მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მომხრეთა ნაწილის განცხადებით, ხელისუფლებაში ყოფნის 15 წელიწადში ვლადიმირ პუტინმა მიზანმიმართულად შექმნა სიძულვილის კულტურა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უბიძგებს უგულებელყოს, ან მეტიც, გაამართლოს ძალადობა. მაინც როგორ მოახერხა ეს პუტინმა?
1). დაამდაბლე დისკუსიის ტონი. ... გინებისა და უცენზურო ლექსიკისთვის კრემლის მიერ ახლახან გამოცხადებული ომის მიუხედავად, პუტინი პრეზიდენტობის ადრეული დღეებიდან იყენებს ვულგარულ ტერმინებს, როგორც წესი, თავისი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით ყველა სახის მეტოქის მიმართ - იქნებოდნენ ეს ჩეჩენი მებრძოლები, ჟურნალისტები, მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა.
უხამსი ტერმინების გამოყენებას ორმაგი ეფექტი აქვს. ერთი მხრივ, ეს დიდ უხერხულობას უქმნის უცხოელებს, ვისთვისაც ძალიან უჩვეულოა ასეთი ტიპის საპრეზიდენტო დისკურსი. მეორე მხრივ, რუსეთის მოქალაქეებს - მაგალითად, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის დეკანის მოადგილეს ვლადიმირ ტალისმანოვს - ეს საშუალებას აძლევს ჩათვალონ, რომ არა მხოლოდ მისაღები, არამედ კარგიცაა ნემცოვის მკვლელობას საჯაროდ მიესალმო და განაცხადო, „ერთი ნაძირლით ნაკლები“. სხვათა შორის, ნემცოვის ვაჟი, ანტონი, სწორედ ამ სასწავლებლის სტუდენტია.
2. ამტკიცე, რომ დიად ერს წარმოადგენ. პუტინმა თავისი პრეზიდენტობის დიდი ნაწილი მოახმარა იმ სანტიმენტის აღდგენას, რომ რუსეთი დიადი სახელმწიფოა. მან გააძლიერა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, შეეცადა ხელი შეეწყო შობადობის ზრდისთვის და დიდწილად მოახდინა იოსებ სტალინის რეპუტაციის რეაბილიტაცია (ამაში მას ინტერნეტ „ტროლების“ რამდენიმე არმიის დაქირავებაც დაეხმარა).
ამავე დროს, კრემლი მზარდად ანტაგონისტურ პოზიციებს ავლენს ეროვნული და სექსუალური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ - უგულებელყოფს ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ნიადაგზე მოწყობილ თავდასხმებს და აქვეყნებს ტექსტებს, რომლებიც შრომით მიგრანტებს მოუწოდებს „უფრო რუსულად“ მოიქცნენ.
ყოველივე ამის შედეგია გადაჭარბებული, გაზვიადებული, მაგრამ ვიწრო წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რასაც ყველაფერი „სხვისა“ და „სხვანაირის“ ირაციონალური შიში ემატება. ამ დღეებში ერთმა ექსპერტმა კონსერვატორული ორიენტაციის ვებსაიტზე დაწერა, „მე რუსი ვარ და დავიღალე ამის გამო მობოდიშებითო“.
3. გაფართოვდი შესაბამისად. როგორც ცნობილია, პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ისტორიულ კატასტროფად მიიჩნევს. პარალელურად, ის, თავისი გაგებით, უფრო დიდ რუსეთს აშენებს - იპყრობს ტერიტორიებს, მაგალითად, ყირიმს, ან მნიშვნელოვნად ასუსტებს მათ, პრორუსული შეხედულებების გაზრდით - იქნება ეს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა თუ დონბასში.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ ფინანსებს წაიღებს, ყირიმის შარშანდელმა სამხედრო ანექსირებამ რუსეთის მოქალაქეების მოწონება დაიმსახურა. ბევრმა ჩათვალა, რომ ამით ისტორიული შეცდომა გამოსწორდა და მეზობელი უკრაინაც დუელში გამოიწვიეს, ხელთათმანის სროლის გზით.
4. მიზანში ამოიღე მტრები. რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრების დონე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ადგილობრივ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა დასავლეთის სანქციებმა და ნავთობის ფასების ვარდნამ. საკვების ნაკლებობისა და ფასების ზრდის პერსპექტივამ შესაძლოა რუსების ნაწილს სკეფსისისკენ უბიძგოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, თუმცა კრემლმა მოხერხებულად შეძლო ამ უარყოფითი სცენარის სათავისოდ გამოყენება. მიმდინარეობს არა მხოლოდ უკრაინის დემონიზაცია, როგორც სანქციების მიზეზისა, არამედ იმ ქვეყნებისაც, რომლებმაც ისინი დააწესეს. უწინარესად ეს აშშ-ს ეხება.
განტევების ვაცად ვაშინგტონის დასახვა მომგებიანია. რუსები მას ბევრ რამეს აბრალებენ - ევრომაიდნის გამოსვლები იქნება ეს, მორალური სიმყიფე თუ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ მიტანილი იერიში. ბოლო ხანებში ამ ტენდენციის ყველაზე თავზეხელაღებული მაგალითია ნემცოვის მკვლელობის დაბრალება ვაშინგტონისთვის.
5. ნამდვილად და დაბეჯითებით - ამოიღე მიზანში მტრები. როცა ქვეყანაში მთელ გავლენიან მედიას აკონტროლებ, ძალიან იოლი ხდება მოსახლეობას ასწავლო ვისი ან რისი უნდა ეშინოდეთ. ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მედია ამ ამოცანას ერთგულად ასრულებდა.პუტინის ტონი კი სულ უფრო და უფრო რადიკალური გახდა - ის უკვე გამოდის გაფრთხილებებით არა საგარეო, არამედ უკვე შინ არსებული საფრთხეების შესახებ.
რუსებს, რომლებიც ყირიმის ანექსირების წინააღმდეგ გამოვიდნენ, უწოდებდნენ „ეროვნულ მოღალატეებს და მეხუთე კოლონას“. ნაციონალისტური მოძრაობის, ე.წ. „ანტიმაიდნის“, წევრებმა რუსეთის მცირერიცხოვან ლიბერალურ წრეებს „ფაშისტური ხუნტის“ წევრები უწოდეს. დიდი შენობებიდან გამოფენილი იყო ბანერები, - ნემცოვის, აქტივისტ ალექსეი ნავალნისა და მუსიკოს ალექსანდრ მაკარევიჩის პორტრეტებით, - რომლებზეც ისინი, სხვებთან ერთად, ღიად ცხადდებოდნენ მოღალატეებად.
„ბორისისა და სხვა ცნობილი ოპოზიციონერების სურათების გამოფენა როცა დაიწყეს ქალაქში და ტელევიზიით, ეს ღია მოწოდება იყო მათი სიკვდილით დასჯისკენო“, - ამბობს ჭადრაკში ყოფილი ჩემპიონი, გარი კასპაროვი.
თავად ნემცოვი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე „ფეისბუკით“ წერდა, კრემლი ახდენს ადამიანთა უმდაბლესი ინსტინქტების კულტივირებას და წახალისებას და იწვევს სიძულვილსა და დაპირისპირებას“ ... შეუძლებელია ეს ჯოჯოხეთი მშვიდობიანად დასრულდესო“.