Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო იურისტების შეფასებით, სააკაშვილის საქმეზე მტკიცების ტვირთი უკრაინას აკისრია


მარკ ელისი, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
მარკ ელისი, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

ივლისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილმა მანამდე საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, როდესაც, პოროშენკოს მიწვევით, ოდესის გუბერნატორობაზე დათანხმდა. უკრაინის პრემიერის გადაწყვეტილებამ მისი ყოფილი მოკავშირე, საერთოდ, მოქალაქეობის გარეშე დატოვა. 10 სექტემბერს სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ პოროშენკოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა უკრაინის კონსტიტუციასაც და საერთაშორისო კანონმდებლობასაც. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რობერტ კოლსონი ესაუბრა ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ელისს და ამ საკითხის იურიდიული ასპექტების დაზუსტება სთხოვა.

რადიო თავისუფლება: სააკაშვილი ამბობს, რომ პოროშენკომ საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა. აქვს ამ არგუმენტს წონა?

მარკ ელისი: ზოგადად, პასუხი შეკითხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე, რომ თვითნებურად არ გააუქმონ მოქალაქეობა, პასუხია – დიახ, აქვს! ამ საკითხში საერთაშორისო კანონმდებლობა საკმაოდ მტკიცეა. ეს საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დევნილთა კრიზისის დროს წარმოიშვა. მაშინვე გაჩნდა ცნობილი საერთაშორისო დეკლარაციები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სადაც აღიარებული იყო მოქალაქეობის უფლება. შემდეგ ეს საკითხი მთელმა რიგმა საერთაშორისო შეთანხმებებმა და ტექსტებმა დაადასტურა, მათ შორის, არაერთმა კონვენციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.

ზოგადად რომ ვთქვათ, საერთაშორისო კანონმდებლობა მკაცრად ზღუდავს შემთხვევებს, როდესაც ქვეყანას შეუძლია ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვას. ითვლება, რომ არსებობს ერთი გამონაკლისი – მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, თუ მოქალაქეობა მოპოვებული იქნება რაიმე სახის ყალთაბანდობის ან სიცრუის მეშვეობით, მაშინ სახელმწიფოს აქვს უფლება ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვას. თუმცა, თუ სახელმწიფო ამას აკეთებს, მაშინ ეს უნდა მოხდეს პროპორციულობის პრინციპით და ეს სულაც არ არის მარტივი და ცალსახა რამ. ეს არის ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, არეგულირებს მოქალაქეობისა და ნაციონალობის საკითხებს.

რადიო თავისუფლება: პოროშენკო სწორედ ამას ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა არ განაცხადა მიმდინარე სისხლის სამართლის შესახებ, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულია საქართველოში, როდესაც მან უკრაინის მოქალაქეობა მოითხოვა.

მარკ ელისი: ეს იურიდიულად სწორი არგუმენტი ჩანს, რადგან, როგორც ვთქვი, მოქალაქეობა და ნაციონალობა ყოველთვის განიხილებოდა ხოლმე უფრო სახელმწიფო სუვერენიტეტის ფარგლებში მყოფი საკითხი. ასე რომ, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს მოქალაქეობის ჩამორთმევას, მას ამის გაკეთება შეუძლია. თუმცა, საერთაშორისო კანონმდებლობას ძალიან მკაცრი აკრძალვები აქვს. უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ, ამ შემთხვევაში, გამონაკლისის დაშვება შეიძლება, რადგან ადგილი ჰქონდა მოქალაქეობის მინიჭების მიმართვისას ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას და ყალთაბანდობას. კიდევ ერთხელ, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ეს ლეგიტიმური არგუმენტია. მაგრამ, ამას თან ახლავს შეზღუდვებიც. საჭიროა პროპორციულობის პრინციპის დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა შეწონილი უნდა იყოს ბრალდების ან არასწორი ინტერპრეტაციის სიმწვავესთან.

აქ კი, ჩემი აზრით, უკრაინის მთავრობას პრობლემები ექმნება. თუ ამ საკითხს შევისწავლით, დავინახავთ, რომ საყოველთაოდ იყო ცნობილი ფაქტი, რომ საქართველოს გაცემული ჰქონდა ექსტრადიციის მოთხოვნა. მოთხოვნა, რომელიც უკრაინამ თავდაპირველად უარყო. ამას აშუქებდა ყველა დიდი მედია საშუალება, უკრაინას ჰქონდა ეს ინფორმაცია და სააკაშვილს მოქალაქეობა ამის მიუხედავად მიანიჭა. თუ უკრაინას ამასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა, რატომ არ გამოხატეს ეს თავის დროზე, ეს ხომ საჯარო ინფორმაცია იყო? ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება კონტრარგუმენტი უკრაინის მთავრობის მტკიცებაზე, რომ მას ჰქონდა მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება.

რადიო თავისუფლება: თუ უკრაინის სასამართლო დაამტკიცებს პოროშენკოს გადაწყვეტილებას, სად შეეძლება სააკაშვილს გადაწყვეტილების გასაჩივრება?

მარკ ელისი: ეს საინტერესო საკითხია, რამდენად დაამტკიცებს უკრაინის სასამართლო ამ გადაწყვეტილებას, რადგან უკრაინას საკუთარ კონსტიტუციაში ჩართული აქვს საერთაშორისო ბერკეტები, მოქალაქეობის თვითნებურად ჩამორთმევასთან დაკავშირებით. კონსტიტუციის თანახმად, ინდივიდს უფლება აქვს წარდგეს სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს წინაშე და საკუთარი სიმართლის დამტკიცება სცადოს. ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა. ასე რომ, ჯერ პროცესები ქვეყნის შიგნით უნდა წარიმართოს. რაც შეეხება საერთაშორისო განხილვას, ეს, ჩემი აზრით, უფრო საზოგადოებრივი აზრის საერთაშორისო სასამართლოზე მოხდება. საბოლოოდ, ეს საქმე სწორედ აქ აღმოჩნდება, თუმცა, მანამდე, ფოკუსი ქვეყნის შიგნით იქნება.

რადიო თავისუფლება: სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ გაერომ ცნო მისი სტატუსი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირისა. რას ნიშნავს ეს და აძლევს თუ არა ასეთი სტატუსი მას რაიმე უფლებებს ან ბერკეტებს?

მარკ ელისი: მე არ წამიკითხავს, თუ ზუსტად რა არგუმენტი მოიყვანა მან ამასთან დაკავშირებით. მან, მგონი, საჯაროდ განაცხადა, რომ ეს უკრაინის მთავრობის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო და ეს შესაძლებელია, მართლაც, ასე იყოს. ამ დროს შესაძლოა იმის მტკიცება, რომ, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი ინსტრუმენტები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კრძალავს ამგვარ ქმედებებს მოქალაქის მიმართ – ამ შემთვევაში, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, თუ ეს პოლიტიკურ მიზეზებზეა დაფუძნებული. თუ ეს პოლიტიკური აქტია, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ჩემი აზრით, ის სწორედ ამას ამტკიცებს და ეს მყარი პოზიციაა, რადგან საერთაშორისო კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით ძალიან ცხადია – ის, მართლაც, იცავს ინდივიდებს სახელმწიფოს მიერ პოლიტიკურად მოტივირებული მსგავსი ქმედებებისგან.

რადიო თავისუფლება: სააკაშვილმა, მეტ-ნაკლებად, ძალით შეაღწია უკრაინაში და განაცხადა, რომ მისი გაუქმებული პასპორტი უკრაინის პოლიციამ მოიპარა. იურიდიული თვალსაზრისით – იყო თუ არა ეს სწორი ნაბიჯი?

მარკ ელისი: თუ სააკაშვილი ვინმეს რჩევით მოქმედებდა, მაშინ, ალბათ, ეს ჭკვიანური რჩევა არ იყო. მე, ალბათ, ვეტყოდი – „არა, ეს არ უნდა გააკეთო“. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ, თავის დროზე, საქართველოს უარი უთხრა მის ექსტრადიციაზე, ახლა დაიწყო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება. თუ მას დააკავებენ და თუ სასამართლო დაამტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, მაშინ, ჩემი აზრით, გაცილებით იოლი გახდება მისი სადმე ექსტრადიცია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ, მე ვეჭვობ, რომ ის, კვლავინდებურად, აქცენტს აკეთებს საერთაშორისო აზრზე, რათა მეტმა გაიგოს მისი ამ პრობლემის შესახებ და გაიმეოროს, რომ ის ახლა მოქალაქეობის არმქონე პირია, რაც არა მხოლოდ არასწორია, არალეგალურიცაა და ის საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვს მის დასაცავად ხმის ამოღებას.

რადიო თავისუფლება: ზოგადად, რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს უკრაინამ, როდესაც გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა? და ითამაშებს თუ არა როლს სააკაშვილის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი?

მარკ ელისი: ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული მხარე ამ ყველაფერში პოლიტიკურად მოტივირებულობის ასპექტია. თუ არ გსურს საერთაშორისო კანონების დარღვევა, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ექსტრადიციის ნებისმიერი მოთხოვნა საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ხორციელდება, რაც, თავის მხრივ, ექსტრადიციას ხელს შეუშლიდა, თუ ეს მოთხოვნა პოლიტიკურადაა მოტივირებული. ჩემი აზრით, ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე უნდა იყოს ერთი რამ – იყო თუ არა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება – და მას ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება კანონით ჰქონდა – იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პროპორციული.

იცავს თუ არა უკრაინა ინდივიდის უფლებას, არ დარჩეს მოქალაქეობის გარეშე? უკრაინამ, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, აშკარად შექმნა ვითარება, როდესაც ინდივიდი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. კიდევ ერთხელ, საერთაშორისო კანონმდებლობა ამ გადაწყვეტილებას არ მოიწონებს, თუ ის არ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს და გონივრულობის ტესტს და სათანადო სამართალწარმოების ტესტს. მე ეჭვი მეპარება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უკრაინას რომელიმე ამ ტესტის დაკმაყოფილება შეეძლო.

რადიო თავისუფლება: იმოქმედებს თუ არა სააკაშვილის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი ექსტრადიციის პროცედურაზე?

მარკ ელისი: ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქვს უნივერსალურობის ელემენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. შესაძლებელია თუ არა მისი გადაცემა ქვეყნისთვის, რომელიც შესაძლოა, დაზარალებული იყოს მისი ქმედებებით? თუ მას გადასცემ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც ის აღარ არის, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო კანონმდებლობა ძალიან მკაცრ მოთხოვნებს აწესებს. უნდა იპოვო რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ ინდივიდი გადასცე ქვეყანას, რომლის მოქალაქეც ის აღარ არის. არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული იქნება.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ თუ არა ამ ეტაპზე რაიმე სახის პროგნოზი გააკეთოთ – როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

მარკ ელისი: ამის გაკეთება ყოველთვის რთულია, როდესაც საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებზეა ლაპარაკი და სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს და საერთაშორისო ნორმები გვერდზე გადადოს. ჩემი აზრით, თუ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო ნორმების მკაცრ პრინციპებს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მაშინ უკრაინას ბევრი აქვს გასაკეთებელი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების გასამართლებლად. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა აქ ვიმყოფებით. მტკიცების ტვირთი, ჩემი აზრით, უკრაინაზეა, რათა მან გაამართლოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება – ამ ქვეყნის კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. უკრაინამ ამ გადაწყვეტილების ლეგალურობა უნდა დაასაბუთოს. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა ამას ვერ გააკეთებს. მე ვამბობ, რომ, ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდები, უკრაინა ამას ვერ ახერხებს და მან მეტი უნდა გააკეთოს, იურიდიული კუთხით, იმის გასამართლებლად, თუ რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.

XS
SM
MD
LG