Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ოფიციალურ არჩევამდე ხუთი დღე დარჩა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი კაბინეტის მომავალ წევრებს ირჩევს, თუმცა მისი პრეზიდენტობის ბედი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა. მის მეტოქეს მეტი ამომრჩეველი მიემხრო! ამერიკის კონსტიტუციით კი, პრეზიდენტს ხალხი კი არა, ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელმაც 19 დეკემბერს უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ თეთრი სახლის ბატონის ბედი.

ტრამპი ყველაზე პოპულარულ ადამიანად რჩება და ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდება. მის პოპულარობას ხელს უწყობს ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეტოქემ, ჰილარი კლინტონმა, ტრამპზე მეტი ამერიკელი მიიმხრო, ასევე ის, რომ თითქოს რუსი ჰაკერები ჩაერივნენ კენჭისყრაში და ისიც, თუ როგორ მართავს ვითარებას შესაძლო მომავალი პრეზიდენტი. აშშ-ში საარჩევნო კოლეგიის არსებობა ყოველ ოთხ წელიწადში ახსენდებათ, რადგან ეს 538 ამომრჩეველი ასეთი სიხშირით მუშაობს. მათ 50 შტატი და ვაშინგტონი ირჩევს.

წელს, 19 დეკემბერს, ამერიკის კანონით, დეკემბრის მეორე ოთხშაბათის პირველ ორშაბათს, ისინი ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დაამტკიცებენ ოფიციალურად. ბევრი მოელის, რომ ეს დონალდ ტრამპი იქნება. წელს კოლეგიის შეკრება უჩვეულო იქნება. სავარაუდოდ, ასეთი რამ ამერიკის შშ-ს არ ახსოვს. ზემოთაც ითქვა: ჰილარი კლინტონმა მეტი მოქალაქე მიიმხრო. ბოლო დათვლებით, სამი მილიონით მეტი ადამიანი მიიჩნევს აშშ-ში, რომ პრეზიდენტი დემოკრატი კანდიდატი უნდა გახდეს. მაგრამ ამერიკაში ხალხი არ ირჩევს პრეზიდენტს, როგორც ითქვა, ამას საარჩევნო კოლეგია აკეთებს. და რადგან ტრამპს მეტი მოქალაქე მიემხრო საგანგებო შტატებში: მიჩიგანში, ვისკონსინში და პენსილვანიაში, მას მხარი დაუჭირა კოლეგიის მეტმა, 306-მა, წევრმა, ხოლო კლინტონს - 232-მა. ამ მომხრეთა დათვლის სპეციალურ წესს ერთვის ერთი კონკრეტული ფაქტი: აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა დაასკვნეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის მთავრობის ჰაკერებმა მოახერხეს აშშ-ის პოლიტიკური პარტიების საკომპიუტერო სერვერებში შეღწევა.

ახლანდელი ვითარების დაძაბულობას ის განსაზღვრავს, რომ ხალხი ღელავს დონალდ ტრამპის გამო. ასეთი მღელვარება ბუშისა და გორის გამო არ ყოფილა...
კლეარ ეიერი

პრესამ, კერძოდ, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გააღრმავეს შეშფოთება, როცა გამოაქვეყნეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის ნათქვამი, რუს ჰაკერებს შეიძლება სურდათ ტრამპს დახმარებოდნენ არჩევნებშიო. ამ ბრალდებას ტრამპი უარყოფს. ვერმონტელი სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი კლეარ ეიერი 2012 წელს იყო საარჩევნო კოლეგიის წევრი. ის იხსენებს 2000 წლის ამბებს, როცა ელ გორმა, დემოკრატმა კანდიდატმა, ხალხის ხმების მიხედვით, მოუგო რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს, მაგრამ პრეზიდენტი გახდა ის, ვისაც კოლეგიის მეტი წევრი მიემხრო, ანუ ბუში. თუმცა ახლანდელი ვითარება ბევრად დაძაბულიაო, ამბობს ეიერი:

„ახლანდელი ვითარების დაძაბულობას ის განსაზღვრავს, რომ ხალხი ღელავს დონალდ ტრამპის გამო. ასეთი მღელვარება ბუშისა და გორის გამო არ ყოფილა“, ამბობს ვერმონტის შტატის სენატორი და იხსენებს იმ წელს, როცა ობამამ მოიგო არჩევნები ხალხის ხმებისა და კოლეგიის წევრების რაოდენობის მიხედვითაც:

„მე და ჩვენი შტატიდან კოლეგიის კიდევ ორი წევრი შტატის დედაქალაქ მონპელიეში გამოვცხადდით. შტატის სახელმწიფო მდივანმა გადმოგვცა ერთი-ორი დოკუმენტი, მოვაწერეთ მას ხელი და ყველაფერი დასრულდა“.

ასევე იქნება ახლაც, 19 დეკემბერს. კოლეგიის წევრებს ნიშნავენ შტატის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და მათ თითოეულ შტატში პარტიები ირჩევენ. არც კონსტიტუცია და არც ფედერალური კანონი არ ავალებთ მათ გაითვალისწინონ შტატში მოსახლეობის ხმების დათვლის შედეგები.

საარჩევნო კოლეგია 1787 წელს შექმნეს აშშ-ის კონსტიტუციის ავტორებმა – შექმნეს კომპრომისის საფუძველზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრით არჩევის მომხრეებსა და, მეორე მხრივ, კონგრესის მიერ პრეზიდენტის არჩევის მხარდამჭერებს შორის. საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით მომცრო შტატებს უნდა მისცემოდათ გარანტია, რომ მათ ხმას ისეთივე წონა ექნებოდა, როგორც შტატებს, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. რამდენიმე შტატში ამავე შტატის კანონი მოითხოვს კოლეგიის წევრებისგან, ხმები ხალხის მხარდაჭერის შესაბამისად მისცენ. არის შტატები, სადაც ამას პოლიტიკურ პარტია განსაზღვრავს, ის, ვინც ისინი კოლეგიაში აირჩია. და თუ საარჩევნო კოლეგიის წევრმა დაარღვია პირობა, ხმა მისცა არა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, არამედ სხვას, ან საერთოდ უარი თქვა ხმის მიცემაზე, მაშინ მას „არაკეთილსინდისიერ ამრჩევს“ უწოდებენ. ასეთი ამრჩევი, ჩვეულებრივ, ბევრი არ არის და 29 შტატში მოქმედებს კანონი, რომელიც მათ წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ორი შტატი, მიჩიგანი და მინესოტა, საერთოდ აუქმებს ასეთ ხმებს. წელს, 2016-ში, ასეთ ამრჩევს ჰემილტონის ამრჩევიც უწოდეს. სახელი უკავშირდება ალექსანდრ ჰემილტონს, პირველ ფინანსთა მინისტრს და თანაავტორს დოკუმენტებისა, რომლებიც 1787-1788 წლებში გამოქვეყნდა და რომელთა მიზანი კონსტიტუციის რატიფიცირებისთვის ხელშეწყობა იყო. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კოლეგიის მთავარი მიზანი ისაა, ხელი შეუშალოს უცხო ძალებს, ადგილი მოიპოვონ ჩვენს საბჭოებშიო. ჰემილტონის სახელი ახლა ეწოდა ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს, რომელსაც სურს, რომ არა ტრამპი, არამედ სხვა რესპუბლიკელი აირჩიონ.

არა მგონია, ეს ჭკუასთან ახლოს იყოს. ერთი ჯგუფის მცირე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ვერ მოგცემს იმის უფლებას, კონსტიტუცია გადააბრუნო...
კლეარ ეიერი

თუ ტრამპის მოწინააღმდეგეები საკმარის მხარდაჭერას მოაგროვებენ იმისთვის, რომ, სულ მცირე, კოლეგიის 37 ამრჩევი გადაიბირონ, არ მისცენ ხმა ტრამპს, მილიარდერის არჩევას ხელი შეეშლება და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე წარმომადგენელთა პალატა მიიღებს, როგორც ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ჯგუფის წევრები თვლიან, რომ აშშ-ის დამაარსებლებმა საარჩევნო კოლეგია იმისთვის შექმნეს, რომ პრეზიდენტად შეუფერებელი პირი არ არჩეულიყო. მათ მიერ შექმნილი კონსტიტუცია გვაძლევს ასეთ ინსტრუმენტს და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთო, ამბობენ ისინი. თავიანთი განზრახვის დეტალების თაობაზე ჯგუფმა ელექტრონულ წერილებს არ უპასუხა. ტრამპს ეს მცდელობები შეუმჩნეველი არ დარჩენია. მისი გუნდი ჩაერია ორი ამრჩევის სამართლებრივ მცდელობაში კოლორადოს შტატში, სადაც ტრამპს მეტი მოქალაქე მიემხრო. მათი სურვილი იყო გათავისუფლებულიყვნენ ვალდებულებისგან, ხმა მიეცათ მისთვის, ვინც მოსახლეობის უმრავლესობა მიიმხრო. ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ამრჩევთა სურვილი და მას „პოლიტიკური ტრიუკი“ უწოდა.

სხვა ამრჩევებმა მეტი ინფორმაცია მოითხოვეს რუსი ჰაკერების შესაძლო ჩარევაზე. აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის ათი წევრი ითხოვს, მიეწოდოს მათ დეტალური ინფორმაცია საარჩევნო კამპანიაში ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, ჯეიმს კეპლერისადმი გაგზავნილ ღია წერილში კოლეგიის წევრები აცხადებენ, რომ თვითონ უნდა განსაზღვრონ, დაზვერვის სამსახურების მიერ შეგროვილი მასალის მიხედვით, ტრამპისა და მისი გარემოცვის შესაძლო მონაწილეობა რუსეთის მცდელობაში ზეგავლენა მოეხდინა აშშ-ის არჩევნების შედეგზე. გავრცელებულ ცნობებს (რომლებიც ოფიციალურად არ დასტურდება) იმის შესახებ, რომ რუსეთი კიბერთავდასხმებით შეეცადა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა, მოჰყვა არაერთი მოწოდება, მოეწყოს საპარლამენტო გამოძიება.

ვერმონტელი სენატორი ამბობს, რომ ამით, ალბათ, ვერაფერს მიაღწევენ:

„არა მგონია, ეს ჭკუასთან ახლოს იყოს. ერთი ჯგუფის მცირე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ვერ მოგცემს იმის უფლებას, კონსტიტუცია გადააბრუნო“.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG