Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯერ ცნობილი არ არის, რა ბედი ელის დამეწყრილ ოჯახებს


სოფელ ნარაზენში მეწყერის შედეგად დაზარალებული ცხრა ოჯახი მერვე წელია დახმარებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ მათ წლების წინ შესთავაზა ალტერნატიული საცხოვრებელი სამცხე-ჯავახეთში, რაზეც უარი განაცხადეს.

ნარაზენში მოქალაქეთა ნაწილს სახლები 2006-2007 წლებში გაებზარათ მეწყერის შედეგად. ყოველი კოკისპირული წვიმისას, მცოცავი მიწის გამო, შენობებს ბზარი ემატება. მოსახლეობამ დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სამეგრელო-ზემო სვანთის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს. განცხადებები ხელმოწერებთან ერთად გადაუგზავნეს ასევე საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

„ადრე აქ ბრძანდებოდა ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია, მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მთელი გამგეობა. ყველამ ნახა, რა მდგომარეობაში იყო სახლი. დაგეხმარებითო, მაგრამ აგერ მერვე წელია და კაციშვილი არ ჩანს ჩვენი დამხმარე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნარაზენში, რუსთაველის უბანში მცხოვრებმა როინ ქობალიამ.

გეოლოგების დასკვნის თანახმად, როინ ქობალიას სახლის მსგავსად, საცხოვრებლად ასევე უვარგისია მისი მეზობლის, როინ ახალაიას, სახლი, თუმცა ერთსაც და მეორესაც ოჯახთან ერთად ამ დრომდე უწევს დაზიანებულ შენობაში ცხოვრება:

„გეოლოგების დასკვნაა ასეთი, რომ აქ არ მეცხოვრება და ჩემს ოჯახთან ერთად უნდა გადავიდე საცხოვრებლად სხვაგან, სამცხე-ჯავახეთშიო, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში არ გადავალ. იქაური ცხოვრება და აქაური სხვადასხვაა. მირჩევნია აქ ვიყო სადმე კუთხე-კუნჭულში, ვიდრე იქ, სხვაგან“, - ამბობს როინ ახალაია.

მე ჩემი სახსრებით მაქვს სახლი გამაგრებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რაიმე დახმარება თუ არ იქნა, ჩამოინგრევა - ან მე მოვყვები, ან შვილი, ან კიდევ ვინმე ოჯახის წევრი...
ზურაბ მესხი
დაზიანებული სახლების შეკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობენ სოფლის მკვიდრნი, თუმცა შენობებს დამატებითი ბზარები ყოველ წელს უჩნდება:

„მე ჩემი სახსრებით მაქვს სახლი გამაგრებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რაიმე დახმარება თუ არ იქნა, ჩამოინგრევა - ან მე მოვყვები, ან შვილი, ან კიდევ ვინმე ოჯახის წევრი“, - გვიხსნის ზურაბ მესხი.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა აცხადებს, რომ გეოლოგებმა მუშაობა სამეგრელოს დამეწყრილ სოფლებში რამდენიმე დღის წინ დაასრულეს და 2013 წელს დაზარალებული ოჯახების ზარალი შეისწავლეს. თოდუას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნარაზენის მცხოვრებთ ხელთ გეოლოგების მიერ წლების წინ შემუშავებული დასკვნები აქვთ, ახალმა ჯგუფმა სოფლის დამეწყრილი უბნები ხელახლა შეისწავლა და შედეგებს გამგეობაში რამდენიმე დღეში გამოგზავნიან.

ამასთან, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ გამგეობამ კატეგორიების მიხედვით უკვე შეადგინა დაზარალებული მოსახლეობის ზუსტი სია, რომელიც ერთი თვის წინ გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს დაზარალებულთა ბაზა უფრო სრულყოფილი ყოფილიყო. ჩვენ მოვიწვიეთ გეოლოგები. მათი დასკვნა ჯერ არ გვაქვს. ამ საკითხზე ჩვენ პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა სახის დახმარება გაეწევა ამ ოჯახებს".

გიორგი თოდუას ინფორმაციით, გამგეობის ბაზაში 2006 წლიდან დღემდე დამეწყრილი 324 ოჯახია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილს 500-500 ლარი უკვე გადაეცა. რაც შეეხება მიმდინარე წელს დარეგისტრირებულ მოქალაქეებს, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ასეთი სულ 43 ოჯახია დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG