Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი: „რასიზმი არის საქართველოში“


თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე
თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე

დიღომში ადგილობრივ მოსახლეობასა და ფეხბურთის სტადიონზე მყოფ შავკანიან სტუდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირების მონაწილე ნიგერიელების ნაწილი ამ დრომდე პოლიციაში, დაკითხვაზე რჩება. დაკითხვას ესწრება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურისტიც.

ჩვენ ვმუშაობთ ამ ხალხთან და ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად აწყდებიან დევნას, შეურაცხყოფას და შევიწროებას საჯარო სივრცეში, ტრანსპორტით მგზავრობისას...
მაკო ღავთაძე

როგორც ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი, მაკო ღავთაძე შენიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც თავდასხმასა და ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით, გამოძიებაში არ ჩანს რასობრივი მოტივი. თუმც კი, მაკო ღავთაძის თქმით, აფრიკელი სტუდენტების მონათხრობი სხვა რამეზე მეტყველებს. მისივე შეფასებით, საქართველოში ხშირად გვხვდება რასობრივი დისკრიმინაციის და სიძულვილის შემთხვევები, რაც აქამდეც არაერთხელ გამოჩნდა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ ხალხთან და ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად აწყდებიან დევნას, შეურაცხყოფას და შევიწროებას საჯარო სივრცეში, ტრანსპორტით მგზავრობისას. ძალადობის შემთხვევები, შესაძლოა, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენთვის ხდება ცნობილი, რადგან უნდობლობის და ენის უცოდინრობის გამო, თავადაც იკავებენ თავს გასაჯაროებისგან. დიდად არც პოლიციის რეაგირების იმედი აქვთ. თუმცა გუშინ მომხდარი ამბავიც ადასტურებს, რომ საქართველოშიც არსებობს შეუწყნარებლობის ტალღა და რასობრივი დისკრიმინაცია“.

ბინადრობის მოწმობაზე მიღებული უარების სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციაა...
მაკო ღავთაძე

მაკო ღავთაძე ასევე აცხადებს, რომ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს სახელმწიფოს მხრიდანაც არაერთი პრობლემა ექმნებათ, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიც ბინადრობის მოწმობის აღებაა.

„აქ, შესაძლოა, პირდაპირ რასობრივი მოტივი არ იკვეთებოდეს, თუმცა ბინადრობის მოწმობაზე მიღებული უარების სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციაა. და როგორც წესი, მათ უარს ეუბნებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე. ამიტომ, შესაძლოა, სახელმწიფოს ასეთი მიდგომა ამ ადამიანების მიმართ, მათდამი დღეს ქვეყანაში არსებულ არცთუ დადებით დამოკიდებულებასაც ახალისებდეს“, - ამბობს მაკო ღავთაძე.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უფრო მკაცრი უნდა იყოს, ხოლო მსგავს ფაქტებზე რეაგირება უფრო ეფექტიანი.

8 აპრილს, დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა. ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ხელკეტებით შეიარაღებული კაცები როგორ მისდევენ და აგინებენ შავკანიან ახალგაზრდებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG