Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დახურულ სხდომაზე მოსმენილი სუსის ანგარიში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

19 აპრილს პარლამენტის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. სუსის ანგარიშში მთავარი აქცენტი დასმულია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ოკუპირებული ტერიტორიები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული უსაფრთხოება, პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ა.შ. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, არ დახურულიყო სხდომა კითხვა-პასუხის ნაწილში, სხდომის ეს ნაწილი მაინც დაიხურა - უმრავლესობის თქმით, დეპუტატებს, შესაძლოა, ჰქონოდათ „,მგრძნობიარე“ კითხვები სუსის უფროსის მიმართ, პასუხების ნაწილი კი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ყოფილიყო.

გადმოწერა

სუსის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის დეპუტატებს თავისი უწყების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის მოკლე ვერსია გააცნო, შემდეგ კი, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა დაიხურა. თავად ანგარიში 27- გვერდიანია, ის ოკუპირებული ტერიტორიების ქვეთავით იხსნება და საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე არსებულ საფრთხეებზე, მათ შორის, დიდი ოდენობით რუსულ სამხედრო კონტინგენტსა და მზარდ მილიტარიზაციაზე, ანექსიის მცდელობაზე, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა თუ ე. წ. “ბორდერიზაციის” პროცესზე. სუსის ხელმძღვანელის განცხადებით, უწყება მუდმივად ახდენს ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ვახტანგ გომელაურმა გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ სუსი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე:

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

კონტრდაზვერვითი საქმიანობის ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები და დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე სუსი წერს, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა გარკვეული გამოწვევები მაინც არსებობს, რადგან „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. თუმცა ანგარიშში ასევე წერია, რომ, ბოლო სტატისტიკით, შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა.

„2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, რამდენიმე პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ბრალდების მხარის სასარგებლოდ დასრულდა 2015 წელს აღძრული რამდენიმე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვას და ფარულ მიყურადებას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და ატარებდა ყველა აუცილებელ ღონისძიებას კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუსის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმიური ინსპექტირება, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა გაითვალისწინა მათი შენიშვნები და რეკომენდაციები.

კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას გომელაურმა სტატისტიკა მოიშველია და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 22, ქრთამის მიცემის - 2, თაღლითობის - 8, კომერციული მოსყიდვის - 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 2, სამსახურებრივი გულგრილობის - 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 59 პირი.

ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტმა და უმრავლესობამ სუსს დაუტოვა ე.წ. მოსმენების ფუნქცია. ნამდვილად გვაინტერესებს ბატონი გომელაურისგან იმის მოსმენა, თუ როგორ აპირებს უზრუნველყოს ახალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობა საკუთარი თავისგან...
გიორგი ტუღუში

სხდომის დახურვის გამო საზოგადოებამ ვერ მოისმინა ის პოლიტიკური განცხადებები და შეკითხვები, რომლებიც ოპოზიციას ჰქონდა მომზადებული. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა მედიასთან საუბარში, ჩანს, გომელაური გაურბის მწვავე კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემას, ოპოზიციას კი არაერთი მწვავე შეკითხვა ჰქონდა დასასმელი:

„სუსი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარი ინსტრუმენტია და ის არის საფრთხე საზოგადოებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა ინსტიტუციებისათვის“.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრის, გიორგი ტუღუშის, განცხადებით კი, მათი ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა ე. წ. მოსმენების შესახებ კანონს და წინასაარჩევნო პერიოდში სუსის მიერ დაწყებული გამოძიებების ბედს, რაც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს:

„ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტმა და უმრავლესობამ სუსს დაუტოვა ე.წ. მოსმენების ფუნქცია. ნამდვილად გვაინტერესებს ბატონი გომელაურისგან იმის მოსმენა, თუ როგორ აპირებს უზრუნველყოს ახალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობა საკუთარი თავისგან. ჩვენ ასევე ვითხოვთ პასუხს, რა ბედი ეწია წინასაარჩევნო პერიოდში სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას. გახსოვთ, ალბათ, კვირა ისე არ გავიდოდა, რომ სუსის ჩინოვნიკებს არ დაეანონსებინათ ბრიფინგი, სადაც საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეებზე. ჩვენ ისიც გვაინტერესებს, რატომ არის ყოველი არჩევნების წინ სუსი აქტიურად ჩართული არჩევნებში და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებში“.

სუსის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და აცხადებენ, რომ ამ უწყებაზე დახარჯული არცთუ მცირე რესურსი არასწორად იხარჯება. რომან გოცირიძის განცხადებით, სუსი, რომელზეც ბიუჯეტიდან 127 მილიონი ლარი იხარჯება, მთელ თავის რესურსს პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მათ მოსმენას ახმარს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. გოცირიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმე ჯაშუშების გამოვლენაა და არა აქტიური მოქალაქეების თვალთვალი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG