გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. გამოძიების კითხვები გუშინ ვაგზლის დასახლებაში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა. ოქრუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, როცა შელაპარაკება მოხდა, შელაპარაკებას კი სროლა მოჰყვა. დაიჭრა ოქრუაშვილის 2 თანმხლები პირი, რომელთა სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. მათ გორის ჰოსპიტალში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდათ.
ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ინციდენტი თავის პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირა და გუშინ საღამოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზებაში კახა კალაძის ცოლისძმა დაადანაშაულა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ედვარდ ნუცუბიძე და რამდენჯერმე ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი (მეტსახელად „ხამსა“) შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, რა დროსაც ინდუაშვილმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.
მომხდარის შესახებ განსხვავებული ვერსია აქვთ „ქართული ოცნების“ შტაბში. სოციალურ ქსელებში პარტიის აქტივისტებმა ალექსანდრე ინდუაშვილთან რაიმე სახის კავშირი უარყვეს და ოქრუაშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მან ინციდენტის პოლიტიკური მოტივი გამორიცხა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილთან შელაპარაკება ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუვიდათ, რაც შემდეგ ჩხუბსა და სროლაში გადაიზარდა.
სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას უკავშირდება. ალექსანდრე ინდუაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ირაკლი ოქრუაშვილმა კი ადგილობრივ პოლიციელებს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, ალექსანდრე ინდუაშვილი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცხინვალის გავლით გეგმავს.
გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა ოქრუაშვილის კონკურენტი, ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია. მან დაგმო დეპუტატობის კანდიდატზე შეიარაღებული თავდასხმა და პოლიციას საქმის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში იარაღის ჟღარუნი თავში აზრად აღარავის მოუვიდეს.
სხვა კანდიდატებს აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. არჩევნებამდე 5 დღით ადრე გორში წინასაარჩევნო ვითარება იძაბება. ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.