ცხინვალში არ წყდება დისკუსია მოსალოდნელი რეფერენდუმის შესახებ. სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე რუსეთთან გაერთიანების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ცოტა ხნის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. მისი განცხადებით, ოსურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს არაღიარებული რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-10 მუხლში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლის მიხედვითაც, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს უფლება მიეცემა პირდაპირ მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს ერთიანი სამოკავშირეო ორგანოს შექმნისა და მისთვის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე. საკითხის ამ ფორმით დასმამ ცხინვალში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
რუსეთთან მიერთების ყველაზე დიდი მომხრე, ამჟამინდელი პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი აზრით, პრეზიდენტს არა აქვს უფლება ხალხის გადასაწყვეტი საკითხი თავად გადაწყვიტოს. გარდა ამისა, გავრცელდა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა კავშირის განცხადება. ოსური საზოგადოების ნაწილმა თიბილოვი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და მას ფიცი შეახსენა, რომლის მიხედვითაც ის თვითაღიარებული რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტია. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ თიბილოვი ამ რეფერენდუმის ჩატარებით სახელმწიფოს სუვერენიტეტს ლახავს. ცხინვალში საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის ნაწილია. თიბილოვს, რომელსაც მეორე ვადით კენჭისყრის სურვილი აქვს, ცდილობს რუსეთთან ინტეგრაციის ყველაზე დიდ მომხრეს, ანატოლი ბიბილოვს, ინიციატივა წაართვას და თვითონ გამოჩნდეს რუსეთის ყველაზე დიდ მხარდამჭერად. ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგია. მისი აზრით, დაუშვებელია სამხრეთ ოსეთი რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი გახდეს, თუმცა იგი სამოკავშირეო ურთიერთობებს მხარს უჭერს. ალბოროვას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად განვითარების მომხრეების რიცხვი სულ უფრო მცირდება.
კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ თიბილოვს, რომელსაც თავდაპირველად რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთების საკითხის გამოტანით უნდოდა, კრემლში პოზიცია შეაცვლევინეს. მისი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პოლიტიკურ ენაზე ნიშნავს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის ჯერ არ სცალია.
რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის იდეა ახალი არ არის და თვითაღიარებული რესპუბლიკის თითქმის ყველა პრეზიდენტი რეფერენდუმს ატარებდა. მოსალოდნელ რეფერენდუმს იგი შიდაპოლიტიკურ ჭრილში, თიბილოვისა და ბიბილოვის საარჩევნო ორთაბრძოლის კონტექსტში განიხილავს. მისი აზრით, მოსკოვი არ იჩქარებს და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დათანხმდეს ორი ოსეთის გაერთიანებაზე, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება. მისი თქმით, ახლა მოსკოვს, რომელიც დასავლეთთან მრავალმხრივი კრიზისების დასაძლევად საერთო ენის გამონახვას ცდილობს, სულაც არ აძლევს ხელს ახალი თავის ტკივილი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანთა გააქტიურება 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ემთხვევა და რეაქციაა ამ საკითხზე. მისი თქმით, რუსეთი იმდენ თანხას რიცხავს დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენისთვის და იმდენად მაღალია კორუფციის მასშტაბები, რომ შეუძლებელია ამ ლუკმაზე ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტამ უარი თქვას.
რუსეთთან მიერთების მოწინააღმდეგეები ცხინვალში აქამდე ჩუმად იყვნენ და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ, მაგრამ სოციალური ქსელებით ბოლო დღეებში მათი გააქტიურება შეინიშნება, ეს ადამიანები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ და პრაქტიკულად ღიად უპირისპირდებიან ლეონიდ თიბილოვის ინიციატივას, რადგან, მათი აზრით, პრეზიდენტი სხვა ქვეყნის შემადგენლობაში გაერთიანების მომხრე კი არა, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დამცველი უნდა იყოს. ანალიტიკოსების აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ საკითხზე დაპირისპირება სულ უფრო გაღრმავდება.