პარასკევს საღამოს, მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არის 18 წლის თავდამსხმელი, წარმოშობით ირანელი გერმანელი, რომელმაც, სამართალდამცველთა ცნობით, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
მიუნხენის პოლიციის უფროსის, ჰუბერტუს ანდრეს განცხადებით, შეწყვეტილ იქნა თავდამსხმელთა ძიების ოპერაცია, რადგან, გამოძიების დასკვნით, საქმე გვაქვს არა ჯგუფურ, არამედ ცალკეული პირის მიერ მოწყობილ დანაშაულთან. თავდაპირველად, თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით, საუბრობდნენ სამ სავარაუდო თავდამსხმელზე.
პარასკევს, 17 საათსა და 52 წუთზე პოლიციამ მიიღი პირველი შეტყობინება ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრთან სროლის შესახებ. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ თავდასხმას რვა ადამიანი შეეწირა. ღამის განმავლობაში საავადმყოფოში გარდაიცვალა სროლისას დაჭრილი კიდევ ერთი პირი. სულ დაჭრილია 16 ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, თუმცა არც ადასტურებენ, რომ საქმე ტერორისტულ თავდასხმასთან გვაქვს.