„ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს მოხდა ისეთი რამ, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მაშინ 10-11 წლის ვიქნებოდი. ვიჯექი გაკვეთილზე, მასწავლებელი კი ჰყვებოდა ამბავს, როგორ გადაარჩინა მართლმადიდებლობამ ჩვენი ქვეყანა. უცებ მოწკურული თვალები მოავლო კლასს და იკითხა: არის კლასში არამართლმადიდებელი მოსწავლე? თუ არის, ადგეს ფეხზე. მე ვიჯექი, დავცქეროდი საკუთარ ხელებს, გული გამალებით მიცემდა, თავი ჩაქინდრული მქონდა და ვცდილობდი არ შემეხედა თვალებში არც მასწავლებლისა და არც კლასელებისათვის. მეგონა, რომ თუკი მათ არ შევხედავდი, ისინი ვერ მიხვდებოდნენ, რომ მე ვიტყუებოდი.
რელიგიის სწავლება სკოლაში
- სკოლებში რელიგიის, როგორც ცალკე საგნის, შესწავლის უახლესი ისტორია 80-იანი წლების მიწურულიდან იღებს სათავეს.
- 2016 წელს მეცხრე-მეთორმეტე კლასების სახელმძღვანელოების შინაარსი გამოიკვლია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა.
- გამოკვლევის თანახმად, სახელმძღვანელოებში მიკერძოებული, არანეიტრალური, ქსენოფობიური დამოკიდებულებების არაერთი ფაქტი გამოვლინდა.
- გამოკვლევის ავტორთა რეკომენდაციაა, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საექსპერტო ჯგუფის მუშაობაში ჩაებან სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური საბჭოს წარმომადგენლები ან მათ მიერ შემოთავაზებული ექსპერტები.
ეს იყო ყველაზე გრძელი და ყველაზე საშინელი წამები ჩემს ცხოვრებაში. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემს საუკეთესო მეგობრებს საიდუმლოს ვუმალავდი. გაკვეთილი ისე გაგრძელდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა ჩემთვის იმ გაკვეთილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მე ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი, პროტესტანტი ქრისტიანები, საქართველოსთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო. და ვიცოდი, რომ ბევრ ადამიანს ეს არ მოსწონდა. ამიტომ, ვიცოდი, რომ თუკი ჩემი ან ჩემი ოჯახის შესახებ ვინმე ცუდს იტყოდა, მე ხმა უნდა ამომეღო, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, სკამიდანაც კი ვერ წამოვდექი. მე ვკითხულობდი ამბებს ადამიანებზე, რომლებიც ძალადობას, უსამართლობას აპროტესტებდნენ, სწირავდნენ თავებს იმისათვის, რისიც სჯეროდათ. და ისინი ჩემი გმირები იყვნენ. გაკრული მქონდა მათი პოსტერები კედლებზე... და უცებ აღმოვაჩინე, რომ მე ვუღალატე საკუთარ თავს და ვუღალატე ჰარი პოტერს, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. ნუთუ ვერაფერი ვისწავლე მისგან? ჰარი პოტერმა გაილაშქრა ვოლდემორის წინააღმდეგ. მე კი რა გავაკეთე?.. სახლში დაბრუნებულმა მშობლებს მოვუყევი იმ დღის ამბავი, მოვუყევი ჩემი საქციელის შესახებ, არადა, როგორ მინდოდა მეთქვა, რომ მე ისინი დავიცავი და მამაცურად ვიდექი... ახლა, როცა მეშინია ხოლმე, ვიხსენებ იმ დღეს და 10 წლის გოგოს გრძნობებს. და ეს მშველის..."
ეს ნანო სარალიშვილის ჩანაწერია. ის ახლა 21 წლისაა. ილიას უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების მიმართულებით სწავლობს და მესამე კურსს უფსალაში გადის. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში სთხოვეს დაეწერა იმ ამბის შესახებ, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. სკოლა და რელიგია აღმოჩნდა ნანოსთვის ის მწარე გაკვეთილი, რომელიც მას 10 წლის შემდეგაც კარგად ახსოვს.
ნანო არ არის გამონაკლისი. სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს არაერთი მაგალითი აქვს იმისა, თუ რამდენ პრობლემას აწყდებიან დღეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის - სკოლებში და მათ შორის - სწორედ პედაგოგების მხრიდან. ამის შესახებ ლაპარაკობს რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და საბჭოს წარმომადგენელი:
„ჩვენ გვინახავს უამრავი ატირებული ბავშვი, რომლებიც თავიანთი სიჩუმით ატარებენ ჭრილობებსა და შიშებს. როდესაც საქმე მიდგება რელიგიურ იდენტობაზე, ისინი ჩუმდებიან და ვეღარ ენდობიან ვერც თავის მეგობრებს და ვეღარც საყვარელ მასწავლებლებს. და იმიტომ კი არა, რომ ეს ბავშვები მშიშრები არიან, იმიტომ კი არა, რომ ამ ბავშვებს რცხვენიათ თავიანთი რელიგიური იდენტობისა, არამედ იმიტომ, რომ ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე - და მათ შორის სკოლაში - აწყდებიან არატოლერანტულ გარემოსა და საზოგადოებას“.
პასუხად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებისა, რომ სკოლაში რელიგიის ისტორია და სულიერების საკითხები უნდა ისწავლებოდეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გასული თვის მიწურულს განაცხადა, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი, ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. მას შემდეგ არაერთი დისკუსია და შეხვედრა გაიმართა სკოლებში რელიგიის სწავლების ფორმასა თუ შინაარსის თაობაზე და მათ შორის ერთ-ერთი ბოლო - 6 თებერვალს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინიციატივით.
დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლებში რელიგია და მასთან დაკავშირებული საკითხები ისწავლება ყველა საფეხურზე და გადანაწილებულია ისეთ საგნებში, როგორიცაა ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება. როგორც სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, მაგალითად, საბაზო საფეხურზე, ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების სწავლება, სხვა საკითხებთან ერთად, მოსწავლეს უნდა დაეხმაროს რელიგიის რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში, წარმოდგენა შეუქმნას მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების მრავალფეროვნებაზე. სტრატეგიის მიხედვით, სწავლების შედეგები თვალსაჩინოა, თუკი, მაგალითად, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე ასახელებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, რუკის დახმარებით აღწერს საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას, აღწერს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიურ დღესასწაულებს და ავლებს მათ შორის პარალელებს; თუკი, მაგალითად, მეშვიდე კლასის მოსწავლე ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ (როგორც წარსულში, ასევე დღეს), რუკაზე უჩვენებს მისთვის ცნობილი რელიგიების წარმოშობის ადგილებს, გავრცელების დღევანდელ არეალებს და ჩამოთვლის მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს, სიმბოლოებსა და ტრადიციებს და ა.შ.
საკმაოდ ბევრი კითხვა ისმის იმის თაობაზე, თავად პედაგოგები რამდენად შექმნიან სკოლებში ნეიტრალურ გარემოს, რამდენად არიან ისინი მზად ამისთვის. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო სიჩქარე. შესაქმნელია სტანდარტი, სახელმძღვანელო და, რაც მთავარია, აუცილებელია პედაგოგთა მომზადება...მარიამ ჩიქობავა
ანუ, დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლებში რელიგია ისწავლება და, თუკი სტრატეგიას დავეყრდნობით, ის წესით და რიგით, უნდა ისწავლებოდეს საკმაოდ საფუძვლიანადაც. სწორედ ამიტომ, შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი, ფიქრობს, რომ ცალკე, არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების შემოღება განათლების სამინისტროს მხრიდან გაუმართლებელი ნაბიჯია. შალვა ტაბატაძისთვის არ არის საკამათო საკითხი, რომ სკოლებში რელიგიის ისტორია აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. მისი აზრით, საკამათოა სწორედ ის, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი:
„ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვან საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ბაზისური ცოდნა ყველა რელიგიის შესახებ, რომ შეძლოს მშვიდი თანაცხოვრება. საკამათოა სხვა საკითხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვერანარი დასაბუთება ვერ მოვისმინე, რატომ არის საჭირო რელიგიის ისტორიის, როგორც ცალკე საგნის, - უფრო ზუსტად კი, არჩევითი საგნის, - შემოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის საკითხები, რაც დღეს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოა და გადანაწილებულია სხვადასხვა საგანში, უნდა გაერთიანდეს ერთი - არჩევითი - საგნის ქვეშ. ეს კი შეიძლება იყოს უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან, შესაძლოა, რელიგიის ისტორია არც ერთმა სკოლამ არ აირჩიოს და, შედეგად, მოსწავლეები დარჩნენ ესოდენ მნიშვნელოვანი ცოდნის გარეშე. მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსური რესურსის გამოძებნაც. მიუხედავად მზარდი მონაცემებისა, განათლებაზე დახარჯული თანხა მაინც ძალიან მცირეა და არ არის საკმარისი“.
შალვა ტაბატაძე ყურადღებას ამახვილებს არჩევითი საგნების მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზეც. დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლებში 27 არჩევითი საგნის შესწავლაა შესაძლებელი, თუმცა, როგორც განათლების სპეციალისტები აღნიშნავენ, სპეციალური სახელმძღვანელოები მხოლოდ სამი საგნისთვის არსებობს. სწორედ ამიტომ, შალვა ტაბატაძე თვლის, რომ რელიგიის ისტორიის, როგორც არჩევითი საგნის, შემოღება იმთავითვე განწირული იდეა უნდა იყოს. გარდა ამისა, ის შიშობს, რომ დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა არ არის მზად მსგავსი ტიპის პრიორიტეტებისთვის, რადგან საგანმანათლებლო სისტემაში სხვა ბევრი პრობლემაა მოსაწესრიგებელი.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ირწმუნებიან, უკანასკნელი წლების განმავლობაში სამინისტროში არაერთი წერილი შევიდა როგორც მოსწავლეთა მშობლების, ისე პედაგოგებისა, რომლებიც სკოლებში რელიგიის სწავლებას მოითხოვენ. თუმცა, როგორც მარიამ ჩიქობავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს უფროსი, აღნიშნავს, დიდი ინტერესის პარალელურად, არსებობს საფრთხეები, რომელიც სკოლებში რელიგიის ისტორიის ცალკე საგნად დანერგვას შეიძლება ახლდეს. მისი სიტყვებით, დღემდე არსებობს არცთუ ისე სახარბიელო გამოცდილება, რომელიც სკოლებში რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციის ხასიათს ატარებს:
„სამინისტროს პოზიციაა, რომ მოზარდმა კარგად იცოდეს, თუ როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს ის. გვაქვს არაერთი მაგალითი საჯარო სკოლებში, რომ თუნდაც რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით ხდება შევიწროების ფაქტები. საკმაოდ ბევრი კითხვა ისმის იმის თაობაზე, თავად პედაგოგები რამდენად შექმნიან სკოლებში ნეიტრალურ გარემოს, რამდენად არიან ისინი მზად ამისთვის. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო სიჩქარე. შესაქმნელია სტანდარტი, სახელმძღვანელო და, რაც მთავარია, აუცილებელია პედაგოგთა მომზადება. როგორც კი დაიწყება სტანდარტზე მუშაობა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუღოს კარი“.
კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ კრძალავს პროზელიტიზმს. მეცამეტე მუხლში, რომელიც ნეიტრალურობასა და დისკრიმინაციას ეხება, ვკითხულობთ:
„დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ“.
თუნდაც მარგალიტი სახელმძღვანელო დაიწეროს, უნაკლო და უშეცდომო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მასწავლებელთა ნაწილი, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი, დღემდე ატარებს ქსენოფობიურ განწყობებს...რუსუდან გოცირიძე
თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, დისკრიმინაციისა და ნეიტრალურობის დარღვევა საქართველოში არსებულ სკოლებში არ არის იშვიათი შემთხვევა - მათ შორის გრიფირებული სახელმძღვანელოების შინაარსშიც. სწორედ მეცხრე-მეთორმეტე კლასების სახელმძღვანელოების შინაარსი იკვლია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა 2016 წელს და მათში ინტერკულტურული ასპექტები შეისწავლა, მათ შორის ის, თუ რამდენად ასახავს სახელმძღვანელოები რელიგიურ, ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, ხომ არ არის მათში წახალისებული რაიმე ტიპის შეუწყნარებლობა სხვადასხვა ჯგუფისადმი. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, სახელმძღვანელოებში არაერთი ფაქტი გამოვლინდა მიკერძოებული, არანეიტრალური, ქსენოფობიური დამოკიდებულებებისა. მათ შორის, მკვლევრები ლაპარაკობენ სახელმძღვანელოებში განსხვავებული იდენტობის დაფარვაზე. რეკომენდაციების სახით კი, გამოკვლევის ავტორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდებენ, სახელმძღვანელოებში აისახოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტული კულტურის ისტორიული, ლიტერატურული და სამოქალაქო ფორმები და გამოვლინებები; სახელმძღვანელოების გრიფირების წესში შევიდეს ახალი მოთხოვნა, რომ სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებდეს ტოლერანტობის პრინციპებს, სრულფასოვნად ასახავდეს მრავალფეროვნებას და ეთნიკურად და რელიგიურად ნეიტრალური, სამეცნიერო ენით აღწერდეს მოვლენებს; გრიფირების პროცესში, საექსპერტო ჯგუფის მუშაობაში ჩაებან სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური საბჭოს წარმომადგენლები ან მათ მიერ შემოთავაზებული ექსპერტები.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მიიჩნევს, რომ რელიგიის ისტორია აუცილებლად ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს, ხოლო რაც შეეხება სტრატეგიის, სახელმძღვანელოებისა თუ პედაგოგთა კადრების მომზადებას, ეს საკითხები საპატრიარქოსთან თანამშრომლობით უნდა იქნეს განხილული:
„ყველა ქვეყანას აქვს რელიგიის ისტორიის თავისი სწავლების მოდელი. ვფიქრობ, რომ ჩვენც ჩვენი ქვეყნისათვის მისაღები მოდელი უნდა შევარჩიოთ და თუკი ვითანამშრომლებთ, აუცილებლად შეიქმნება სწორი მოდელი“.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში მას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სასულიერო პირთა ერთი ჯგუფი. შეხედულებებში პრინციპული სხვაობა იყო - მათ სურდათ ეს საგანი პროზელიტიზმისთვის გამოეყენებინათ. ზოგჯერ ამას უარყოფდნენ, სხვა დროს კი - არც...რევაზ თვარაძე
სკოლებში რელიგიის, როგორც ცალკე საგნის, შესწავლის უახლესი ისტორია 80-იანი წლების მიწურულიდან იღებს სათავეს, თუმცა, როგორც გია მურღულია, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი და სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, იმ პერიოდში, კომუნისტური წნეხის შერბილების ფონზე, სკოლებში რელიგიის სწავლება დაიწყეს გაუცნობიერებლად, მოუმზადებლად და ქაოტურად. მისი თქმით, არ არსებობდა ამ საგნის სწავლების არანაირი კონცეფცია, არ იყო განსაზღვრული, რა ეწოდებოდა საგანს - ზოგი რელიგიის ისტორიას არქმევდა მას, სხვა - რელიგიების ისტორიას და ზოგიც - საღვთო სჯულს:
„არ იყო პროგრამა, არ იყვნენ თუნდაც მინიმალურ დონეზე მომზადებული მასწავლებლები, არ არსებობდა სახელმძღვანელოები. მაშინ მე საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში ვმუშაობდი. გადავწყვიტე ამ საქმისთვის გონივრული მიმართულება მიმეცა და ეს საკითხი გავიტანე განათლების სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე 1993 წელს“.
ცხადია, პირველ რიგში, განისაზღვრა, რომ სკოლაში საგანი მხოლოდ საგანმანათლებლო დანიშნულებით უნდა შესულიყო და შესწავლილიყო. გია მურღულიას ინიციატივით, შეიქმნა რელიგიისა და კულტურის სწავლების კათედრა. მის გამგედ მიიწვიეს მეცნიერი, ფილოლოგი რევაზ თვარაძე. ჩამოყალიბდა კონცეფცია, პროგრამა, პედაგოგთა ერთწლიანი გადამზადების კურსები, მათი ატესტირების სისტემა და დაიწერა სახელმძღვანელოები:
„რა თქმა უნდა, ყველაფერი უნაკლო არ იყო, მაგრამ საგნის სკოლაში შეტანისა და სწავლების სისტემა შეიქმნა. ეს საგანი არ იყო სავალდებულო - რომელ სკოლასაც სურვილი და საკადრო შესაძლებლობა ჰქონდა, იქ იწყებდნენ სწავლებას. მთელი ამ პროცესის განმავლობაში მას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სასულიერო პირთა ერთი ჯგუფი. შეხედულებებში პრინციპული სხვაობა იყო - მათ სურდათ ეს საგანი პროზელიტიზმისთვის გამოეყენებინათ. ზოგჯერ ამას უარყოფდნენ, სხვა დროს კი - არც“.
დღეს, გია მურღულიას აზრით, რელიგიის ისტორია არჩევითი საგანი უნდა იყოს, მისი სწავლება კი არ უნდა დაიწყოს იმ დრომდე, სანამ არ განისაზღვრება საგნის სწავლების კონცეფცია, არ მომზადდება პროგრამები კლასების მიხედვით, არ დაიწერება სახელმძღვანელოები მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის, არ მომზადდება დამხმარე რესურსები, არ მომზადდება მასწავლებელთა მომზადების პროგრამა და შემდეგ - თავად მასწავლებლებიც:
„საგანი კი უნდა ასწავლონ საერო პირებმა. გარკვეულ შემთხვევებში, ცხადია, შეიძლება მიიწვიონ მოძღვრებიც, თუმცა მათ ვიზიტს მხოლოდ საგანმანათლებლო დანიშნულება უნდა ჰქონდეს“.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რეკომენდაციებით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და, მაგალითად, მოუწოდებს, რომ მომავალი პედაგოგების სასწავლო პროგრამაში შევიდეს ისეთი მნიშვნელოვანი საგანი, როგორიც არის მრავალფეროვნება, მრავალფეროვნების მართვა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და ა.შ. რუსუდან გოცირიძე, საბჭოს წევრი, ამბობს:
„თუნდაც მარგალიტი სახელმძღვანელო დაიწეროს, უნაკლო და უშეცდომო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მასწავლებელთა ნაწილი, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი, დღემდე ატარებს ქსენოფობიურ განწყობებს. მასწავლებელთა ნაწილს, სამწუხაროდ, არ აქვს ის უნარები, რომლებიც უზრუნველყოფს კლასში ნეიტრალურ, არადისკრიმინაციულ განწყობას. ჩვენი რეკომენდაციაა განათლების სამინისტროს მისამართით, რომ აუცილებლად უნდა ამაღლდეს ამ მიმართულებით პედაგოგთა ცნობიერება. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ 3 000-ზე მეტი სკოლისთვის პედაგოგების გადამზადება არ დააწვება მსუბუქ ტვირთად სახელმწიფოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ, ამ თვალსაზრისით, კარგი იქნება, თუკი სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით გაკეთდება დოკუმენტური საგანმანათლებლო ფილმები. გარდა ამისა, დაიგეგმება სწორად გათვლილი ექსკურსიები. ჩვენი ინიციატივა იყო ასევე, რომ შემუშავდეს გაცვლითი პროექტები, როდესაც შესაძლებელი იქნება მუსლიმი ბავშვები დარჩნენ ქრისტიანულ ოჯახებში და, პირიქით. დარწმუნებული ვარ, ამგვარი სიახლოვე, ყოფითი ურთიერთობები ჩვენს საზოგადოებას, მომავალ თაობას გაცილებით ტოლერანტულს გახდის“.