ორ დღეში სრულდება თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყო. ის წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. სულ წარმოდგენილია 125 ფილმი სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, ტრადიციულად, იმართება საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ევროპელი რეჟისორების 10 ფილმი მონაწილეობს. საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის „პრომეთეთი“ დაჯილდოვდება.
გაგა ჩხეიძე, თბილისის კინოფესტივალის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ კინოფესტივალს სხვადასხვა სექციები აქვს, მათ შრის არის „კინო და სოციალური ცვლილებები“.
„ფილმები, რომლებიც გვიჩვენებენ, თუ როგორ იცვლება სოციალური გარემო ადამიანის ზემოქმედებით, ინდივიდი როგორ უპირისპირდება გარემოს. ინდივიდის დაპირისპირების შემთხვევაში აქვს თუ არამას ძალა და უნარი საზოგადოებას წინააღმდეგობა გაუწიოს. შეიძლება ეს იყოს მეამბოხე, შეიძლება, პირიქით, თავი მოიკლას - ვერ გაუძლოს ამ წინააღმდეგობას. შეიძლება საერთოდ ინდიფერენტული იყოს და არაფერი შეიცვალოს. აი, ასეთ თემებზე არის ფილმები, რომლებსაც ვაჩვენებთ“.
ამავე პროგრამაშია ჩართული ნუცა მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, სამხრეთამერიკული ფილმი „წვიმაც იყიდება“ და ფრანგული ფილმი „მობრძანდით“.
კინოფესტივალის ფარგლებში, თბილისში ჩამოსული სტუმრები მხოლოდ კინოზე არ საუბრობდნენ. მაგალითად, ჩამოსული იყო პოლონელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ადამ მიხნიკი. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექციათემაზე „ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები".
კინოფესტივალის მთავარი თემა წელს ქალთა საკითხებია და ფესტივალის წლევანდელი ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. სექცია „ქალთა ხედვის“ კოორდინატორი ნათია გიუნაშვილი ამბობს, რომ აუდიტორიისთვის ქალების 9 ფილმი შეარჩიეს, აქედან ზოგი ქალებზეა, ზოგი - ქალების მიერ გადაღებული.
„თუმცა თემატურად უფრო დავალაგეთ. შეიძლება იყოს მამაკაცის გადაღებული, მაგრამ ფილმი ეხება ქალებზე ძალადობას, ასევე სექსუალური უმცირესობების და გენდერულ საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქცენტების გაკეთება, რადგან ქალები კინოინდუსტრიაში, ისევ როგორც ხელოვნების სხვა სფეროებში, ბოლო რამდენიმე დეკადაა, რაც გააქტიურდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ხელის შეწყობა“.
ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში ირჩევა ერთი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულად არის წარმოდგენილი. წელს ასეთი ქვეყანა შვეიცარიაა. გარდა ამისა, ფილმები გამოგზავნილია როგორც ევროპიდან, ასევე რუსეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც.
სუსანა არუთუნიანი, რომელიც სომხეთის ფესტივალის „ოქროს გარგარის“ არტდირექტორია, ამბობს, რომ სომხეთიდან ორი ფილმი ჩამოიტანეს, მათ შორის ერთი ემიგრანტებს ეხება.
„არუთუნ ხაჩატურიანს რამდენიმე წლის წინ აქ თავისი ფილმების რეტროსპექტივა ჰქონდა, ახლა კი წარმოდგენილი აქვს ახალი ფილმი - დოკუმენტური ტრილოგიის პირველი ნაწილი. ფილმი იმ ადამიანებზეა, რომლებიც საზღვარგარეთ დამკვიდრებას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს თემა არა მარტო სომხებისთვის, ზოგადად ყველასთვის საინტერესოა“.
ახალგაზრდა რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე კინოფესტივალს ორი სიტყვით აფასებს:
„მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი პროგრამა არის ძალიან საინტერესო. ზოგი მათგანი უკვე ნანახი მაქვს სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, სხვები ჯერ არ მინახავს, მაგრამ რაც ვნახე და წავიკითხე, ძალიან საინტერესო პროგრამაა და ვურჩევ ყველა ადამიანს, დახარჯოს დრო და ნახოს ეს ფილმები“.
ჟურნალისტი და კინოკრიტოსი ნიკა ესებუა ამბობს, რომ პროგრამა განსაკუთრებითსაინტერესოა, რადგან ბევრი ისეთი ფილმი ჩამოიტანეს, რომელიც კანის ფესტივალზე იყო ნაჩვენები და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. ის რამდენიმე ფილმს გამოყოფს: ტოდ ჰეინსის „კეროლი“, რომელსაც რამდენიმე ოსკარს უწინასწარმეტყველებენ და პაოლო სორენტინოს „ახალგაზრდობა“.
„სებასტიან შიფერის „ვიქტორია“ ყველაზე მეტად მაინტერესებს. ეს დებიუტანტი რეჟისორია. ესპანელი გოგო ჩადის ბერლინში და მისი ერთი დღეერთი უწყვეტი კადრით არის გადაღებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეჟისორმა უწყვეტი კადრით გადაიღო ფილმი. უბრალოდ, ტრეილერიძალიან შთამბეჭდავია. ეს არ არის ერთ ლოკაციაში გაკეთებული ფილმი, პერსონაჟი მოძრაობს. იქ არის „ექშენ სცენები“, რომელიც ძალიან ძნელი გადასაღებია. დიალოგებია უამრავი. უამრავ ლოკაციას იცვლიან პერსონაჟები“.
გარდა მხატვრული ფილმებისა, ბევრია დოკუმენტური ფილმებიც. მაგალითად, ლევან ადამიამ გადაიღო ფილმი ქართველ მეზღვაურებზე, რომლებიც სომალელ მეკობრეებს ჰყავდათ დატყვევებული.
„ფილმი იმით არის საინტერესო, რომ თვითონ მსხვერპლები ჰყვებიან ამბავს. მათიგამოყვანის ოპერაცია დოკუმენტურად არის გადაღებული. ახალზელანდიური სპეცდანიშნულების რაზმი იყო ნაქირავები, რომლებსაც ავტომატებზე ეყენათ კამერები და გამოყვანის ოპერაცია გადაიღეს. მერე, რომელმაც გამოიყვანა, იმ გემსაც დაესხნენ თავს მეკობრეები, მაგრამ მოიგერიეს“.
კინოფესტივალი გაიხსნა ლევან თუთბერიძის ფილმით „მოირა“ და 6 დეკემბერსდაიხურება დიტო ცინცაძის ფილმით „ბედნიერების ღმერთი“. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.