ეს წიგნი მართლა კარგი წიგნი იქნებოდა, მისი ავტორი, შირინ ებადი, კარგი მწერალი ან, საერთოდ, მწერალი რომ ყოფილიყო. მესმის, რომ ცოტა უხერხულად ჟღერს, მაგრამ ფრაზა აბსოლუტურად დაცლილია ირონიული ქვეტექსტიდან და თუ რატომ, ამის ახსნას ქვემოთ შევეცდები.
შირინ ებადი ირანელი დისიდენტია, პირველი ქალი, რომელიც ისლამური ირანის ისტორიაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ იყო დანიშნული.
თავადაც იურისტის ოჯახში აღზრდილს და, საერთოდ, ისეთი ოჯახის შვილს, რომელსაც, პოლიტიკური ქარტეხილების მიუხედავად, თავისი ქვეყნის საზოგადოების ყურადღება და დაფასება არასოდეს დაჰკლებია, ცხადია, ბავშვობიდანვე კარგად ესმოდა, რომ კანონის უზენაესობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამიტომაც შირინ ებადი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის იღვწოდა ისლამურ ირანში და, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძოლას უმტკივნეულოდ არც მისთვის ჩაუვლია.
თუმცა, ბევრისგან განსხვავებით, მას ძალისხმევა დაუფასდა და 2003 წელს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა. მან იმ წელს ამ პრემიის კანდიდატთა შორის ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებსაც გადაუსწრო, როგორიც იყო პაპი იოანე პავლე მეორე ან ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი.
"ნობელის ტოტალიზატორში“ მონაწილე ფსონების მიხედვითაც, ყველაზე მაღალი რეიტინგი და, შესაბამისად, პრემიის მიღების რეალური შანსიც სწორედ ამ ორ უკანასკნელ კანდიდატს ჰქონდა, მაგრამ მშვიდობის პრემია იმ წელს მათთან შედარებით მოკრძალებულმა მოღვაწემ, შირინ ებადიმ მოიპოვა და, რასაკვირველია, მაშინვე დაიწყო ტრადიციული ლაპარაკი ,,ნობელის“ პოლიტიკური ანგაჟირებულობის შესახებ, ტრადიციული იმის გამო, რომ ის ხშირად გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად იღებს და არა კანდიდატთა რეალური მნიშვნელობისა და დამსახურების გათვალისწინებით.
მართლაც, წამოიჭრება კითხვა: ვინ არის რეალურად შირინ ებადი და რა გააკეთა მან ისეთი ირანის ისტორიაში, რომ ამ მაღალი საერთაშორისო ჯილდოს ღირსად მიიჩნიეს?
ნობელის პრემიის კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: "ირანში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარების ხელშეწყობისათვის, განსაკუთრებით, ქალთა უფლებების საკითხში“.
დამეთანხმებით, საკმაოდ მშრალი და ზოგადი ფორმულირებაა და ძნელია გაარკვიო რეალურად რა პიროვნება დგას ამ სიტყვების უკან.
შირინ ებადი 1947 წელს დაიბადა ქალაქ ჰამადანში, მოსამართლის ოჯახში. ერთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ჰამადანიდან თეირანში გადავიდნენ საცხოვრებლად და ამიტომ მისმა ბავშვობამ ირანის დედაქალაქში გაიარა. სწავლობდა ანუშირვან სამართლიანისა და რეზა შაჰის სახელობის საკმაოდ პრესტიჟულ სკოლა-ლიცეუმებში, სადაც თავის დროზე ირანული ელიტის, კერძოდ კი, იურისტების შვილებს ასწავლიდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის შემდგომ კი, კონკურსის წესით, 1969 წელს ოფიციალურად დაიწყო სამსახური როგორც არჩეულმა მოსამართლემ და ამით ერთ-ერთი პირველი ქალი მოსამართლე გახდა ირანის მთელ ისტორიაში.
შირინ ებადი მოსამართლედ მუშაობის პარალელურად სწავლას განაგრძობდა თეირანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში და ის 1971 წელს წარმატებით დაასრულა კერძო საკუთრების უფლებათა სპეციალობით. 1975 წელს, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდგომ, შირინ ებადი თეირანის საქალაქო სასამართლოს 24-ე განყოფილების ხელმძღვანელად აირჩიეს და, ამრიგად, ის არის პირველი ქალი, ვინც საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი გახდა არა მხოლოდ შაჰისდროინდელ, არამედ, საერთოდ, მთელ ირანში.
ამ თანამდებობაზე მან 1975 წლიდან 1979 წლამდე, ანუ ირანის ისლამურ რევოლუციამდე, დაყო, შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ კი ებადიც, სხვა ირანელი მოსამართლე ქალების მსგავსად, მოსამართლის თანამდებობას ჩამოაშორეს და ეს ქალები სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე გადაანაწილეს.
თვითონ შირინ ებადი ამბობს, "ამ ვითარების ატანა ვერ შევძელი და ამიტომაც ვადამდელი პენსია მოვითხოვე. ჩემი თხოვნა დააკმაყოფილესო“.
ის ლაპარაკობდა ირანელი ახალგაზრდების პრობლემებზე, ლაპარაკობდა დაპატიმრებებზე და ეს გამოსვლა იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ უზარმაზარი, დაახლოებით 2 000-კაციანი, საკონფერენციო დარბაზი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში...სალომე ბენიძე
ისლამური რევოლუციის შემდეგ ერთხანს ირანში იუსტიციის ადვოკატთა კერები სრული დატვირთვით არ ფუნქციონირებდა და ამიტომაც სანამ ადვოკატობას ოფიციალურად დაიწყებდა, შირინ ებადის შინ უქმად ჯდომამ მოუწია.
ადვოკატობის უფლების მოპოვების შემდეგ კი შირინ ებადიმ იკისრა ბევრი მნიშვნელოვანი საქმის დაცვის მხარე ყოფილიყო. მათ შორის, ის იყო სერიული მკვლელობებისას დახოცილი ფორუჰარების ოჯახის, თეირანის 1999 წელს სტუდენტური არეულობისას სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მოკლული ეზათოლლაჰ ებრაჰიმნეჟადისა და ირანული წარმოშობის კანადელი ფოტოგრაფის, თეირანში მოკლული ზაჰრა ქაზემის ადვოკატი.
1999 წელს შირინ ებადიმ, სტუდენტური არეულობისას, ამ არეულობის ერთ-ერთი მონაწილის, ამირ ფარშად ებრაჰიმის განცხადებათა საფუძველზე, წარმოადგინა სტუდენტთა ხოცვაში ირანის მაღალი ხელმძღვანელი პირების უშუალო მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც რეფორმების პერიოდის ირანის სასამართლო სისტემის ყველაზე რეზონანსული საქმის აღძვრის საფუძველი გახდა.
საქმის მსვლელობისას ამირ ფარშად ებრაჰიმი და შირინ ებადი დააპატიმრეს და 2000 წელს მან სამი კვირა პატიმრობაში გაატარა.
ზემოაღნიშნულის გარდა, შირინ ებადი იყო კიდევ ბევრი რეზონანსული საქმის ადვოკატი, კერძოდ კი, იცავდა თითქმის ყველა ხელოვანსა თუ საზოგადო მოღვაწეს, ვისაც ირანის ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა.
ცალკეა გამოსაყოფი შირინ ებადის დაცვის ქვეშ წარმართული საზოგადოებრივი საქმეებიც, მაგალითად, არინ გოლშინის საქმე, გოლშინისა, რომელიც დედინაცვლის მიერ წამებისას გარდაიცვალა. ამ ფაქტმა, ებადის წყალობით, დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება პოვა და, საერთოდ, თანამედროვე ირანში ბავშვთა და მოზარდთა უფლებებისათვის ბრძოლის ერთ-ერთ საწყის წერტილად იქცა.
დამეთანხმებით, შირინ ებადის მოღვაწეობისთვის თვალის ასეთი, ზედაპირული, გადავლებაც კი მას ძალზე მნიშვნელოვან და აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ფიგურად წარმოგვიდგენს და, ალბათ, ნობელის პრემიასაც ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ თვითონ ირანში ზოგს ერთი რამ გულწრფელად უკვირს არა მხოლოდ ებადის, არამედ, ზოგადად, ირანელი დისიდენტების უმრავლესობისა და ამ ქვეყნის ხელისუფლების ურთიერთობაში. კერძოდ, ის, რომ აშკარაა გარკვეული შეუთავსებლობა, ერთი მხრივ, ამ დისიდენტთა მტკიცებით, ირანში არსებულ ჩაგვრასა და ტერორსა და, მეორე მხრივ, იმ რეალობას შორის, რომ ეს დისიდენტები მაინც ახერხებენ საკუთარი სიმართლე მსოფლიოს ყურამდე მიიტანონ, იარონ საერთაშორისო კონფერენციებზე და ქვეყანას მოსდონ მათ სამშობლოში გამეფებული შემზარავი უსამართლობის ფაქტები.
ბევრის აზრით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ ამ ადამიანების პიროვნული სიმამაცის წყალობით ხდება და არა იმავე ირანის ხელისუფლების გარკვეული წაყრუებითა თუ უგერგილობით; ან, უფრო მეტი, ამ ხელისუფლებასა და მის მოწინააღმდეგეთა შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული თამაშის წესების მეშვეობით, სადაც ორივე მხარემ უკვე დიდი ხანია კარგად იცის საკუთარი ფუნქცია და ადგილი.
ყოველ შემთხვევაში, ეს ლიტერატურული სიუჟეტის თემა ნამდვილად არ არის.
ჩვენ დღეს მხოლოდ იმ წიგნზე უნდა გვესაუბრა, შირინ ებადის დებიუტანტი მწერლის როლში რომ წარმოგვიდგენს.
ეს წიგნი იყო ასევე ძალიან შთამბეჭდავი ჩემთვის იმ მხრივაც, რომ მე დავინახე ბევრი ის პრობლემა, რაც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას აწუხებს...სალომე ბენიძე
ამ რომანის - "ოქროს გალიის“ - სპარსული დედანი ირანში ჯერ არ გამოცემულა. სამაგიეროდ, წიგნი თარგმნილია და დასტამბული ინგლისურად, საიდანაც სალომე ბენიძემ შეასრულა უკვე ქართული თარგმანიც.
წიგნის მთარგმნელმა სალომე ბენიძემ შირინ ებადის ამ ნაწარმოებით თავისი დაინტერესების მიზეზებზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გვითხრა:
"დაახლოებით 4 წლის წინ მოვხვდი მექსიკაში, მსოფლიო ახალგაზრდობის კონფერენციაზე, სადაც შირინ ებადი იყო მოწვეული სტუმარი. ძალიან ბედნიერად ვთვლი თავს ჩემი მოწესრიგებულობის გამო ასეთ საკითხებში, იმიტომ რომ საღამოს, ოფიციალური პროგრამის შემდეგ იყო მისი გამოსვლა და შემეძლო არ დავსწრებოდი, მაგრამ წავედი და დავესწარი და ნამდვილად მოვიხიბლე მისით, იმიტომ რომ ამ ქალს აქვს არაჩვეულებრივი ძალა, არაჩვეულებრივი ემოცია, რომელიც შეუძლია გადმოგდოს მაშინაც კი, როცა ის თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს და შენ მისი მშობლიური ენა არ გესმის - მხოლოდ ყურსასმენებიდან ისმენ თარგმანს. ის ლაპარაკობდა ირანელი ახალგაზრდების პრობლემებზე, ლაპარაკობდა დაპატიმრებებზე და ეს გამოსვლა იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ უზარმაზარი, დაახლოებით 2 000-კაციანი, საკონფერენციო დარბაზი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ უკვე დავინტერესდი მისი ცხოვრებით, ბიოგრაფიით და ეს წიგნი - ,,ოქროს გალია“ - მოვიძიე და ვიყიდე (მახსოვს ძალიან კარგად) ბრიუსელში. ერთი საყვარელი წიგნის მაღაზია მაქვს, სადაც შემიძლია საათობით ვიყო და ვათვალიერო და ვიკითხო ყველაფერი და, აი, ამ მაღაზიაში მოვიძიე ზუსტად ’ოქროს გალია’“.
„ოქროს გალია“ თავისებური ოჯახური საგაა, რომელიც სამი ირანელი ძმისა და მათი ერთი დის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ეს სამი ირანელი ძმა - შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე - ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ.
ნათელია, რომ ნიჭიერი მწერლის ხელში ეს დრამატურგიული და შინაგანი კონფლიქტი არაჩვეულებრივი საშენი მასალა იქნებოდა ნამდვილი ლიტერატურისათვის, შირინ ებადი კი, საკუთარი ბელეტრისტული შესაძლებლობების ფარგლებში, ამ კონფლიქტის მხოლოდ ზედაპირულ გაშლასა და ნაწარმოების გმირთა ხასიათების დეკლარაციულ გამოკვეთას ახერხებს. რომანშიც იგი უფრო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერია, ვიდრე მწერალი. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, წიგნი მაინც საინტერესო იქნება გარკვეული ტიპის მკითხველისათვის, რომელსაც შეუძლია ,,ოქროს გალიაში“ თანამედროვე ირანის ისტორიის ბევრ წინააღმდეგობასაც გაეცნოს და ამ ისტორიული კოლიზიების ქართულ სინამდვილესთან გარკვეული მსგავსებაც დაინახოს.
ეს სალომე ბენიძემაც აღნიშნა:
,,ეს წიგნი იყო ასევე ძალიან შთამბეჭდავი ჩემთვის იმ მხრივაც, რომ მე დავინახე ბევრი ის პრობლემა, რაც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას აწუხებს. ეს არის ამბავი სამ ძმაზე, რომლებიც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ დააშორა ერთმანეთს. აი, ეს ადამიანები, რომლებიც არიან ერთი დედ-მამის შვილები, გაიზარდნენ ერთ ჭერქვეშ, მთელი ცხოვრება ყველაფერი საერთო ჰქონდათ და ზრუნავდნენ ერთმანეთზე ისე, როგორც ეს ძმებს შეეფერება, შორდებიან ერთმანეთს პოლიტიკური უთანხმოების გამო. მე მინახავს საქართველოში, ვიცი ასეთი ოჯახები, ვიცი სამეგობროები, რომლებიც დაშორდნენ და დაიშალნენ, ასე ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობის გამო, პოლიტიკურ ნიადაგზე და ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და აბსოლუტურად მიუღებელი. პირველი მიზეზი, რატომაც მომინდა, რომ ეს წიგნი საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს წაეკითხა, იყო სწორედ ეს.
მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ საკმაოდ საინტერესოდ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და ძალდატანების გარეშე არის გამოკვეთილი ქალის როლი, იმიტომ რომ ამ სამ ძმას ჰყავს ერთი და, რომელიც მთელი ძალით ცდილობს დაშლილი ოჯახის შენარჩუნებას და სამივე ძმის უბედურება, მაშინ, როცა ეს ძმები უკვე აღარ ელაპარაკებიან ერთმანეთს, - ერთი გაქცეულია, მეორე ციხეშია, მესამე მთავრობაში და ოჯახს უკვე აღარ ჰქვია ოჯახი, - ეს და როგორ ცდილობს ძმებს შორის ურთიერთობა როგორღაც აღადგინოს, როგორღაც დააკავშიროს ისინი და მე ძალიან მიყვარს ამ წიგნის ფინალი, როცა შირინ ებადი ეუბნება ამ სამი ძმის დას და თავის მეგობარს, ფარის, მინდა, შენს ერთ-ერთ ძმაზე წიგნი დავწეროო, და ფარი პასუხობს: ‘დაწერე, ოღონდ იმ პირობით, რომ დაწერ სამივეზე: სადმე მაინც ხომ უნდა იყვნენ ერთადო?!’“
მოკრძალებით უნდა შევნიშნო, რომ ასეთი ქალური სანტიმენტალიზმი პირადად ჩემზე ნაკლებად მოქმედებს. ამის მიღმა კი შირინ ებადის რომანი საკმაოდ სუსტ ლიტერატურულ ნაწარმოებად მეჩვენება.
თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ გამომცემლობა ,,ინტელექტმა“, ჩემი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად, ალბათ, ამ წიგნის თარგმანითა და გამოცემით მაინც კარგი საქმე გააკეთა, რადგან უამრავ მკითხველს საშუალება მისცა, ასე ვთქვათ, შიგნიდან გარკვეულიყო ირანის პოლიტიკური სიტუაციის პერიპეტიებში.
ოღონდ აქვე არ შემიძლია არ ვთქვა გამომცემლობის ერთგვარი სარეკლამო ტრიუკის შესახებ, რაც იმით გამოიხატება, რომ შირინ ებადის რომანი გამოცემულია ,,ნობელის პრემიის ლაურეატების სერიით“.
ფორმალურად ვერავის ვერაფერში შეეედავები. შირინ ებადის მართლაც აქვს ნობელის პრემია, ოღონდ... მშვიდობის დარგში. ამიტომ მე, როგორც სპარსული ლიტერატურის სპეციალისტმა, ვიცი და მინდა მკითხველმაც იცოდეს, რომ თანამედროვე ირანის ლიტერატურა გაცილებით ღრმაა და სერიოზული, ვიდრე შირინ ებადის "ოქროს გალია“, და იმედი მაქვს, რომ ირანს ნობელიანტი ლიტერატურის დარგშიც მალევე ეყოლება.
ქართულად კი ვისურვებდი სწორედ ამ მწერლების ტექსტები თარგმნილიყო პირველ რიგში.