21 სექტემბერს თავი იჩინა კიდევ ერთმა გაუგებრობამ თურქეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ისევ განათლების სფეროს უკავშირდება. ქართული მხარე უკმაყოფილოა, რომ ბათუმში ახალი თურქული სკოლა შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენდა და თურქულმა მხარემ საქართველოს განათლების სისტემის მოთხოვნებს აარიდა თავი. წინასწარი ინფორმაციით, სკოლაში მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები ისწავლიან. ქართული მხარის უკმაყოფილების განეიტრალებას 21 სექტემბერს თურქეთის გენერალური კონსული ცდილობდა, თუმცა, ფეტულა გიულენის სახელთან დაკავშირებული მოვლენების მსგავსად, პროცესმა არაერთი შეკითხვა დატოვა.
„ვაპირებდით, რომ ეს სკოლა ყოფილიყო ქართული კანონმდებლობით ავტორიზებული და სრულფასოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება“, – განაცხადა 21 სექტემბერს საქართველოს განათლების მინისტრმა, მოვლენათა სულ სხვაგვარად განვითარების კვალდაკვალ. მართალია, მეგობარ ქვეყნებს შორის გაუგებრობის უპრობლემოდ აღმოფხვრის იმედს გამოხატავს, მაგრამ ალექსანდრე ჯეჯელავა ვერც უკმაყოფილებას მალავს და, მათ შორის, იმის გამოც, რომ ბათუმის ახალი ბულვარის სიახლოვეს თურქული სკოლის გახსნაზე (19 სექტემბერს) არც ადგილობრივი ხელისუფლება იყო მიწვეული და არც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. მინისტრი სკოლის უკანონოდ აშენების საკითხსაც გამოეხმაურა:
„ის ფაქტი, რომ თურმე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელი. კანონდარღვევით სკოლის კი არა, საერთოდ არანაირი მშენებლობა და არაფრის გახსნა არ უნდა მოხდეს და, მით უმეტეს, სკოლის. ამიტომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აბსოლუტურად უფლებამოსილია კანონის ფარგლებში იმოქმედოს“.
ცნობა იმის შესახებ, რომ სკოლა უნებართვოდ აშენდა, 21 სექტემბერს ადგილობრივმა მედიამ, ბათუმის მერიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა. ითქვა ისიც, რომ, შესაძლოა, შენობის დემონტაჟის საკითხიც დადგეს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა. მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ივარაუდა, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღმოსავლეთმცოდნემ, პროფესორმა გიორგი სანიკიძემ, პროცესი კანონის გვერდის ავლით წარიმართა
„თუკი ეს სკოლა სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებისგან და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად არის აშენებული და გახსნილი, რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევაა. გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში იხსნებოდა მსგავსი სკოლები (მედრესეები – ნახევრად რელიგიური სასწავლებლები), თუმცა ყოველთვის იდგა პრობლემა მათი დიპლომების აღიარებისა“.
თუკი თურქეთის გენერალური კონსულის 21 სექტემბრის განცხადებით ვიმსჯელებთ, მან არაფერი იცოდა სკოლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით და ის პირობას დებს, რომ ამ საკითხს აუცილებლად გაარკვევს. როგორც იასინ თემიზქანმა განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე, თურქეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული სკოლის მშენებლობა ქველმოქმედმა თურქმა ბიზნესმენმა დააფინანსა, ის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვისაა გამიზნული, მაგრამ სასწავლებელში აუცილებლად იქნება ქართული ენის სწავლება. რაც შეეხება დაპატიჟება-არდაპატიჟების საკითხს, გენერალური კონსული ამბობს, რომ თურქულ მხარეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ დავიწყებია და ამ მხრივ ყველაფერი ჯერ ისევ წინ არის:
„(19 სექტემბერს) ეს არ იყო სკოლის ოფიციალური გახსნა. ჩვენ, უბრალოდ, შევეცადეთ მოგვესწრო სასწავლო წლის დაწყებისთვის, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლის ოფიციალური გახსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს მთავრობის კომპეტენტური პირები, ასევე, თურქეთის მხარე“.
21 სექტემბერს გამოვლენილი გაუგებრობა ხელისუფლების ოპონენტების და, კერძოდ, რესპუბლიკური პარტიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, თურქეთის, შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს, თუმცა მანამდე რესპუბლიკური პარტია ხელისუფლების შეცდომებზე ლაპარაკობს და თურქული სკოლისთვის დროებით ზომას ითხოვს:
"საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, მოლაპარაკებების დამთავრების გარეშე გაიხსნა თურქული სკოლა. ასევე, ცნობილი არ იყო სამინისტროსთვის, რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა და ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც სკოლა არაერთხელ დაჯარიმდა... საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო უყურადღებოდ, უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს. არ იყო დასრულებული მოლაპარაკებები და ისე გაიხსნა სკოლა... ჩვენ მოვითხოვთ, რომ სანამ სრულად არ იქნება მოქცეული სკოლა ქართულ კანონმდებლობაში, მან დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება“.
საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო უყურადღებოდ, უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს. არ იყო დასრულებული მოლაპარაკებები და ისე გაიხსნა სკოლა... ჩვენ მოვითხოვთ, რომ სანამ სრულად არ იქნება მოქცეული სკოლა ქართულ კანონმდებლობაში, მან დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება...ხათუნა სამნიძე
როდესაც გავრცელდა ინფორმაცია საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში გამოვლენილ კიდევ ერთ გაუგებრობაზე, ბევრს გაახსენდა მიმდინარე წლის ზაფხულის მოვლენები, რომლებიც ფეტულა გიულენის სახელს უკავშირდებოდა. საუბარია თურქეთში სამხედრო გადატრიალების ჩაშლის კვალდაკვალ განვითარებულ პროცესებზე, როდესაც ადამიანების მასობრივად დაპატიმრება დაიწყეს – იჭერდნენ ყველას, ვინც ეჭვმიტანილი იყო პრეზიდენტ ერდოანის ნომერ პირველ მტრად წოდებულ, პუტჩის ორგანიზატორად დასახელებულ ფეტულა გიულენთან მეგობრობაში. პრეტენზიები და ბრალდებები გარკვეული დოზით საქართველოსკენაც წამოვიდა. ანალიტიკოსებმა მაშინ შემაშფოთებელ სიგნალად განიხილეს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის მიერ აჭარის ტელევიზიით 16 ივლისს გაკეთებული განცხადება (ინტერვიუს მსვლელობისას), რომ ტერორისტებს ზრდიან ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო ქსელის ნაწილს და გიულენის სახელს უკავშირდება.
18 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, განმარტებებზე დაყრდნობით, რომ „ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში“, თუმცა, როგორც აჭარის ტელევიზიაში განმარტეს, გენერალური კონსულის ინტერვიუს იმ დღეს საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.
ამასთან, პროცესი ამით არ დასრულებულა – ამ თემაზე საუბარი გაგრძელდა 19 ივლისს ანკარაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი. როგორც დელეგაციის წარმომადგენელმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, თედო ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თურქულმა მხარემ მიიღო დაპირება, რომ ქართული მხარე ძალიან ყურადღებით დააკვირდებოდა ფეტულა გიულენის სახელთან ასოცირებული სკოლების საქმიანობას.