საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემდეგ, სამეგრელოში, მიწისქვეშა სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალა 20 ივნისს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა იხილეს. დახურულ ჩვენებაზე ისინი შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიწვია. რა მიზნებს ემსახურება წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ეპიზოდების ჩვენება საზოგადოების ცალკეული წრეებისთვის?
ჩვენებამ მწვავე დაპირისპირებისა და ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე ჩაიარა.
ფაქტია, რომ კასრებში აღმოჩენილმა ვიდეომასალამ კიდევ უფრო დაამძიმა იარლიყების მიწებების ტენდენცია - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელისუფლების უპირობო მომხრეებად მიიჩნევენ. ძველი ხელისუფლების ბრმა მხარდაჭერის ბრალდებით, 20 ივნისის შეხვედრაზე საკმაოდ მწვავე რეპლიკები და შეფასებები მოისმინეს, მაგალითად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, რომლებმაც დარბაზი ვიდეოჩანაწერების გაშვებამდე პროტესტის გამო დატოვეს. საუბარია ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეომასალაზე, კერძოდ, 2 ეპიზოდზე, რაც, 17 ივნისს გახმაურებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში, მიწისქვეშა
ყველამ უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ამ კადრებში. როდესაც ეს ადამიანები გაიგებენ, რომ დაახლოებით 100 ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ზის და ამ კადრებს უყურებს, მათ გრძნობებზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ...ეკა გიგაური
სამალავში, კერძოდ, პლასტმასის კასრებში აღმოაჩინეს. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არიან თავდაცვისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროების ძველი თუ ახალი თანამშრომლები. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი, მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა ეჭირათ მათ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.
კასრებში აღმოჩენილი შემზარავი კადრები 19 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიკური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. ითქვა, რომ უცხოელი დიპლომატები ინფორმაციას თავიანთ დედაქალაქებს მიაწვდიან და ეს აუცილებელია საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანობასთან დაკავშირებული ეჭვების გასაქარწყლებლად. თუმცა ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაგრძელდა დახურული ჩვენებები და რატომ მიიწვიეს შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 ივნისს უკვე მედია და არასამთავრობო სექტორი.
ეს გაუგებრად დარჩა შეხვედრაზე მიწვეულთა იმ ნაწილისთვის, რომელმაც დარბაზი ვიდეომასალის ჩვენებამდე დატოვა. მათ შორის იყვნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელები. როგორც, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი მისვლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მეტად მწვავე პრობლემურ საკითხზე მსჯელობა და არა ადამიანების ბედთან დაკავშირებული ვიდეომასალების ნახვა:
”ყველამ უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ამ კადრებში. როდესაც ეს ადამიანები გაიგებენ, რომ დაახლოებით 100 ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ზის და ამ კადრებს უყურებს, მათ გრძნობებზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, ეს, სულ ცოტა, არაეთიკური იყო. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა ამ კადრების ჩვენება”.
ამ კადრების საჯაროდ გამოქვეყნება რომ არ შეიძლება, ცხადია, რადგანაც შეიძლება ადამიანები ქუჩაში, უბრალოდ, ერთმანეთს დაერიონ. აქაც კი ვერ შეიკავეს ემოციები, როგორც ვნახეთ...რამაზ საყვარელიძე
ეკა გიგაურისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეოფირების დახურული ჯგუფებისთვის ჩვენებას საკმაოდ საჭიროდ თვლის, მაგალითად, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მისი აზრით, სასტიკი ძალადობის ამსახველი კადრების მედიისთვის ჩვენება ხელისუფლებას შესაძლოა საზოგადოების დასარწმუნებლად გამოადგეს:
”ეს კადრები საზოგადოებამ ხომ არ უნდა ნახოს, რადგანაც შეიძლება ვიღაცები პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან ეს საშინელი კადრებია... და თუკი ვინმეს ეჭვი შეეპარება იმაში, რასაც ხელისუფლება ამბობს, ჟურნალისტთა კორპუსს ექნება ნანახი და შეიძლება თქვას, რომ ჩვენების გარეშეც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეგიძლიათ ენდოთ ხელისუფლებას, რომ მართლაც ასეთი საშინელი რამ ხდება ამ კადრებზე. ალბათ, ეს იყო ჩვენების ერთ-ერთი მიზანი”.
20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიწვეულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ კადრების გასაჯაროებას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს. მართალია, ასეთ ნაბიჯს დამღუპველად მიიჩნევს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, მაგრამ ის თვლის, რომ წინა ხელისუფლების ნამოქმედარი დაფარული არ უნდა დარჩეს. ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახურული ჩვენებებით ოქროს შუალედი გამონახა:
”ამ კადრების საჯაროდ გამოქვეყნება რომ არ შეიძლება, ცხადია, რადგანაც შეიძლება ადამიანები ქუჩაში, უბრალოდ, ერთმანეთს დაერიონ. აქაც კი ვერ შეიკავეს ემოციები, როგორც ვნახეთ. მაგრამ რომ გაჩუმდე და ეს საერთოდ არ ამოატივტივო, ესეც პრობლემაა, რადგანაც ”ნაციონალური მოძრაობა” სულ უფრო ამბიციური და პრეტენზიული ტონით საუბრობს საზოგადოებასთან. ამასთან, ხშირია საზოგადოებაში ფრაზა, რომ უხერხემლოა ეს ხელისუფლება და ვერ დგამს საჭირო ნაბიჯებს... ჩემი აზრით, მოიძებნა ამ სამი წერტილიდან დაბალანსებული გამოსავალი”.
რამაზ საყვარელიძე მათ შორის არის, ვინც ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერი სახის და, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურებას. ასეთები თვლიან, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ ამ მასალების დაცვასა და გაუვრცელებლობაზე უნდა იზრუნონ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, როგორც ცნობილია, გამოძიებისთვის არაღირებული 54 დისკის განადგურება, საგანგებო კომისიასთან შეთანხმებით, 23 ივნისისთვის დაიგეგმა. თუმცა 20 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მონაწილეთა ერთ ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ძველი პირობა დაირღვეს და მასალები აღარ განადგურდეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ეს საკითხი 21 ივნისს საგანგებო კომისიის სხდომაზე გადაწყდება. თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო კომისიის წევრმა ეკა გიგაურმა.