Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ შიდაკოალიციური პრობლემა


რესპუბლიკური პარტიის წევრები საჯაროდ აღარ უპასუხებენ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის ბრალდებებს, რომლებსაც ისინი, „ანტიდასავლური კამპანიის“ ფარგლებში, მიზანმიმართული შეტევის ნაწილად მიიჩნევენ. ეს ნათქვამია პარტიის თავმჯდომარის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.

პრობლემის საფუძვლიან განხილვას კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს ფორმატში უახლოეს მომავალში გეგმავს და საკმაოდ მწვავე განხილვასაც მოელის. რას შეიძლება უკავშირდებოდეს მიმდინარე პროცესები და რას მოუტანს შიდაკოალიციური დაპირისპირება „ქართულ ოცნებას“?

„ცილისმწამებლური“, „ანტიკოალიციური“, „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიდასავლური“ – ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გოგი თოფაძის ბრალდებებს, რომლებიც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისა თუ უმრავლესობის წარმომადგენელი რესპუბლიკელი დეპუტატების ლევან ბერძენიშვილისა და დავით ბერძენიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. საუბარია ბრალდებებზე, რომლებითაც „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე თანაკოალიციელებს სულ უფრო მწვავედ უპირისპირდებოდა ბოლო კვირების განმავლობაში მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თინა ხიდაშელს მან საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაც დააბრალა.

იქნება, ალბათ, ხმაურიანი, ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა... ვინაიდან მრეწველები ამბობენ, რომ ეს არ ეხება მათ კურსს და საერთოდ შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით, – შიდა პრობლემები აქვს მეორე გუნდთან და ეს მეორე გუნდთან პრობლემების საკითხი უნდა გაირჩეს...
გია ვოლსკი

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული წერილობითი განცხადების თანახმად, მთელ ამ პროცესს „ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი“ და რესპუბლიკელებიც ცალკეულ შემთხვევებში იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ ცილისმწამებლისთვის, თუმცა ამიერიდან გოგი თოფაძე პასუხს ვეღარ მიიღებს:

„რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე, შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას, მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის“.

რესპუბლიკური პარტია იმედოვნებს, რომ საკითხი ადეკვატურად იქნება განხილული და ასეთი მოლოდინის საფუძველს მათ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 19 თებერვალს გაკეთებული განცხადება აძლევს. იმ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და რომ ეს „ჩირქს სცხებს არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას და, თანაც, „აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე“.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ანუ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნდება, რესპუბლიკელებთან გოგი თოფაძის დაპირისპირება კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში იქნება განხილული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კოალიციის დაშლას არ მოელიან, თუმცა მწვავე დებატების მოსალოდნელობაზე აკეთებენ აქცენტს. ამის შესახებ 22 თებერვალს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმაც:

„იქნება, ალბათ, ხმაურიანი, ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა... ვინაიდან მრეწველები ამბობენ, რომ ეს არ ეხება მათ კურსს და საერთოდ შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით, – შიდა პრობლემები აქვს მეორე გუნდთან და ეს მეორე გუნდთან პრობლემების საკითხი უნდა გაირჩეს... რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომელიც გამოხატა ბატონმა გოგიმ, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთლიანად კოალიციას და მთავრობის პოლიტიკას. დამთავრდა. ამის იქით არაფერი არ არსებობს. მე, მაგალითად, მხარს არ დავუჭერდი კოალიციის დაშლას, არც ერთ შემთხვევაში“.

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

თუკი რომელიმე პოლიტიკური პარტია გამოეყოფა და კოალიციის ერთიანობას საფრთხე ამ ეტაპზე (ანუ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე) დაემუქრება, ეს დააზარალებს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს, არამედ სახელმწიფოს ინტერესებსაც, ამბობს ჩვენთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც დესტაბილიზაციის რეალურ საფრთხეზე ლაპარაკობს:

„ვფიქრობ, რომ მზადდება გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ არჩევნების შემდეგ, თუკი ვინმეს ხელს არ აძლევს მიღებული შედეგი, აი, თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა... ქვეყანაში არსებული ვითარებიდან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, მე მეშინია, იქნება მცდელობა, რომ არჩევნების შედეგები გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შესაქმნელად შემოდგომაზე. აი, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად... და, აი, ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ და ამ საფრთხეს შევხედავთ, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ რეალურია (და ტენდენციები ამ მხრივ უფრო და უფრო ძლიერდება), მაშინ იმის თქმა, რომ კოალიციის დაშლა არაფერს არ გამოიწვევს, ეს არის პოლიტიკური სიბეცე და მეტი არაფერი“.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ გოგი თოფაძისა და რესპუბლიკელების დაპირისპირება ძირითადად 2016 წლის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება და ააშკარავებს პროცესს, რომელიც კოალიციის ფარგლებში პოზიციების დაკავებისა თუ შენარჩუნების მიზნებით არის განპირობებული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG