Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თარგმანში დაკარგული მეგრული სახელწოდებები


მეგრულიდან ქართულად თარგმნილი ტოპონიმების შეცვლის მოთხოვნით ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.
მეგრულიდან ქართულად თარგმნილი ტოპონიმების შეცვლის მოთხოვნით ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

მეგრულიდან ქართულად ნათარგმნი ტოპონიმები სამეგრელოში დღემდე განხილვის საგნად რჩება. ორიოდე წლის წინ მათი შეცვლა მოითხოვეს კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. სპეციალისტები ამბობენ, რომ რიგ შემთხვევაში სოფლებსა თუ მდინარეებს სახელები საბჭოთა კავშირის პერიოდში არასწორად დაერქვა. იყო შემთხვევები, როცა მეგრულ ტოპონიმებს ჯერ ქართულად თარგმნიდნენ, მერე რუსულად და რამდენიმე ასეთი სახელწოდება დღემდეა შემორჩენილი.

გადმოწერა

საქართველოს სპელეოკავშირის წევრი, ფოტოგრაფი რომან თოლორდავა ამბობს, რომ პრობლემა რუსულმა კარტოგრაფიულმა რუკებმა გამოიწვია. მისი თქმით, რუს ტოპოგრაფებს მეგრული ტოპონიმები საერთოდ არ აინტერესებდათ, ხშირად მათ ქართულად, ქართულიდან კი რუსულად თარგმნიდნენ.

„მე ვარ მეჯოგეების შთამომავალი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ჰყვებოდნენ ბაბუაჩემი და მისი მამა, თუ როგორ დაარქვეს ტბა ტობავარჩხილს სახელად ოხოჯე. მათ ოხოჯეში იქეიფეს, იქ, კოლმეურნეობის თავმჯდომარის დავალებით, ხარი დაკლეს. შემდეგ რუსმა ტოპოგრაფებმა თქვეს, ჩვენ ახლა მაღლა ავდივართ, ტოპოგრაფიას ვაკეთებთ და აი, იმ ტბას ოხოჯეს დავარქმევთ, რადგან აქ ძალიან კარგი დრო გავატარეთო“.

რეალურად მეჯოგეების სადგომი ოხოჯე და ტობავარჩხილი ერთმანეთისგან რვა კილომეტრით არის დაშორებული. საბოლოოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც ამ ტბას ახლა ცაშკიბულის ტობავარჩხილი ჰქვია.

„მაგრამ კარტოგრაფიული კომპანია სცოდავს, როცა ფაბულად იღებს რუსულ კარტოგრაფიულ რუკებს და პირდაპირ გადააქვს სახელები. მე რამდენიმეჯერ მივმართე, რომ ეს ძალიან პრინციპული შეცდომაა და არ შეიძლება ამ შეცდომების გამეორება“.

მსგავს რუკებზე რომან თოლორდავამ სამოცზე მეტი შეცდომა დაითვალა. მას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მაგალითად, მდინარე „გვალაშარა“ (მთის გზა) რუსულ რუკებზე „გლავაშარად“ არის მოხსენიებული.

კიდევ ერთი სახელწოდება, რომელზეც სამეგრელოში ანეკდოტებიც კი დადის, „გოჭკადილია“. ის ქართულად თარგმნის შემდეგ „გაჭედილად“ იქცა. ანეკდოტი კი ასეთია: გაჭედილში ვარ და მოვდივარო, ერთი მეორეს ურეკავს. გაჭედილი თუ ხარ, როგორღა მოდიხარო, - გაუკვირდა მეორეს.

რომან თოლორდავა
რომან თოლორდავა

სამიოდე წლის წინ ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფმა მეგრულიდან ქართულად თარგმნილი ტოპონიმების შეცვლა მოითხოვა. საინიციატივო ჯგუფის წევრი, ფილოლოგი ზაალ ჯალაღონია ამბობს, რომ წერილობით ზუგდიდის საკრებულოსაც მიმართეს და გამგეობასაც, მაგრამ მას მერე არაფერი შეცვლილა:

„დავაყენეთ ეს საკითხი, შეხვედრები გვქონდა. ერთგვარი კონფერენციაც ჩავატარეთ, მაგრამ საქმე წინ არ წასულა, ტოპონიმები არ შეცლილა. სახელმწიფო ენის შესახებ ახლახან შესულ კანონში წერია, რომ ტოპონიმების შეცვლა დაუშვებელია. თუ ასეა, პირდაპირ რატომ უნდა ითარგმნოს? მაგალითად, „უჩაღალ“ „შავღელედ“ არის თარგმნილი“.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ცხადაია ამბობს, რომ ქართულად თარგმნილი მეგრული ტოპონიმები არის, თუმცა არც ისე ბევრი. იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლებულია ტოპონიმების თარგმნა, პაატა ცხადაია შენიშნავს:

„იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვთარგმნოთ, სხვა შემთხვევაში კი უნდა დავტოვოთ. სვანურ სახელებს დავაკვირდი და არც ერთი არ არის თარგმნილი ქართულად, სამეგრელოში კი რამდენიმე ტოპონიმი ქართულად არის ნათარგმნი“.

რომან თოლორდავას თქმით კი, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის:

„ჩვენ გვაქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს უნივერსიტეტის ეთნოგრაფიული ექსპედიციები. ძალიან ბევრი ტოპონიმი დადასტურებულია პირდაპირი გამოკითხვის მეშვეობით და ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ დაადასტურებს წიგნი „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი“, რომელიც გამოსულია პაატა ცხადაიას ავტორობით“.

მისივე თქმით, თუ ჯერ არ არსებობს, აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ტოპონიმიკას სამეცნიერო ექსპედიციებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG