ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს ოცამდე მცხოვრები კუთვნილი თანხის მიღებას ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს. ,,წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალი“, რომელმაც შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. მილიონ ოთხმოცი ათასლარიანი პროექტის შედეგია დაუმთავრებელი სამუშაოები და ხელფასმიუღებელი თანამშრომლები.
ანზორ გიორგაძე ერთ-ერთია საროს მცხოვრებთა შორის, რომელიც დაპირებულ ხელფასს მეოთხე თვეა ელოდება. სხვა თანამშრომელთა მსგავსად, მასაც მხოლოდ კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნომერი აქვს, კითხვაზე ერთი პასუხით – შპს “საქართველოს მელიორაციიდან“ თანხის დარიცხვას ისიც ყოველდღე ელოდება.
მუშები, რომლებიც სოფელ საროში წყალსაქაჩი სისტემის რეაბილიტაციის პროექტში 2016 წლის ნოემბრიდან დასაქმდნენ, ისევ კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ძირითადი საქმიანობის დასრულების შემდეგ მათ ხელმძღვანელობიდან აღარავინ შეხვედრია.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვება ,,წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალმა“ მოიპოვა, რომელსაც 1 080 000 ლარად სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და პირველი და მეორე აწევის სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ პროექტით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობა შესრულებულია, თუმცა სამუშაოები ბოლომდე ჯერ არ დამთავრებულა.
„საქართველოს მელიორაციამ“ ,,წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალს“, ხელშეკრულება გასული წლის 24 აგვისტოს გაუფორმა და, პირველადი კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 31 ივლისს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა: შემსყიდველმა სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 30 სექტემბრამდე მოითხოვა. ვადის გაგრძელების მიუხედავად, ნიჯგორის, საროსა და ხიზაბავრისთვის წყალსაქაჩი სისტემის ამოქმედება მაინც ვერ მოხერხდა. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე დაკავშირება ვერც მეცხრე არხმა შეძლო. სატელეფონო ზარებს არც „საქართველოს მელიორაციაში“ პასუხობენ. დაპირების მიუხედავად, ხელფასები ვერც დასაქმებულმა მუშებმა მიიღეს.
სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის # 216 განკარგულებით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ ასრულებს. მუშები, რომლებიც სოფელ საროში წყალსაქაჩი სისტემის რეაბილიტაციის პროექტში 2016 წლის ნოემბრიდან დასაქმდნენ, ისევ კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ძირითადი საქმიანობის დასრულების შემდეგ მათ ხელმძღვანელობიდან აღარავინ შეხვედრია.