საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ ერთობლივ რეზოლუციაზე შეთანხმდნენ. როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განმარტა, შეთანხმება შედგა პრინციპულ საკითხებზე. რეზოლუციას მომავალ კვირაში კომიტეტებში განიხილავენ და სესიაზეც უყრიან კენჭს.
რეზოლუციის ერთობლივი ტექსტი
- რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმებას წინ კონსულტაცია უძღოდა.
- „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, რეზოლუცია, სხვა პრინციპულ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ე. წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ რეზოლუციის შეთანხმებული ვარიანტი შედარებით კომპრომისულია და ის ჩამორჩება პრინციპულობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მანამდე შემუშავებულ ტექსტს.
რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე შეთანხმებას წინ კონსულტაცია უძღოდა, უფრო ადრე რეზოლუციის დამოუკიდებელი ტექსტი ჰქონდა შემუშავებული „ქართულ ოცნებას“ და „ევროპულ საქართველოს“. „ქართული ოცნების“ რეზოლუციის ტექსტში მკაცრად იყო დაგმობილი მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის, ხოლო 2016 წლის მაისში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას „სიცოცხლის ხელყოფის“ ფაქტები, რაზეც პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციას აკისრებდა და გმობდა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. რეზოლუციის თანახმად, „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციას მოუწოდებდა უზრუნველეყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადმოცემა.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით კი, საქართველოს მთავრობას უნდა შეექმნა ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ამ სიაში შეყვანილი პირების ქონება დაეყადაღებინა და აეკრძალა მათთვის იმ შეღავათებით სარგებლობა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დაწესებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.
საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის 16 მარტს გამართული კონსულტაციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” და სანქციების დაწესება. მისი სიტყვებით, შეთანხმდნენ პრინციპებსა და საერთო ტექსტზე, ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი:
სამწუხაროდ, ეს არ არის ის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც შეთავაზებული იყო უმცირესობის მხრიდან და რომელსაც მხარს უჭერდა ოპოზიცია...რომან გოცირიძე
„გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთ რეზოლუციას, რომელიც შექმნის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, რომელშიც მოხვდება ყველა ის ადამიანი, რომელიც არის პასუხისმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გარდა ამისა, ეს იქნება რეზოლუცია, რომელიც დაგმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, როგორ უნდა აღვუდგეთ მსგავს სამარცხვინო დ ტრაგიკულ ფაქტებს. ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები, პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ პრინციპებზე და საერთო ტექსტზე. დარჩა კონკრეტული ტექნიკური სამუშაოები, რომელსაც, ალბათ, შემდეგ რამდენიმე დღეში დავამთავრებთ“.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ რეზოლუციის შეთანხმებული ვარიანტი შედარებით კომპრომისულია და ის ჩამორჩება პრინციპულობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მანამდე შემუშავებულ ტექსტს, თუმცა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი, რომან გოცირიძე, ამბობს, პრინციპულია მსგავს საკითხზე შეთანხმებული პოზიციის არსებობა. ის ოთხოზორიას საქმის მაგალითზე განიხილავს რეზოლუციის სულისკვეთებას:
„სამწუხაროდ, ეს არ არის ის თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც შეთავაზებული იყო უმცირესობის მხრიდან და რომელსაც მხარს უჭერდა ოპოზიცია. დღეს ამ სიაში არის მკვლელი კანჯიოღლი და არა აფხაზეთის პროკურორი, რომელიც ამ საქმეს არ იძიებს. სამწუხაროდ, ეს ვარიანტი არ არის ის, რასაც ველოდით. მაინც ამ კომპრომისულ შემოთავაზებას დავუჭერთ ჩვენ მხარს, რადგან პრინციპულია, რომ სანქციის ფორმა არის ჩადებული და ერთობლივი მხარდაჭერით მისი გასვლა პოლიტიკურადაც იქნება უკეთესი“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, რეზოლუცია, სხვა პრინციპულ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ე. წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“. რეზოლუცია იქნება ერთ-ერთი ბერკეტი იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული ქმედებების პრევენცია მოხდეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რეზოლუცია ყველა მნიშვნელოვან სათქმელს შეიცავს:
„შევთანხმდით ყველა პრინციპულ საკითხზე და სასესიო კვირაში რეზოლუციას ექნება უმცირესობის მხარდაჭერაც. ამ რეზოლუციაში იქნება როგორც მომხდართან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები, ასევე მოთხოვნილი კონკრეტული ქმედებები, მათ შორის - გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და სპეციალური სიის ფორმირება, რომელშიც, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, შესაძლოა, შეიყვანოს საქართველოს მთავრობამ“.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რეზოლუცია იქნება გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომლის მხარდაჭერის მოლოდინიც აქვს ხელისუფლებას. 15 მარტს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ რადიო თავისუფლების შეკითხვას, დაუჭერდა თუ არა დასავლეთი და აშშ მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუკი მმართველი ძალა და ოპოზიცია შეთანხმდებოდნენ რეზოლუციის ერთობლივ პროექტზე, ასე უპასუხა:
„პრინციპში, ჩვენ ამას მხარს დავუჭერდით. რასაკვირველია, ჩვენ დაგვჭირდება ზუსტი ინფორმაცია სანქციების რაობაზე. ვფიქრობ, არსებობს ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ისეთი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს გახლავთ პასუხისმგებლობის არარსებობა. ვგულისხმობ იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებებს შეუძლიათ იმოქმედონ დაუსჯელად. რამდენიმე რამეს ვგულისხმობ: ვფიქრობ, სრულიად გამაოგნებელია ის, რომ მათ ოჯახისთვის არ დაუბრუნებიათ ბატონი ტატუნაშვილის ცხედარი. ეს, უბრალოდ, მიუღებელია! ეს გამაოგნებელია! პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ უფრო ფართოდაც. საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა: ან კამერის წინ აშკარად მოკლეს, ან - ძალიან საეჭვო ვითარებაში. ამას არ მოჰყოლია არანაირი პასუხისმგებლობა და გამოძიება, რომელში მონაწილეობის საშუალებაც ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას“.
„ტატუნაშვილის რეზოლუციას" პარლამენტის კომიტეტებში მომავალ კვირაში განიხილავენ და, სავარაუდოდ, ოთხშაბათს კენჭსაც უყრიან.