Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა 5-6 დეკემბრისთვის ბრიუსელში დანიშნული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ და შეეხო ნატო-საქართველოს კომისიის მომავალი სხდომის საკითხსაც. სტოლტენბერგის თქმით, „საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მეშვეობით ჩვენ არაერთ სფეროში ვთანამშრომლობთ, კიბერთავდაცვით დაწყებული და ოპერაციების დაგეგმვით დამთავრებული.“ როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამოსვლისას აღნიშნა, 6 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებენ სფეროებზე, „რომლებშიც კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანამშრომლობის გაღრმავება, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოება.“

საქართველოს შესახებ ისაუბრა ნატოში აშშ-ის ელჩმა, კეი ბეილი ჰაჩისონმაც. „ცხადია, აშშ სრულად უჭერს მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ქვეყანა ბევრ რამეში გვეხმარება ნატოს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, ავღანეთის ჩათვლით, და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს მასთან თანამშრომლობა იმ პროცესში, რომელიც წინ უძღვის ნატოში გაწევრიანებას“, განაცხადა ელჩმა.

მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

XS
SM
MD
LG