პავლე, გიორგი, მირზა, ელგუჯა, გოგი, ბესო - ეს იმ მაღაროელთა სახელებია, რომლებიც 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დაიღუპნენ. დაღუპულთა სახელები ქუთაისში 6 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებმა დიდი შავი ასოებით დაწერეს, როგორც თავად ამბობენ, იმისთვის, რომ ხალხს დაამახსოვრდეს მაღაროელები, რომლებიც ხშირად უსახელოდ იღუპებიან. „სოლიდარობა ტყიბულს!“ - აქცია ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალური ქსელით დაგეგმეს და თანაგრძნობა გამოხატეს ტყიბულში დაღუპულ მაღაროელთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს ქმედითი ზომების მიღება შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამოქალაქო აქტივისტ ლაშა მესხის განცხადებით, ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკა ადამიანების მჩაგვრელია და ეს პოლიტიკა უნდა შეწყდეს.
ტყიბულისადმი სოლიდარობის აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. მდუმარე აქციას ავტომობილების მძღოლები დროდადრო საყვირებით უერთდებოდნენ.
არასამათავრობო ორგანიზაციის სამეცნიერო-ინტელექუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“, წარმომადგენლის, ნუგზარ კოხრეიძის, განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფომ თავის პოლიტიკას გადახედოს, რათა მაღაროელთა სამუშაო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი აღარ იყოს და დასაქმებულთა პირობები გაუმჯობესდეს.
სამოქალაქო აქტივისტ გიორგი გველესიანის აზრით, აუცილებელია მოქალაქეთა სოლიდარობა და პერმანენტული პროტესტი, რომელმაც შედეგი უნდა გამოიღოს და სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა გამოასწორონ დასაქმებულთა შრომის პირობები, განსაკუთრებით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ადგილებზე.
ტყიბულში ტრაგიკულად გარდაცვლილი მეშახტეების სახელები დიდ ფორმატზე შავი ასოებით დაწერა მხატვარმა ლია უკლებამ. მისი თქმით, მეშახტეები იმდენად შეჩვეულნი არიან მძიმე შრომას, რომ ხშირად ჯეროვნად ვერც კი აფასებენ თავიანთ სამუშაო პირობებს, გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური ყოფა აიძულებთ მათ სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში იმუშაონ.
ტყიბულისადმი სოლიდარობის აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. მდუმარე აქციას ავტომობილების მძღოლები დროდადრო საყვირებით უერთდებოდნენ.