჯანმრთელი გოგო ფრჩხილებს კი არ უნდა ჭრიდეს, უკრაინაში ხორბალს უნდა მკიდესო.

სხვა ნაწყვეტში - 2005 წელს გადაღემულ ამერიკულ სატელევიზიო კომედიაში „ჯოუი“ - ახალგაზრდა ქერა ქალი თავს ადვოკატად წარადგენს, თუმცა მას სიტყვას მყისიერად აწყვეტინებს სხვა ქალი და ეუბნება, „ძვირფასო, მე არ მაინტერესებს რა იყავი უკრაინაში, ახლა ამერიკაში იმყოფები და აქ დამლაგებელი ხარო“.

სხვა ნაწყვეტები ცოტა უფრო მეტადაა მიახლოებული რეალობას - განსაკუთრებით ისეთები, რომლებშიც ნაჩვენებია როგორ უმკლავდებიან უკრაინელები მათ რუსებად მიჩნევას. „უკრაინაში უკრაინულად ვლაპარაკობთო“, ამბობს ახალგაზრდა ქალი მას შემდეგ, რაც ამერიკელი ოფიციალური პირი მასზე შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდება რუსულ ენაზე წარმოთქმული რამდენიმე ფრაზით სატელევიზიო დრამაში „თვალწინ“.

პრიმაჩენკოსთვის ეს პირველი ვიდეოკომპილაცია არ არის. ევრომაიდნის გამოსვლების დროს მან და ხელოვანმა ალექსანდრ კომიახოვმა გააკეთეს ე.წ. „ტერორისტების“ პორტრეტების სერია, ანუ იმ რიგითი უკრაინელებისა, რომლებსაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მიკოლა აზაროვმა, ევრომაიდნის მხარდაჭერისთვის უწოდა ტერორისტები.

იმის მიუხედავად, რომ უკრაინა, პოლიტიკური პროცესების გამო, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, პრიმაჩენკო ფიქრობს, რომ უკრაინის იერსახეების უფრო ნიუანსირებულად და სიღრმისეულად წარმოჩენას დრო დასჭირდება:

„ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინამ და უკრაინელებმა დავამტკიცეთ, რომ არ ვართ ისეთები, როგორებადაც ფილმებსა და სერიალებში წამოგვადგენენ, მაგრამ ეს სტერეოტიპები უკვე 50 წელიწადზე მეტია არსებობს და, ვფიქრობ, დასავლელი ხალხი მაინც ასეთებად აღგვიქვამს“.

ვფიქრობ, დასავლეთის აუდიტორიამ უკეთ უნდა გაიგოს, რას წარმოადგენს ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ეს დიდი ქვეყანაო, ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი და დასძენს: მალე ჩვენ დასავლური სამყაროს ნაწილი გავხდებით და კარგი იქნება ყველამ უფრო მეტი გავიგოთ ერთმანეთის შესახებო.

XS
SM
MD
LG