Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინდისის ბრძოლის მეცხრე წლისთავი და მზადება ფილმის გადაღებისთვის


ბრძოლის მეცხრე წლისთავი შინდისში
ბრძოლის მეცხრე წლისთავი შინდისში

„შინდისი“ - ასე ერქმევა ფილმს, რომლის გადაღებაც აგვისტოს ბოლოს დაიწყება. მსახიობები უკვე შეარჩიეს. 25 ახალგაზრდა შინდისის ბრძოლის გმირებს განასახიერებს. ფილმზე რეჟისორი დიტო ცინცაძე მუშაობს, ის დღეს მსახიობებთან ერთად შინდისში ჩავიდა და პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. კახა კუპატაძე ერთ-ერთი ჯარისკაცის როლს ითამაშებს. მისი თქმით, მოსამზადებელი ეტაპი უკვე გავლილია. მსახიობებმა შესაბამისი წვრთნები ჯარისკაცებთან ერთად გაიარეს და გადაღებებისთვის მზად არიან.

ნაზი კაცაძე შინდისში ყოველწლიურად ჩადის, გმირთა მემორიალზე, მარმარილოს ქვაზე საკუთარი შვილის ფოტოს ეფერება. ამაყობს, რომ გმირი შვილის დედაა. ზვიად კაცაძე აფხაზეთიდან დევნილი იყო. ოჯახთან კონტაქტი 2008 წლის 10 აგვისტოს დაიკარგა, ამის შემდეგ დედა შვილს დიდხანს ეძებდა. ზვიადის ცხედრის გამოტანა შინდისიდან სასულიერო პირებმა შეძლეს.

9 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან, რომელსაც 17 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ოცეულმა სოფელ შინდისთან უთანასწორო ბრძოლა გაუმართა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს. დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს შინდისში, გმირთა მემორიალთან. სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. „2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს. მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე”, - ნათქვამია განცხადებაში. დღეს შინდისში ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები ჩავიდნენ და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა და ეს ბრძოლა გრძელდება მშვიდობიანი ფორმით.

შინდისში ჩავიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, რომელმაც შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, შემდეგ კი ფილმის რეჟისორსა და მსახიობებს გაესაუბრა. იზორიას აზრით, შინდისის გმირებმა უმაგალითო სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითი უჩვენეს ყველას.

დიდი ხნის განმავლობაში შინდისში გმირთა მემორიალის აგება ვერ ხერხდებოდა და მხოლოდ 2 წლის წინ გახდა შესაძლებელი ქვის ნაგებობის დადგმა. გარდა ამისა, არსებობს მონუმენტის პროექტიც, მაგრამ მისი განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG