Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა მარტო აღზრდა, არამედ განათლებაც საბავშვო ბაღებში


საბავშვო ბაღებში განათლების, ჰიგიენისა და სანიტარიის, კვების, ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტების შემუშავება, აღმზრდელთათვის პედაგოგის სტატუსის დაბრუნება და მათი ახალი სტანდარტით გადამზადება, ერთი წლის განმავლობაში ყველა ხუთი წლის ბავშვის მომზადება სკოლაში მისასვლელად - ამ და სხვა გეგმებს ისახავს მიზნად ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიმუშავა და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერაც მოიპოვა. ახლა მთავარი კითხვა ის არის, იმუშავებს თუ არა კანონი და რამდენად წარმატებული იქნება სკოლამდელი განათლების რეფორმა. ამ საკითხზე მსჯელობდა 18 ივლისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეკრებილი საზოგადოება.

გადმოწერა

„რეფორმა იწყება და ჩვენ ვემზადებით, რომ ყველა კერძო თუ საჯარო სკოლამდელ დაწესებულებაში დეტალურად დაიგეგმოს ყველა ნაბიჯი, რომელიც ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის აღსრულებას უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ 18 ივლისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც სწორედ სკოლამდელი განათლების რეფორმის პირველ ნაბიჯებს მიეძღვნა, თავად კანონი კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის ინიციატივით მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით. ეკა ბესელია ამბობს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში მთელი მთავრობა იქნება ჩართული. მისი სიტყვებით, ეს არის ინვესტიცია მომავალში:

„ბავშვები, რომლებიც სკოლაში მიდიან, მოემზადებიან ახალი ერთიანი ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტით. მათ ექნებათ საუკეთესო პირობები, რაც გულისხმობს როგორც ერთიან საგანმანათლებლო სტანდარტს, ისე უსაფრთხო გარემოს, ერთიან სტანდარტს კვების, ჰიგიენის, ჯანდაცვის ჩათვლით. ასევე, განათლებასთან ერთად, კომპლექტში შედის აღმზრდელ-პედაგოგთა მომზადება, მათთვის ახალი სტანდარტის დადგენა, მათი სახელფასო უზრუნველყოფა. სტანდარტებს მთავრობა 2017 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცებს. რაც მთავარია, ბაღების აღმზრდელებს დაუბრუნდებათ პედაგოგის სტატუსი“.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი ამბობს, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს თანაბარი შანსი ცხოვრებაში. საქართველოში, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი ბავშვი იჩაგრება:

„სკოლამდელი აღზრდა-განათლება, და ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს, სწორედ ის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ბავშვების ამ არათანაბარი შესაძლებლობების ციკლიდან ჩამოშორება. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობდით საქართველოს პარლამენტთან და, კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის შესამუშავებლად. „იუნისეფი“ მუშაობდა ამ კანონზე, ახალ სტანდარტებზე და ის კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის დახმარებას კანონის განხორციელების პროცესში“.

ლია გიგაური
ლია გიგაური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აქამდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს აკლდა განათლების კომპონენტი - ბაღებს მხოლოდ აღზრდის ფუნქცია ჰქონდათ და, შესაბამისად, აღმზრდელის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, იზრუნებდა თუ არა ის ბავშვების განათლებაზე. რეფორმამ და ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონმა ეს მიდგომა რადიკალურად უნდა შეცვალოს. განათლების სამინისტროს ამ პროცესში დაეკისრება უკვე პედაგოგ-აღმზრდელის პროფესიული სტანდარტის შემუშავება, მისი განვითარებისათვის სპეციალური ტრენინგ-მოდულის შექმნა, ასევე პედაგოგ-აღმზრდელებისათვის საუნივერსიტეტო პროგრამის დამუშავება, რადგან დღეს ამ პროფესიის კადრებს არც ერთი უნივერსიტეტი აღარ ამზადებს და, ცხადია, საჭირო იქნება მონიტორინგი, მუდმივი დაკვირვება, თუ როგორ სრულდება კანონი სკოლამდელ დაწესებულებებში. ლია გიგაურმა გვითხრა, რომ დღეს ეს პროცესი მხოლოდ იწყება, ამიტომ წინ გრძელი გზაა, თუმცა ის რეფორმის ჩავარდნას არ ელის და აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მაქსიმალურად დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სიახლეების დანერგვა კი უკვე მათი საქმეა:

„განათლების სამინისტრო, ცხადია, ვალდებული იქნება, რომ განათლების კომპონენტის შესრულების პროცესს მუდმივად დააკვირდეს. თუ სტანდარტის ცვლილება იქნება საჭირო ან პედაგოგის გადამზადების პროგრამაში, აქ სწორედ ჩვენ უნდა ჩავერთოთ. ერთია, რომ ჩვენ დავაწესოთ მაღალი სტანდარტები, მაგრამ მეორეა, რამდენად მზად არის ამ სტანდარტებისათვის არსებული კადრები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში შუალედური რგოლის მნიშვნელობა იქნება ძალიან დიდი. ვგულისხმობ ბაღების სააგენტოს მეთოდისტებს. სწორედ მათი გადამზადებაა, პირველ რიგში, საჭირო, რადგან მათ მოუწევთ პედაგოგებთან მუშაობა და მათზე დაკვირვებაც. სხვანაირად შედეგი ვერ გვექნება“.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავას თქმით კი, რეფორმით გათვალისწინებული ყველა სიახლე, საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით იქნება ეს, ინფრასტრუქტული პროექტებისა თუ პედაგოგთა გადამზადების კუთხით, 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG